მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ქარჩავა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის მშენებლობაში - განცხადება

5e4ac4a0ab516
BM.GE
17.02.20 20:40
8614
თემურ ქარჩავა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს პორტის მშენებლობაში, - ამის შესახებ განცხადებას ქარჩავას „ანაკლია ეკო პარკი და პორტის კონსორციუმის“ წარმომადგენელი, ადვოკატი მიხეილ ბუზარიაშვილი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ღია წერილი საქართველოს ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს

2020 წლის 12 თებერვალს ინტერვიუს დროს ჟურნალისტის შეკითხვაზე ანაკლია პორტის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით „იკვეთება თუ არა ანაკლია პორტის მიმართ ბიზნესმენ თეიმურაზ ქარჩავას ინტერესი“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ: „თეიმურაზ ქარჩავას ჯგუფი იღებდა მონაწილეობას ინტერესთა გამოხატვაში, რომელიც 2014 წელს იყო გამოცხადებული, თუმცა საბოლოო წინადადება ამ ჯგუფს არ წარუდგენია და საბოლოოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გახდა გამარჯვებული”. ახალ ტენდერში მისი მონაწილების ინტერესის გამოხატვის შესახებ მას არაფერი სმენია.

ქალბატონ მაია ცქიტიშვილს ვერ დავეთანხმებით, რადგან:
1. თეიმურაზ ქარჩავას ბიზნეს ჯგუფის კონსორციუმი “ანაკლია ეკო პარკი და პორტი„ რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა, ამერიკული „Aecom”, ბრიტანული „British Power” და ჩინური “Power China” 2014 წელს გამოცხადებულ ტენდერში იღებდა მონაწილობას და წარადგინა ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია და დაფინანსების გარანტირებული წყაროები, რის საფუძველზეც პროცესის ფინალურ ეტაპზე გავიდა თიბისი კონტი ჯგუფთან ერთად. ამასთან, ფინალურ ეტაპზე საქართველოს მთავრობის მაშინდელი წევრების გიორგი კვირიკაშვილის და დიმიტრი ქუმსიშვილის ხაზარაძის კონსორციუმის მიმართ აშკარა პრეფერენციული დამოკიდებულების გამო, სატენდერო კომისიამ არ გაითვალისწინა “ანაკლია ეკო პარკი და პორტის„ სამართლიანი ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი შენიშვნები სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ამ პროექტის განვითარების და დაფინანსების წყაროების ხისტ და არაბანკირებად მოდელს. შესაბამისად, ჩვენი კონსორციუმი იძულებული გახდა თავი შეეკავებინა მონაწილეობა მიეღო სასტარტო ნიშნულშივე წარუმატებლობისათვის განწირულო BOT სახელშეკრულებო სამართალ-ურთოერთობაში.

ზემოაღნიშნული მანიპულაციების შედეგად, სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა თიბისი კონტი ჯგუფი, იგივე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელსაც არც დაფინანსების გარანტირებული წყაროები გააჩნდა და არც სტრატეგიული პარტნიორები ჰყავდა, რაც დღეისთვის დადასტურებულია.

2. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (მაშინდელი მინისტრი - ალავიძე) ანაკლიის პროექტი კვირიკაშვილის ხელისუფლების მიერ გადაეცა ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ და ამიტომ შესაძლებელია ინფრასტრუქტურის მინისტრი ქალბატონი მაია ცქიტიშვილი არ არის ინფორმირებული თუ როგორ მიმდინარეობდა ანაკლიიის პორტის ინტერესთა გამოხატვის ტენდერი ორი წლის განმავლობაში.

„ანაკლია ეკო პარკი და პორტი“-ს კონსორციუმის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტში ბატონ დავით ჯავახაძესთან და შეაფასონ კონკურენტ კონსორციუმების მიერ ტენდერის ფინალურ ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტები. ასევე, ამ დოკუმენტაციით შესაძლებლობა გექნებათ, შეაფასოთ, პროცედურულად როგორ მიმდინარეობდა „ანაკლია პორტის“ ტენდერის გამარჯვებულის გამოსავლენად და რა კრიტერიუმით მიენიჭა ხაზარაძის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გამარჯვებულის სახელი. ჩვენთვის ცნობილია აღნიშნული პროცედურების მანკიერი მხარეების შესახებ და საქმეზე ჭეშმარიტებისა და კანონიერების დადგენის მიზნით მზად ვართ ინტერესთა გამოხატულების ყველა სტადიაზე წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები მივაწოდოთ ქ-ნ მაია ცქიტიშვილს, შესაბამისი განმარტებებით.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციით ქალბატონი მინისტრი სავსებით დარწმუნდება, რომ კონსორციუმი „ანაკლია ეკო პარკი და პორტი“ სრულ მზადყოფნაში იყო „ანაკლია პორტის“ მშენებლობისა და მისი სრული დაფინანსებისთვის, ყოველგვარი სახელმწიფოს ფინანსური გარანტიების გარეშე და ამიტომაც ვითხოვთ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული ქარჩავას კომპანიის შპს „ანაკლია პორტის“ საკუთრებაში არსებულ 2100 ჰა მიწის ნაკვეთის დაბრუნებას სახელმწიფოსგან იმ პირობით, რომ ამ მიწის ნაკვეთებზე აშენდება ანაკლიის ზონისათვის მისაღები კონცეფციითა და პროექტით ღრმაწყლოვანი პორტი თავისი ინფრასტრუქტურით, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. რაც, კატეგორიულად გამორიცხავს პორტის მშენებლობას იმ ადგილზე, სადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, 8 მეტრი სიმაღლის, 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშის ზეგანი წარმოშვა და მისი შემდგომი, უპროექტო და უკონტროლო განვითარება, გარდაუვალ კატასტროფას უქადის ადგილობრივ მოსახლეობას.
აქვე აღსანიშნავია, რომ:

ზემოაღნიშნული 2100 ჰა მიწის ნაკვეთი, როგორც ხშირად ხდება საქართველოში, თეიმურაზ ქარჩავას კომპანიას ერთ ლარად არ გადასცემია, არამედ იგი შეძენილ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილების საფუძველზე და შპს „ანაკლია პორტმა“ სახელწიფოს გადაუხადა იმ პერიოდისათვის მისი სრული ღირებულება 7.5 მილიონი ლარი (კურსით 1,6 აშშ დოლართან მიმართებაში).

საოცარია საქმის შემდგომი განვითარება:
სააკაშვილის ხელისუფლებამ, თეიმურაზ ქარჩავას კომპანიას, საკუთრებაში არსებული 2100 ჰა მიწის ნაკვეთის წართმევა არ აკმარა და 2012 წელს ეს მიწის ნაკვეთები მის მიერ სახელდახელოდ შექმნილ კომპანია „ლაზიკა პორტს“ გადასცა, უფრო მეტიც, სააკაშვილის ხელისუფლებამ ქარჩავას კომპანიის „ანაკლია პორტის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში 102 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაჯარიმების მოთხოვნით ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის მოტივით (სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა 2012-2015 წლებში), უნდა აღინიშნოს, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მიუხედავად იმისა, რომ:

კვირიკაშვილი-ქუმსიშვილი სასამართლოს სხდომებზე, როგორც სააკაშვილის რეჟიმის ჩვეულებრივი სამართალმემკვიდრეები, გამოდიოდნენ და უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, დაჟინებით ითხოვდნენ თეიმურაზ ქარჩავას კომპანიის „ანაკლია პორტის“ 102 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმებას. სასამართლომ ეს მოთხოვნა უსამართლოდ ჩათვალა.

და ბოლოს მინდა მოგახსენოთ, რომ:
„ანაკლია ეკო პარკი და პორტი“-ს კონსორციუმი მის ამერიკელ, ბრიტანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად, კვლავ მზადაა მონაწილეობა მიიღოს პორტის მშენებლობაში, თუ კი:

საქართველოს მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული იქნება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ინვესტორისთვის მისაღები პირობები. ამასთან, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა: თეიმურაზ ქარჩავას მიმართ სამართლიანობის აღდგენა და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული 2100 ჰა მიწის ნაკვეთის შპს „ანაკლია პორტი“-სთვის დაბრუნება იმ პირობით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე „ანაკლია ეკო პარკი და პორტის“ კონსორციუმის ამერიკელ, ბრიტანელ და ჩინელ წევრებთან ერთად აშენდება ანაკლიის პორტი, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, სახელმწიფოსთვის ფინანსური გარანტიების მოთხოვნის გარეშე.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია:

ბატონი თეიმურაზ ქარჩავას ბიზნეს ჯგუფს, ინტერესი ანაკლიის პორტის განვითარების მიმართ გამოხატული აქვს ჯერ კიდევ 2003 წლიდან. სწორედ ამ პერიოდიდან, შპს „ანაკლია პორტი“-ს ბიზნეს ჯგუფის მიერ განხორციელებულია სოლიდური ინვესტიციები ანაკლია პორტის განვითარებისათვის და ამ პერიოდიდანვე ვამუშავებთ პორტის განვითარების კონცეფციას, რასაც ადასტურებს მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ანაკლიის პორტის დეტალური პროექტი, განხორციელებადობის კვლევა (feasibility study), ასევე სხვადასხვა სახის კვლევები. რომელთა საჯარო განხილვა, შესაძლებელია პირველივე მოთხოვნისთანავე.

პატივისცემით,
მიხეილ ბუზარიაშვილი,
ადვოკატი, „ანაკლია ეკო პარკი და პორტის კონსორციუმი“, - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები