მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობენ ადამიანები ხელოვნურ ინტელექტზე? - სემ ოლტმენის შეფასება

სემ ოლტმენი

ხელოვნური ინტელექტი ის ტრანსფორმაციული ტექნოლოგიაა, რომელზედაც ყველა საუბრობს. ამასთან, თავად ეს ტექნოლოგია საკმაოდ მაპოლარიზებელია, რადგან ადამიანები, როგორც წესი, მის მიმართ დადებითად ან უარყოფითად არიან განწყობილნი. მაშ, რას ფიქრობენ ადამიანები ხელოვნური ინტელექტის შესახებ და დამოკიდებულია თუ არა მათი შეხედულებები იმ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე, რომელშიც ესა თუ ის ადამიანი ცხოვრობს? - ამ კითხვას Bloomberg-თან საუბრისას OpenAI-ის დამფუძნებელმა, სემ ოლტმენმა უპასუხა.

ამერიკელი ანტერპრენიორის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართ დამოკიდებულებას ორი ფაქტორი განაპირობებს: ის, თუ რამდენად კარგად ერკვევა ადამიანი ტექნოლოგიაში და რამდენად ხშირად იყენებს მას.

“ის ადამიანები, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ავითარებენ და იყენებენ, აღტაცებულნი არიან, მაგრამ ამასთან, ვხედავთ შიშს, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც ტექნოლოგიას საერთოდ არ იყენებენ ან პირიქით - ხშირად იყენებენ და ფიქრობენ, თუ რა შეიძლება მოხდეს.

სხვადასხვა ადგილას, ადამიანები სხვადასხვა რისკებს ხედავენ. უკიდურეს სამხრეთში, მაგალითად, მთავარი კითხვა მყისიერ ეკონომიკურ სარგებელს უკავშირდება, ანუ როგორ შეუძლია ამ ტექნოლოგიას განათლების და ჯანდაცვის სექტორებში არსებული პრობლემების მოგვარება. პლანეტის უფრო განვითარებულ ნაწილებში კი, ადამიანები გრძელვადიანი რისკების გადაზღვევაზე ფიქრობენ, რაც ლოგიკურია”, - განაცხადა სემ ოლტმენმა Bloomberg-თან საუბრისას.

ამ ინტერვიუში, OpenAI-ის დამფუძნებელმა აკადემიური წრეებიდან წამოსულ კრიტიკასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ბევრი პროგნოზი, რომელიც მეცნიერებმა დიდ ენობრივ მოდელებთან მიმართებით გააკეთეს, მცდარი აღმოჩნდა.

“ამ ადამიანების უმეტესობა აბსოლუტურად მცდარი აღმოჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეუძლიათ ენობრივ მოდელებს. ბევრმა მათგანმა მხარე იცვალა და ამბობს, რომ ენობრივი მოდელები იმდენად საშიშია, რომ ისინი უნდა შევაჩეროთ, დანარჩენები კი მაინც ამბობენ, რომ რეალური დასწავლა არ არის. ზოგიერთმა მათგანმა, ვინც შედარებით უფრო განვითარებულია, ამბობს, რომ LLM-ები მოსალოდნელზე უკეთ მუშაობენ, მაგრამ მათი დახმარებით ხელოვნური ზოგადი ინტელექტის შექმნა - შეუძლებელია. აი, ამას ვეთანხმებით და ვფიქრობთ, რომ ამ პარადიგმაში მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ და პარალელურად, მომდევნო პარადიგმაზეც ვიფიქროთ.

ერთი, რაც მე ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს ისაა, რომ ეს მოდელები, რაღაც მომენტში, ახალი მეცნიერების აღმოჩენის საშუალებას მოგვცემენ, თანაც სწრაფად და ეფექტიანად. ჩემი აზრით, ამ რეალობაში მოხვედრის ყველაზე სწრაფი გზა ისეთ მოდელებზე გადასვლას გულისხმობს, რომლებსაც ახალი ცოდნისა და ახალი იდეების გენერაცია და ისეთი რაღაცების აღმოჩენა შეუძლიათ, რაც ამ დრომდე არ უნახავთ. ამისთვის, ახალი მიდგომა დაგვჭირდება”, - აღნიშნა სემ ოლტმენმა Bloomberg-თან ინტერვიუში.