ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გლობალური კრიპტობირჟა გამწვანებულია, რაც ციფრული აქტივების ფასების ზრდით არის განპირობებული. ბიტკოინი, მაგალითად, უკანასკნელ შვიდ დღეში ლამის 15%-ით გაძვირდა და 2022 წლის აპრილის შემდეგ დაფიქსირებულ უმაღლეს მაჩვენებელს - მონეტაზე 44,280 დოლარს მიაღწია. ბიტკოინთან ერთად, ცხადია, იზრდება ალტკოინების ღირებულებაც, რაც, საბოლოო ჯამში, ინდუსტრიის ჯამური კაპიტალიზაციის ზრდას განაპირობებს, რომელიც, ამჟამინდელი მონაცემებით ტრილიონ 590 მილიარდ დოლარს აღემატება.
ამ ყველაფრის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საკომიტეტო მოსმენა გაიმართა, რომელსაც, ერთი მხრივ, ამერიკელი სენატორები და წამყვანი ამერიკელი ბანკირები წარმოადგნენდნენ, მათ შორის იყო დევიდ სოლომონი, ჯეიმს გორმანი და რასაკვირველია, ჯეიმი დაიმონი. თუ ბანკირებსა და კანონმდებლებს შორის საუბარი ტრადიციული კონიუნქტურის გათვალისწინებით გაიმართა, იმავეს ვერ ვიტყვით ჯეიმი დაიმონზე, რომლის მიერ გაჟღერებულმა განცხადებებმა დღეს მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
საბანკო საქმესთან ერთად, მსოფლიოს უდიდესი ბანკის, ამერიკული JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა კრიპტოვალუტებზეც ისაუბრა და ისიც კი თქვა, ხელისუფლებაში რომ ვიყო, კრიპტოვალუტებს ავკრძალავდიო. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბანკირის ამ განცხადების პათოსი მოულოდნელი არ არის, რადგან ზოგადად კრიპტოვალუტებისა და კონკრეტულად ბიტკოინის წინააღმდეგ მას ამ დრომდეც გაულაშქრავს, რადგან, მისი თქმით, ამ ტექნოლოგიის ერთადერთ ჭეშმარიტ გამოყენებას ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება წარმოადგენს.
თუმცა ამ ყველაფერს, ჯეიმი დაიმონი ბიტკოინზე და სხვა კრიპტოვალუტებზე ამბობს და არა უშუალოდ ბლოკჩეინზე, ანუ ტექნოლოგიაზე, რომელიც ციფრულ ვალუტებს ზურგს უმაგრებს. მეტიც, ჯეიმი დაიმონს არაერთხელ უთქვამს, რომ ბლოკჩეინის გამოყენებით საბანკო სისტემების მოუქნელობით გამოწვეული გარკვეული პრობლემების აღმოფხვრა არის შესაძლებელი, მათ შორის, მაგალითად, საბანკო გადარიცხვებისა და საერთაშორისო გზავნილების კუთხით.
ჯეიმი დაიმონის გუშინდელი გამოსვლის ფონზე, გადავწყვიტეთ მოგიყვეთ, თუ რას ფიქრობენ ცნობილი და ავტორიტეტული ინვესტორები კრიპტოვალუტების შესახებ, მაგრამ სანამ პერსონალიებზე გადავალთ, გეტყვით, რომ ამ მხრივ, პოზიციები ძირითადად სამ ჯგუფად იყოფა: ინვესტორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი და ზოგადად კრიპტოვალუტები სასარგებლო ტექნოლოგიაა, რომელშიც ინვესტირება ღირს, მაგრამ მათ მსგავსად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ბიტკოინს დასახანად ვერ იტანენ. ამ ორი ტიპის ადამიანებს შორის მოქცეული არის ინვესტორების უფრო დიდი ფენა, რომელიც კრიპტოვალუტების მიმართ შედარებით ნეიტრალურადაა განწყობილი.
მაშ, დავიწყოთ ენთუზიასტებით, რომელთა შორის, პირველ რიგში, ARK Investment Management-ის ხელმძღვანელი, კეტი ვუდი უნდა ვახსენოთ, რადგან ის ბიტკოინის ერთ-ერთი უდიდესი ქომაგია და ელის, რომ მომდევნო ათწლეულში, კრიპტოვალუტის ფასი მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ამასთან, კეტი ვუდს არაერთხელ უთქვამს, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში დეფლაციის წინააღმდეგ ჰეჯირების მიზნით ის ბიტკოინს ირჩევს და არა ასეთ დროს გამოყენებულ ტრადიციულ ფინანსურ აქტივებს, მათ შორის ოქროს და ნაღდ ფულს, რადგან ბიტკოინს, მისი თქმით, კონტრაგენტის რისკი არ ახასიათებს და მის შექმნაში ინსტიტუტები არ მონაწილეობენ.
ბიტკონის გულმხურვალე მხარდამჭერებზე საუბრისას, კეტი ვუდთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამერიკული IT-კომპანიის, MicroStrategy-ის გენერალური დირექტორი მაიკლ სეილორიც, რომელიც ბიტკოინის მიმართ ნდობას ამტკიცებს არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. 2023 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, MicroStrategy-ი 174,530 ბიტკოინს ფლობს, რაშიც, ჯამში, კომპანიამ 5 მილიარდ 280 მილიონი დოლარი გადაიხადა, ანუ ერთი მონეტა მაიკლ სეილორს, საშუალოდ, 30,252 დოლარი დაუჯდა. მაიკლ სეილორის განცხადებით, ბიტკოინი საუკუნის საუკეთესო საინვესტიციო აქტივია და ყველა საღად მოაზროვნე კომპანიის ლიდერმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ პორტფელში ბიტკოინი დაამატოს.
ბიტკოინის ენთუზიასტებს შორის PayPal-ის თანადამფუძნებელსა და Facebook-ის ერთ-ერთ პირველ ინვესტორს პიტერ ტილსაც ვხედავთ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ ინდუსტრიაში შეაბიჯა. სწორედ მის მიერ დანიშნული პრემიის დახმარებით შექმნა 2014 წელს ვიტალიკ ბუტერინმა ეთერიუმი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს 269 მილიარდ დოლარს აღემატება. ამასთან, პიტერ ტილი საკმაოდ კანონზომიერი აღმოჩნდა მის შეხედულებებში, რადგან უკვე რამდენიმე წელია იმეორებს, რომ კრიპტოვალუტების გავრცელება, დროთა განმავლობაში, უეჭველად გამოიწვევს ქაღალდის ფულის რეჟიმის დამხობას და მოგვიანებით, ბიტკოინის ერთი მონეტის ღირებულება რამდენიმე ასეული ათასი დოლარი გახდება. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ 2022 წლის მარტში, პიტერ ტილის Founders Fund-მა მის საკუთრებაში არსებული ლამის მთლიანი კრიპტოპორტფელი გაყიდა, რითაც მილიარც 800 მილიონი დოლარის მოგება ნახა.
ბიტკოინის მთავარ მტრად პიტერ ტილი ომაჰის ორაკულად წოდებულ ლეგენდარულ ინვესტორს, უორენ ბაფეტს მიიჩნევს, რომელსაც ტილი „ომაჰელ სოციოპატ ბაბუად“ მოიხსენიებს. ამ მხრივ, პიტერ ტილი მართალია, რადგან ომაჰელი ორაკული კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა. ბაფეტის თქმით, ბიტკოინი – „კვადრატში აყვანილი ვირთხის შხამია“, ხოლო კრიპტოვალუტების ბაზარი – ადგილი, სადაც „საეჭვო პირები იმ ადამიანების გაცურებას ცდილობენ, რომლებსაც ისევე სურთ გამდიდრება, როგორც მათ მეზობლებს, რომლებმაც ისეთი რაღაცები იყიდეს, რაშიც ვერც ერთი მათგანი ვერ ერკვევა“. ამაზე გიჟური რამაც უთქვამს ლეგენდარულ უორენს, კერძოდ ის, რომ 25 დოლარსაც კი არ გადაიხდის ყველა ბიტკოინში ერთად, რადგან ეს არის აქტივი, რომელიც მოგებას არ აგენერირებს, ხოლო მისი ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, რომ ყოველი მომდევნო მყიდველი მზადაა, მის სანაცვლოდ წინამორბედზე მეტი თანხა გადაიხადოს.
ალბათ უცნაურად არ მოგეჩვენებათ თუ გეტყვით, რომ Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე და უორენ ბაფეტის მარჯვენა ხელი, აწ უკვე გარდაცვლილი, ჩარლი მანგერი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მისი დიდი ხნის მეგობრის პოზიციას იზიარებდა. თან, არამხოლოდ იზიარებდა, არამედ “ომაჰელ ორაკულზე” უფრო რადიკალურ პოზიციასაც კი იჭერდა. შარშან თებერვალში, მაგალითად, მანგერი კრიპტოვალუტების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა და ჩინეთის ხელისუფლებას კომპლიმენტიც კი გაუკეთა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამასთანავე, მანგერმა ბიტკოინი ვენერიულ დაავადებას შეადარა და თქვა, რომ ბედნიერია, ბიტკოინში ინვესტიცია რომ არ განახორციელა.
კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით საინტერესო პოზიცია აქვს Bridgewater Associates-ის დამფუძნებელ რეი დალიოს, რომელიც კრიპტოვალუტებში ხედავს როგორც შესაძლებლობას, ასევე საფრთხეს. რეი დალიოს უთქვამს, რომ ბიტკოინი ინფლაციის საწინააღმდეგოდ კარგი სადაზღვევო აქტივია, რომელიც ამ თვისებით ოქროს ჯერჯერობით ვერ ჯაბნის. თუმცა, მისი თქმით, ფულის შენახვის ერთეულად კრიპტოვალუტების გამოყენებას რამდენიმე საფრთხეც სდევს: „კრიპტოვალუტების ტრანზაქციების შემთხვევაში შესაძლებელია როგორც მათი თვალთვალი და აღრიცხვა, ასევე გაუქმება და საერთოდ, არალეგალურად გამოცხადება“, რაც ოქროს არ ახასიათებს. ამ ყველაფრის ფონზე, რეი დალიო ინვესტორებს ურჩევს, საკუთარ პორტფელებში ჰქონდეთ როგორც ოქრო, ასევე ბიტკოინი, რადგან, მისი თქმით, წლის განმავლობაში კრიპტოაქტივების ბაზარი საგრძნობლად განვითარდება.