მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები რუსეთსა და რუსეთის მოქალაქეებზე? - IRI-ს კვლევის შედეგები

ოკუპანტი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 69%. მოქალაქეები ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ საფრთხედაც რუსეთს აღიქვამენ - გამოკითხულთა 77%-მა სწორედ ეს ქვეყანა დაასახელა.

IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს რუსეთთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვეს.

ჩამოთვლილთაგან რისი უფლება უნდა ჰქონდეთ რუსეთის მოქალაქეებს? - შემოვიდნენ საქართველოში უვიზოდ (18% ემხრობა), დაარეგისტრირონ ბიზნესი (7% მომხრე), შეიძინონ ქონება (7% მომხრე).

გამოკითხულთა 73% თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. აღსანიშნავია, რომ 18-35 წლის რესპონდენტებში ეს მაჩვენებელი 83% იყო.

"ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე კარგად რომელი შეესაბამება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსების მიმართ დამოკიდებულებას?" - ესეც იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის დროს მოქალაქეებს დაუსვეს და შედეგები ასე გადანაწილდა:

42% - რუსეთის მოქალაქეები არ უნდა იქნან დაშვებულნი საქართველოში, სანამ არ დაგვიბრუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს;
23% - ჩვენ ტოლერანტულები ვართ მათ მიმართ, რადგან ისინი აუცილებელია ჩვენი ეკონომიკისთვის;
23% - გვირჩევნია, ისინი წავიდნენ;
6% - მათ ძალიან მიესალმებიან საქართველოში;
1% - სხვა;
6% - არ ვიცი;

საინტერესოა, რომ 2023 წლის მარტთან და 2022 წლის სექტემბერთან შედარებით გაზრდილია იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციამდე რუსეთის მოქალაქეები არ უნდა შემოვიდნენ საქართველოში.

როგორ ფიქრობთ, დასრულდა თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ თუ ისევ გრძელდება? - IRI-ს კვლევის ფარგლებში დასმულ ამ კითხვაზე მოქალაქეთა უმრავლესობამ - 73%-მა უპასუხა, რომ რუსული აგრესია ახლაც გრძელდება.

საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს საქართველოში? - ამ კითხვაზე მოქალაქეთა პასუხები ასე გადანაწილდა: 34% - უფრო უსაფრთხოდ; 31% - უფრო დაუცველად; 20% - ძალიან დაცულად; 12% - ძალიან დაუცველად; 3% - არ ვიცი.

მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან შემდგომ დიალოგს? - 33% - სრულად ვუჭერ მხარს, 24% - გარკვეულწილად ვუჭერ მხარს, 33% - მტკიცედ ვეწინააღმდეგები, 7% - გარკვეულწილად ვეწინააღმდეგები, 5% - არ ვიცი.

IRI-ის კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა. საველე სამუშაოები გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევაში საქართველოს 18 წელზე უფროსი 1200 მუდმივი რეზიდენტი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები