ბოლო პერიოდის განმავლობაში, კრიპტოინდუსტრია მსოფლიო ლიდერთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საპრეზიდენტო კანდიდატებით დაწყებული, უმსხვილესი ბანკებისა თუ კომპანიების ხელმძღვანელებით დამთავრებული, დღეს კრიპტოზე ყველა საუბრობს, რადგან ეს საკითხი უკვე გლობალური მნიშვნელობისაა. მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის, BlackRock-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლარი ფინკი აცხადებს, რომ ბიტკოინი ისეთი საერთაშორისო აქტივია, რომელსაც საფინანსო სექტორში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია.
„ჩვენი შეფასებით, თუკი უფრო მეტი აქტივის, ფასიანი ქაღალდის და საქონლის ტოკენიზაციას მოვახდენთ, ამით მსოფლიოში ბიტკოინის როლი უფრო მეტად გაიზრდება, რომელიც, თავის მხრივ, მომავალში საფინანსო ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენას შეძლებს“, - აცხადებს ლარი ფინკი.
BlackRock-ის ხელმძღვანელის შეფასებით, ბიტკოინი ციფრული აქტივია, რომელიც თავისი არსით პირდაპირ კონკურენციაშია ოქროსთან, თუმცა ძვირფასი მეტალისგან განსხვავებით, ბიტკოინს სახელმწიფოების საზღვრები ვერ აჩერებს და მისი ერთი ადგილიდან მეორე წერტილში გაგზავნა ფაქტობრივად მომენტალურადაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, ფინკი აღნიშნავს, რომ ბიტკოინი ტრადიციული ფულის ალტერნატივასაც წარმოადგენს, თუმცა ეროვნულ ვალუტებთან შედარებით, მისი მიწოდება შეზღუდულია, ინფლაციის რისკი კი თითქმის ნულოვანია, ამიტომაც, თავისი არსით, ბიტკოინი უფრო ციფრული ოქროა, ვიდრე დეცენტრალიზებული დოლარი.
კომპანია BlackRock-ი ლარი ფინკმა და რობერტ კაპიტომ 1988 წელს ნიუ-იორკში დააფუძნეს. ჰოლდინგი ამჟამად დაახლოებით 15 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს, რაც მას მსოფლიოში უმსხვილეს საფინანსო ორგანიზაციად აქცევს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ფინკის და BlackRock-ის დამოკიდებულება ბიტკოინის და ზოგადად კრიპტოინდუსტრიის მიმართ დრამატულად შეიცვალა. ერთ დროს სკეპტიკურად განწყობილი ჰოლდინგი კირპტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი გახდა.
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, BlackRock-მა ბიტკოინის და ეთერუმის ETF-ები გამოუშვა, რომელთა შეძენა პირდაპირ უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზეა შესაძლებელი. უფრო მეტიც, BlackRock-ის ETF-ი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფონდია, რომელიც ბირჟაზეა ხელმისაწვდომი.
ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. მაგალითად: BlackRock-ის ტექნოლოგიურ ETF-ში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებია ინტეგრირებული. ამ ETF-ის შეძენით კი ინვესტორი ფაქტობრივად მთელ ტექნოლოგიურ სექტორს ყიდულობს, ნაცვლად ერთი ან ორი კომპანიისა. კრიპტო ETF-ის შემთხვევაშიც ვითარება ანალოგიურია და ის ბიტკოინსა თუ სხვა კრიპტოაქტივებში არაპირდაპირი გზით ინვესტირების საშუალებას იძლევა. თანაც ETF-თან მიმართებით გაკოტრების, თაღლითობის ან დაჰაკვის რისკები თითქმის ნულოვანია, რადგან BlackRock-ზე უსაფრთხო ორგანიზაცია პლანეტაზე ცოტა თუ მოიძებნება. BlackRock-ის მიერ ETF-ის გამოშვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან კრიპტობირჟებისგან განსხვავებით, BlackRock-ს ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან სრული ნდობა აქვს და ის საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობს.