Google-ი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა, რომელმაც ადამიანების ცხოვრება ძირეულად შეცვალა. Google-ის გამოჩენამდე საჭირო ინფორმაციის ძიების პროცესი ურთულესი იყო და ის ხშირად ბიბლიოთეკებში საათების გატარებასთან იყო დაკავშირებული.
თავად Google-ის იდეა სტენფორდის უნივერსიტეტში, ორი სტუდენტის, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის გონებაში დაიბადა 1995 წელს. მათ წარმოადგინეს თეზისი ინტერნეტში დაფუძნებული საძიებო სისტემის შესახებ, რომელსაც ინფორმაციის სორტირება რელევანტურობის მიხედვით უნდა შესძლებოდა და წყაროებად ინტერნეტში წარმოდგენილი ვებგვერდები უნდა გამოეყენებინა.
Google-ის იდეა უნიკალური იმით იყო, რომ ის ვებგვერდების რეიტინგს არა საერთო ნახვების მიხედვით, არამედ რელევანტურობის მიხედვით ადგენდა, რაც 1995 წელს ინოვაციური მიგნება იყო.
სტუდენტური პროექტი მალევე იქცა სტარტაპად და კომპანიის დაფუძნების დროც მოვიდა. 1998 წელს ანტრეპრენიორებმა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი მართლწერის შეცდომა დაუშვეს, რაც კომპანიის სახელს უკავშირდება.
საქმე ისაა, რომ კომპანიის დამფუძნებლებს საძიებო სისტემისთვის ერთი უცნაური რიცხვის პატივსაცემი სახელის დარქმევა უნდოდათ. ეს რიცხვი იყო 1, რომელსაც 100 ნული მოჰყვებოდა და მას გუგოლი ჰქვია. ბრინმა და პეიჯმა კომპანიის რეგისტრაციისას ვერ გაიხსენეს ამ რიცხვის დაწერის ზუსტი ფორმა და მას სახელი შეცდომით დაარქვეს, ანუ კომპანიის სახელი უნდა ყოფილიყო გუგოლი და არა გუგლი.
ტაიპოიანი სახელის მიუხედავად, 25 წელიწადში გუგლი ჭეშმარიტ ტექნოლოგიურ ტიტანად იქცა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2 ტრილიონ 180 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.
ამ მაჩვენებელზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ Google-ი გლობალური საძიებო ბაზრის 92%-ს აკონტროლებს, ანუ ინტერნეტში თუ რაღაცას ეძებ, ამისათვის, სავარაუდოდ, გუგლს იყენებ. უფრო მეტიც, დროსთან ერთად, დაგუგვლა თავად ძიების სინონიმადაც კი ჩამოყალიბდა.
საძიებო სისტემის მიმართულებით Google-მა უკვე მოახდინა ერთი რევოლუცია, მეორე ტექნოლოგიური გადატრიალების მოწყობას კომპანია ამჟამად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გეგმავს, რომელიც ათწლეულის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეა.
Google-ის AI-რევოლუციის სათავეში 51 წლის სუნდარ პიჩაი დგას, რომელიც Google-ში უკვე 20 წელია მუშაობას და თითქმის 10 წელია, რაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. პიჩაის მმართველობის პერიოდში Google-ის კაპიტალიზაციამ ჯერ $1-ტრილიონიან, შემდეგ კი $2-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია. ზოგიერთი ექსპერტი მას ყველა დროის საუკეთესო დირექტორად მიიჩნევს, რაც მისი უნიკალური მიდგომით და სტრატეგიითაა განპირობებული, რომელიც ყოველთვის გრძელვადიან პერიოდზეა ორიენტირებული.
ცოტა ხნის წინ, Google-ის დირექტორმა Bloomberg Originals-ის ავტორთან და წამყვანთან, ემილი ჩენგთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ნაწყვეტს დღეს შემოგთავაზებთ:
ბოლო პერიოდის განმავლობაში Google-ის აქციების ღირებულება მკვეთრად არის გაზრდილი, უკავშირებთ თუ არა ამ წარმატებას თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და AI-სტრატეგიას, რომელიც კომპანიაში თქვენ დანერგეთ?
როდესაც 2015 წელს Google-ის ხელმძღვანელობა გადმოვიბარე, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, AI-სტრატეგიის შემუშავებას უკავშირდებოდა. თითქმის ათი წლის წინ, Google-ის გუნდში ყველასათვის ნათელი იყო, რომ კომპანიის განვითარების შემდეგ ეტაპი ხელოვნურ ინტელექტზე გადიოდა და AI-რევოლუციისთვის სათანადოდ უნდა მოვმზადებულიყავით. სწორედ ამიტომ, განვსაზღვრეთ ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის შედეგსაც ახლა უკვე საფონდო ბირჟაზე ვხედავთ. ჩემი შეფასებით, Google-ის ზრდა უბრალოდ გარდაუვალი იყო, რადგან ჩვენ სწორ დროს სწორი ინვესტიცია განვახორციელეთ, რომლის შედეგებსაც ახლა უკვე მკაფიოდ ვხედავთ.
მეტსაც ვიტყვი, ხელოვნური ინტელექტის რეალური პოტენციალი ჯერ Google-შიც კი არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული, ამიტომ მგონია, რომ AI-სგან მიღებულ შედეგებზე საუბარი ჯერაც ნაადრევია.
Google-ის სათავეში ათი წლის გატარების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი რა ისწავლეთ?
წინასწარ განსაზღვრულ სტრატეგიას და დასახულ მიზნებს ბოლომდე უნდა მიჰყვეთ. შევეცდები უფრო მარტივად აგიხსნათ, მსოფლიოში ყოველდღიურად რაღაც იცვლება და ყველა ეს ინფორმაცია თქვენამდე აღწევს, თუკი კომპანიის სტრატეგიას მიმდინარე მოვლენების მიხედვით არაერთხელ შეცვლით და მიმდინარე რეჟიმში შეეცდებით გარემოსთან ადაპტირებას, ეს სტრატეგია გარდაუვალად კრახამდე მიგიყვანთ. Google-ის მენეჯმენტის მიერ გადადგმული ყოველი სტრატეგიული ნაბიჯი მომდევნო 10 და 20 წელიწადზეა გათვლილი, სწორედ ამ მიდგომით ვახერხებთ მუდამ ინოვაციურობის ფრონტის წინა ხაზზე ყოფნას. თუკი ჩვენს გეგმებს ყოველ კვირა შევცვლით, საბოლოო ჯამში, ვერცერთ პროექტს ვერ განვახორციელებთ და ვერაფერს მივაღწევთ, ამიტომ ვიტყოდი, რომ კომპანიის ხელმძღვანელისთვის ყველაზე მთავარი ფოკუსის შენარჩუნებაა, ისევე როგორც გემის კაპიტნისთვის.
აქ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ფოკუსირება არ ნიშნავს გეგმის ჯიუტად მიყოლას, თუკი რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა ან ბაზარზე ისეთი ტექნოლოგია გამოჩნდა, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს, მაშინ სტრატეგია აუცილებლად უნდა გადაიხედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია დინოზავრების ბედს გაიზიარებს, ეს კი არავის არ გვინდა.
როგორც ვიცი, Google-ის დამფუძნებლები, სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი კომპანიის სამომავლო განვითარებაზე ისევ აქტიურად მუშაობენ. როგორია მათი ჩართულობა Google-ის ყოველდღიურ ცხოვრებაში?
სერგეის და ლარის თითქმის ყოველდღიურად ვესაუბრები, მათ Google-ის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ბოლო დროის განმავლობაში, სერგეი დღის უდიდეს ნაწილს სწორედ ოფისში ატარებს, სადაც ის ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს და კოდს წერს. მისი ფოკუსი ამჟამად სწორედ AI-ს განვითარებაზეა. ერთი უპირატესობა, რომელიც მათ ჩემთან შედარებით აქვთ, ის არის, რომ სერგეის და ლარის არ უწევთ Google-ის ყოველდღიურ საქმიანობაზე ზრუნვა, რაც მათ მომავალზე ფიქრის საშუალებას აძლევთ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამჟამად Google-ში იდეოლოგიური წინამძღოლების როლს ასრულებენ და კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიაზე ზრუნავენ.
მოდით, ხელოვნურ ინტელექტზე ვისაუბროთ, რომელიც ზოგჯერ ძალიან ზუსტი და გამოსადეგია, თუმცა ზოგჯერ იმდენად მცდარი და არასწორია, რომ შემაშფოთებლადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. როგორც უნდა ვენდოთ ხელოვნურ ინტელექტს, სად გადის ზღვარი სიმართლესა და სიცრუეს შორის და რას აკეთებს Google-ის გუნდი AI-ს ეფექტიანობის გასაზრდელად?
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას Google-ის საძიებო სისტემის ძირითადი პრინციპის ახსნით დავიწყებ, რომელიც უკვე ათწლეულებია პირველობის შენარჩუნებაში გვეხმარება. როდესაც Google-ის საძიებო სისტემას შეკითხვას უსვამთ, ის მარტივ შეკითხვაზე პირდაპირ გიბრუნებთ პასუხს, რომელიც 99% შემთხვევაში სწორია, თუმცა ამ პასუხთან ერთად, სისტემა გთავაზობთ ვებგვერდების მისამართებს, ანუ იგივე წყაროებს, რომელთაც სისტემა პასუხის მომზადების პროცესში დაეყრდნო. თუკი Google-ს არ ენდობით, ან პასუხი არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, შეგიძლიათ მოცემულ ვებგვერდებს თავად გადახედოთ და ინფორმაცია ასე გადაამოწმოთ.
ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში, მომხმარებლები პირდაპირ პასუხის მიღებას ითხოვენ, რადგან ვებგვერდების ლინკებს Google-ის საძიებო სისტემა მათ აქამდეც სთავაზობდა. მაგალითად, Gemini-სთან საუბრისას მომხმარებელს თხრობით ფორმატში უნდა პასუხის მიღება, რასაც ჩვენი AI მარტივად უზრუნველყოფს, თუმცა პასუხის ბოლოს იმ წყაროებსაც ურთავს, რომელთაც დაეყრდნო. თუკი ხელოვნურ ინტელექტს არ ენდობით, შეგიძლიათ მის მიერ მოწოდებულ წყაროებს გადახედოთ და ინფორმაცია თავად გადაამოწმოთ. თუკი Gemini-ს რაღაც შეეძლება, მას ეს უნდა უთხრათ და მომავალი შემთხვევისთვის ის ამ შეცდომას გაითვალისწინებს, რაც, საბოლოო ჯამში, უკეთესი ხელოვნური ინტელექტის შექმნაში დაგვეხმარება.
ჩემი აზრით, ვებგვერდები და მათი ლინკები მომავალშიც განაგრძობენ არსებობას, რადგან ხელოვნური ინტელექტი რაღაც ინფორმაციას აუცილებლად უნდა დაეყრდნოს, ამ ინფორმაციის წყარო კი ის მილიონობით ვებგვერდია, რომელიც ინტერნეტშია გავრცელებული.
აქვე, Google-ის ძირითად ბიზნესმოდელზეც მინდა გკითხოთ. მოგეხსენებათ, შემოსავლების უდიდეს ნაწილს თქვენი კომპანია სარეკლამო ლინკების შეთავაზებით იღებს. მაგალითად, ადამიანი თუ ველოსიპედს ეძებს, თქვენ მომხმარებელს, პირველ რიგში, იმ განცხადებებს სთავაზობთ, რომელთაც რეკლამაში ფული აქვთ გადახდილი. რა მოხდება მაშინ, როცა მომხმარებლები საძიებო სისტემიდან ხელოვნური ინტელექტის მოხმარებაზე გადაერთვებიან და ლინკების ნაცვლად, AI-ს მხრიდან პირდაპირ პასუხების მიღებას მოითხოვენ, ამ ყველაფრით საფრთხე ხომ არ შეექმნება Google-ის ბიზნესმოდელს?
მართალია, ამ ეტაპზე Gemini-ს გამოყენებისას რეკლამებს ნაკლებად ხედავთ, რადგან ის ჯერაც ექსპერიმენტის ფაზაშია, თუმცა დროსთან ერთად, მონეტიზაციის პოლიტიკა ხელოვნურ ინტელექტზეც გავრცელდება, რათა კომპანიამ არსებობა, განვითარება და უკეთესი პროდუქტების შექმნა გააგრძელოს. ჩვენი ბიზნესმოდელი მომხმარებლისთვის ინფორმაციის და არჩევანის შეთავაზებაზე დგას, ეს ორი რამ კი ადამიანის ფუნდამენტურ მოთხოვნილებად შეიძლება ჩაითვალოს, ამიტომ ამ მიმართულებით ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავთ.
როგორ აპირებთ AI-გენერირებულ კონტენტთან ბრძოლას? აი, მაგალითად, საძიებო სისტემაში უკვე ხშირად გვხვდება ისეთი ფოტოები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, ასეთი კონტენტის დაგროვება ხომ არ გამოიწვევს საძიებო სისტემის გადატვირთვას და ხომ არ აღმოჩნდებით ისეთი მოცემულობის წინაშე, რომ Google-ის საძიებო სისტემა მომხმარებლისთვის არარეალური ინფორმაციის შეთავაზებას დაიწყებს?
მომდევნო ათწლეულის განმავლობაში საძიებო სისტემისთვის მთავარი გამოწვევა რეალური და ხელოვნური კონტენტის ერთმანეთისგან გარჩევა იქნება. მალე მივაღწევთ იმ მდგომარეობას, როცა ინტერნეტში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მონაცემები უფრო მეტი იქნება, ვიდრე ადამიანს მიერ შექმნილი, ამ დროს კი Google-მა უნდა უზრუნველყოს გენერირებული კონტენტის ამოცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საძიებო სისტემის ნაცვლად, სიცრუის მანქანას მივიღებთ. თავად ამოცნობის პროცესში ჭკვიანი ალგორითმების და თავად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ვაპირებთ, რომელიც ინფორმაციის სანდოობას წყაროებზე დაყრდნობით გადაამოწმებს და თუ აღმოაჩენს, რომ ინფორმაცია არაფერს არ ეყრდნობა, მაშინ მას პასუხის მომზადების პროცესში უბრალოდ არ გაითვალისწინებს.
ზოგიერთი კომპანია უკვე იმაზე წუწუნებს, რომ ინტერნეტში არსებული ინფორმაცია ამოიწურა და ხელოვნური ინტელექტის გამოსაკვებად თავად AI-ს მიერ გენერირებული კონტენტი უნდა იქნეს გამოყენებული. ამ ყველაფერში ხომ არ ხედავთ საფრთხეს და მიგაჩნიათ თუ არა ეს მართებულ პრაქტიკად?
ეს ნამდვილად სარისკო ნაბიჯია, რომელსაც ყველა კომპანია მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მიუდგეს. ჩვენი მიზანი ჭეშმარიტად ჭკვიანი AI-ს შექმნა უნდა იყოს, რომელიც აზროვნებას და ლოგიკური დასკვნების გაკეთებას შეძლებს. თუკი ხელოვნურ ინტელექტს სხვა AI-მოდელის მიერ გენერირებული მონაცემებით გამოვკვებავთ, ამით არა ახალ ცოდნას, არამედ გადამუშავებულ ხელოვნურ ინფორმაციას მივიღებთ, რომელიც არავის არაფერში სჭირდება.
ხომ არ უახლოვდებიან ენობრივი მოდელები ერთგვარი სტაგნაციის წერტილს?
მართალია, ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა ენობრივი მოდელებით დაიწყო, თუმცა პროგრესი ამით არ დასრულდება. ვფიქრობ, რომ მალე მივაღწევთ LLM-ტექნოლოგიის განვითარების ლიმიტს, რომლის შემდეგ მთელი ყურადღება და ენერგია სხვა ტიპის მოდელებზე უნდა გადავიტანოთ, რათა ხელოვნური ინტელექტი მულტიმოდალურ ტექნოლოგიად იქცეს.
როგორი პოტენციალი აქვს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას მოწყობილობებში? როდის ვიხილავთ ჭეშმარიტად ჭკვიან სათვალეებს?
ვფიქრობ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა მობილური მოწყობილობებიდან დაიწყება, ამიტომ სმარტფონებში უკვე ვხედავთ პირველი თაობის AI-მოდელებს. შემდეგი ნაბიჯი პერსონალური კომპიუტერების და აპლიკაციების ათვისება იქნება, ამ მიმართულებითაც პროგრესი ცალსახაა. ამის შემდეგი ეტაპი ბაზარზე ჭკვიანი სათვალეების გამოჩენა იქნება, რომელთაც ისევე მარტივად გამოვიყენებთ, როგორც დღეს სმარტფონებს.
ფაქტია, რომ წლების განმავლობაში საძიებო სისტემის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით Google-ს უპირობო ლიდერობა ჰქონდა, თუმცა 2023 წელს ბაზარზე თითქმის არსაიდან გამოჩნდა OpenAI-ს მიერ შექმნილი ChatGPT, რომელმაც მსოფლიოს ხელოვნური ინტელექტი გააცნო და ამ ერთი ნაბიჯით ტექნოლოგიურ რბოლაში Microsoft-მა Google-ს გადაუსწრო. აგვიხსენით, როგორ მოხდა ეს და რატომ დაგასწროთ Microsoft-მა?
ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არსად გვეჩქარება. მოგეხსენებათ, როდესაც ინტერნეტი შეიქმნა, მაშინ Google-ის იდეაც კი არ არსებობდა. ჩვენ არ ვყოფილვართ პირველი კომპანია, რომელმაც საძიებო სისტემა შექმნა. ჩვენ ნამდვილად არ ვყოფილვართ პირველი, ვინც ელ. ფოსტა გააკეთა. არც ბრაუზერის შექმნაში ვყოფილვართ პირველები. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებითაც იმავეს თქმა შემიძლია. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად პირველობა არ არის აუცილებელი, მთავარია, საუკეთესო იყო - ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ვფიქრობ, რომ AI-ტექნოლოგია ამჟამად განვითარების ჩანასახოვან ეტაპზეა და რომელიმე კომპანიის მიერ გამარჯვების გამოცხადება უბრალოდ არასერიოზული იქნება.
როგორ უმკლავდებით კონკურენტებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომელთაც თქვენზე მეტი რესურსები აქვთ?
Google-ის წარმატების სტრატეგია თავდაუზოგავ ინოვაციაზე დგას. დაფუძნების დღიდან მოყოლებული, ჩვენ ვცდილობთ, არასოდეს ჩამოვრჩეთ ტექნოლოგიურ პროგრესს და ყოველთვის ვიყოთ მის სათავეში. ამიტომ ათასობით იდეასა თუ სტარტაპში ვდებთ ინვესტიციას, ცხადია, მათი უდიდესი ნაწილი წარუმატებელია, თუმცა ათასიდან ერთის გამართლებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ კომპანიამ წინსვლა და განვითარება შეძლოს.
რას ფიქრობთ გეოპოლიტიკურ კონკურენტებზე? ჩვენი ბოლო შეხვედრისას ახსენეთ, რომ ჩინეთი ძალიან მალე აღმოჩნდებოდა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფრონტის წინა ხაზზე, რა უნდა ვქნათ ამ საკითხთან დაკავშირებით?
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, სახელმწიფოებმა გლობალური AI-რეგულაციები შეიმუშაონ და შექმნან ერთიანი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებას. თუკი ეს რეგულაცია გლობალურ დონეზე არ იმუშავებს, მაშინ კრიმინალური დაჯგუფებები ხელოვნური ინტელექტით იმ ქვეყნებიდან ისარგებლებენ, სადაც ასეთი შეზღუდვები არ არსებობს. მართალია, ეს ყველაფერი ზედმეტად რთულად ჟღერს, თუმცა ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით მსოფლიომ მსგავს თანამშრომლობას უკვე მიაღწია და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებითაც ანალოგიურად მოგვიწევს მოქმედება. შესაძლოა, ამერიკასა და ჩინეთს მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონდეთ, თუმცა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მათ აუცილებლად მოუწევთ თანამშრომლობა.
თქვენი შეფასებით, რა არის Google-ისთვის ყველაზე დიდი საფრთხე?
Google-ის მასშტაბის კომპანიისთვის, რომელსაც მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს, ყველაზე დიდ საფრთხეს ჩამორჩენა და დაბალი დონის აღსრულება წარმოადგენს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულოს და ინოვაციურობა არ დაკარგოს. იმედი მაქვს, კაცობრიობა ისე განვითარდება, რომ ის ტექნოლოგია, რომელსაც ახლა ვქმნით, მომავალში ყველას არქაულად და სასაცილოდ მოგვეჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ Google-მა თავის მიზანს ვერ მიაღწია.