მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გეგმავს თბილისის მერია გენერალურ გეგმასთან მიმართებით?

5dfa2cf2b7235
შოთა ტყეშელაშვილი
18.12.19 17:55
1610
საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც "სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" არსებული რეგულირების შეცვლას ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებების ინიციატორი თბილისის მერიაა.

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ არსებულ კოდექსში არაერთი ხარვეზია, ხოლო ცვლილებების შედეგად მათი გამოსწორება და კანონის ორმაგი ინტერპრეტაციის თავიდან აცილება მოხდება.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ახალი გენგეგმა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა, არ იყო შესაბამისობაში სივრცითი მოწყობის კოდექსთან; გარდა ამისა, საჭირო იყო კოდექსთან მთელი რიგი არქიტექტურულ-საზედამხედველო ფუნქციების შესაბამისობაში მოყვანა.

"დღეს მერია მზად არის სანებართვო და საზედამხედველო პროცესები მართოს ისე, როგორც ამას ითვალისწინებს სივრცითი მოწყობის კოდექსი. რაც შეეხება თბილისის გენერალურ გეგმას, ამასთან დაკავშირებით ვითხოვთ ჩანაწერს კოდექსში, რომ თბილისის გენერალური გეგმა მოქმედებს იმ ვადით, რა ვადითაც არის დამტკიცებული, მაგრამ არა უმეტეს 10 წლისა", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძის თქმით, ცვლილების განხორციელების შემდეგ მერია რამდენიმე წელიწადში დაიწყებს გენგეგმის ახალ რედაქციაზე მუშაობას იმისთვის, რომ 10 წლის თავზე გარანტირებულად იყოს უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტში ისეთი ახალი დოკუმენტის დამტკიცება, რომელიც შესაბამისობაში იქნება სივრცითი მოწყობის კოდექსთან.

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, კომიტეტი მხარს დაუჭერს კანონ-პროექტს იმ დათქმით, რომ მერიამ უნდა წარმოადგინოს კომპეტენტური და სრულყოფილი კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემდგომ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული არსებული სივრცითი განვითარების კოდექსთან კონკრეტული გენერალური გეგმის შესაბამისობის ბოლომდე მოყვანა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის საკრებულომ 2019 წლის 15 მარტს დაამტკიცა.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რაც ახალი გეგმით განისაზღვრა, სამშენებლო - კ2 კოეფიციენტების გადაჭარბების ზრდის აკრძალვაა. კ2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც საზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსიობას (შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს). ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე. ამასთანავე, გენგეგმის ფარგლებში მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შეირჩა 4 ტერიტორია, (ზღვის უბნის პარკი, დიღმის ჭალები, ვაზისუბნის პარკი და დირსი ჭალის პარკი).

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც დოკუმენტში აისახა, სატყეო ზონისა და სამი ტიპის რეკრეაციული ზონის შემოღებას ეხება. გენერალურ გეგმაზე "სითი ინსტიტუტი" 2015-2019 წლებში მუშაობდა, დოკუმენტის შესაქმნელად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი იქნა გამოყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები