მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გეგმავს Tether-ი საქართველოში? - ექსკლუზიური ინტერვიუ პაოლო არდოინოსთან

ინტერვიუ პაოლო არდოინოსთან

კრიპტოგადახდების მიმართულებით წამყვანმა ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, CityPay.io-მ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტი, ანუ გამომშვები კომპანიისგან, Tether-ისგან, დამატებითი, $10 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, Tether-ისგან მოზიდული დამატებითი კაპიტალით, CityPay.io საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კერძოდ უზბეკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაფართოებას განაგრძობს.

რატომ გადაწყვიტა Tether-მა საქართველოში შემოსვლა და CityPay.io-ში და “ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში” ინვესტირება და საერთოდ, როგორ ახერხებს Tether-ი ერთ თანამშრომელზე ყველაზე მოგებიან კომპანიად ითვლებოდეს მსოფლიოში, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში $4.5 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა? ამ და სხვა თემებზე, TECH INFORM-ში Tether-ის გენერალურმა დირექტორმა და კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, პაოლო არდოინომ ისაუბრა.

პაოლო, გამარჯობა! ბოლოს დაახლოებით ათი თვის წინ ვისაუბრეთ, 2023 წლის ივლისში. იმ დროს, ინტერვიუს შესავალში ვთქვი, რომ USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 83 მილიარდი დოლარი იყო, მაგრამ ახლა, ეს მაჩვენებელია დაახლოებით 110 მილიარდი დოლარია, რაც 22%-იანი ზრდაა, რომელიც ათ თვეში დაფიქსირდა. რა ფაქტორებმა განაპირობა ეს ზრდა?

პირველ რიგში, დიდი მადლობა მორიგი ინტერვიუსთვის, ეს დიდი სიამოვნებაა. კი, ბოლო ათ თვეში მნიშვნელოვნად გავიზარდეთ და 110 მილიარდი დოლარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია. ამ ზრდას ის განაპირობებს, რომ სამყარო, სამწუხაროდ, კარგი მიმართულებით არ ვითარდება. სამყაროში ვხედავთ, როგორც გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევე გაურკვევლობას და სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება შეინიშნება. გავიხსენოთ არგენტინა, თურქეთი ან ლიბანი - ეს ამბავი ათობით თუ არა ასობით ქვეყანაში მეორდება.

ამ ქვეყნებს ის აერთიანებთ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს საბანკო სერვისებზე წვდომა არ აქვს. ისინი იმდენად ღარიბები არიან, რომ საბანკო ანგარიშიც კი არ აქვთ, რადგან ბანკებს არ აინტერესებთ ან ეშინიათ, რომ მათი ეროვნული ვალუტა სწრაფად გაუფასურდება. ბოლო ხუთ წელიწადში, არგენტინული პესო ამერიკულ დოლართან მიმართებით 98%-ით გაუფასურდა, თურქულმა ლირამ კი დოლართან მიმართებით ღირებულების 80% დაკარგა. ამ ქვეყნების მოსახლეობა ტანჯვით დაიღალა. წარმოიდგინეთ არგენტინელი, რომელიც იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობს და ძალას არ იშურებს, მაგრამ წლის ბოლოს უფრო ღარიბია, ვიდრე წლის დასაწყისში, რადგან იმპორტი დოლარში ხორციელდება.

ადამიანები ალტერნატივებს ეძებენ და მათთვის, USDT საუკეთესო ალტერნატივაა - ის ციფრული დოლარია, რომლის შენახვა და დახარჯვა სმარტფონიდან შეუძლიათ. არგენტინაში - და სხვათა შორის, თბილისშიც ასეა - USDT-ით გადახდა ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ. სამწუხაროდ, ამ კანონზომიერების ცვლილების პერსპექტივას ვერ ვხედავ. ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა და ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალური კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც წერია, რომ ბრაზილიაში, ციფრული ტრანზაქციების 80%-ზე მეტი USDT-ში ხორციელდება. Tether-ისთვის ეს უდავოდ წარმატების ისტორიაა, მაგრამ წარმატება, გარკვეულწილად, ნიშნავს იმას, რომ სამყარო უნდა შეიცვალოს და სტაბილურობას დაუბრუნდეს, რადგან ეს აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ ადამიანმა კარგად და დაცულად იცხოვროს. მთავრობისა და ეროვნული ვალუტის რწმენის გარდა, ეს შეუძლებელია.

ერთი დეტალი, რომელიც Tether-ის შესახებ უნდა აღვნიშნოთ ისაა, რომ თქვენი კომპანია ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა მთელ კრიპტოინდუსტრიაში. Tether-ი კვარტალურ და წლიურ ანგარიშგებებს აქვეყნებს, რომლებიც BDO-ს მიერ არის აუდიტირებული, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული კომპანიაა მსოფლიოში. პაოლო, მინდა გკითხოთ 2024 წლის 1-ელი კვარტალის ფინანსურ შედეგებზე - რა მოგებაზე გახვედით?

ჩვენთვის, 2024 წლის 1-ელი კვარტალი - საოცარი გამოდგა. Tether-მა 4.5 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს კომპანიაში 100-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავს, ის დასახელდა, როგორც კომპანია, რომელიც ერთ თანამშრომელზე ყველაზე დიდ მოგებას აგენერირებს მსოფლიოში. ამ შედეგით ვამაყობ, ჩვენ საოცარი გუნდი გვყავს და წარმოუდგენელი შევძელით. Tether-ი 2014 წელს, მარტივი იდეის გარშემო შეიქმნა: ავიღოთ დოლარი და ჩავაინტეგრიროთ ის პლანეტაზე არსებულ საუკეთესო ფინანსურ ტექნოლოგიაში რომელიც ხელთ გვქონდა - ბლოკჩეინში. ათი წლის შემდეგ, Tether-ი სამყაროს ცვლის - კომპანიის სერვისებს 400 მილიონი ადამიანი იყენებს, ხოლო ჩვენ საბანკო სტრუქტურის მიღმა აღმოჩენილი ადამიანების გადარჩენის საშუალებად ვითვლებით.

ახსნა იმისა, თუ როგორ ვაგენერირებთ მოგებას, მარტივია და ეს გასულ წელს მსოფლიოში შეცვლილ ვითარებას უკავშირდება. როგორც ვთქვი, ბევრი ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა და ამერიკაშიც კი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე სტაბილურ ქვეყნად არის მიჩნეული, სუვერენულ ვალზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. Tether-ი ამერიკის შეერთებული შტატების 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სახელმწიფო ბონდებს ფლობს. მოკლევადიან ჭრილში, ეს აქტივი ძალიან უსაფრთხოა, რადგან 3-თვიანი ბონდები გვაქვს. სხვა ინვესტიციების ამონაგებისა და შემოსავლის გარდა, მხოლოდ ეს აქტივი წელიწადში დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს გვაძლევს.

გასული კვარტალი საოცარი იყო, რადგან ეს შემოსავალი ისეთ კომპანიებში ინვესტირების საშუალებას გვაძლევს, რომლებიც ჩვენს ფილოსოფიასა და ხედვას ერგებიან. აქციონერებზე მაინცდამაინც დიდი დივიდენდი არ გაგვიცია, რადგან მოგების უდიდეს ნაწილს შუამავლების გაქრობის, დეცენტრალიზაციისა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ჩვენი ფილოსოფიის განვითარებას ვახმართ, როგორც ფინანსურ სექტორში, ასევე სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში და მონაცემთა მეცნიერების სექტორში. გვჯერა, რომ საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს საკუთარი საკომუნიკაციო ხელსაწყოები უნდა ჰქონდეთ, რომელთა დახმარებით საკუთარი მოქალაქეების მონაცემების დაცვას შეძლებენ. ამ ყველაფერთან ერთად, ფულს ბიოტექნოლოგიებშიც ვაბანდებთ. გვჯერა, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან კარგი იდეა გვქონდა, მაგრამ ამის გამო ჩვენნაირმა კომპანიამ სარგებელი საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სამედიცინო კვლევასა და ბიოტექნოლოგიებში ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ, რათა იმ ადამიანებს დავეხმაროთ, რომელთაც ნაკლებად გაუმართლათ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის ჩვენი სტრატეგია, რომლის ხილვა ჩვენს ვაბგვერდზე - tether.io-ზე შეგიძლიათ.

ახლახან ინვესტიციები ახსენეთ და საინტერესოა, რომ რამდენიმე გარიგება საქართველოშიც შედგა. პირველი - ჩვენი წინა ინტერვიუს დროს მიმოვიხილეთ, დაახლოებით ათი თვის წინ, როცა CityPay.io-ში ჩადეთ ინვესტიცია. ახლა კი, CityPay.io-ში კიდევ ერთი ინვესტიცია გასაჯაროვდა - საუბარია 10 მილიონ დოლარზე, რომელიც, ამ დრომდე, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ისტორიაში ყველაზე დიდი გარიგებაა. საქართველოში ინვესტიცია “ციფრული ინდუსტრიის აკადემიაშიც” განახორციელეთ. მომიყევით ამ გარიგებების დეტალები და მითხარით, თუ რა მიზნების მიღწევა გსურთ ამ ინვესტიციებით.

პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ქართულ ბაზარზე ბევრი ძალიან კარგი კომპანიაა, რითაც გაოცებული ვარ. ამასთან, ბაზარზე ბევრი კარგი დეველოპერი და თანამშრომელია, რაც საქართველოში არსებული განათლების მაღალ ხარისხზე მიუთითებს, რადგან ამდენი ადამიანი რომ აღზარდო, კარგი უნივერსიტეტები უნდა გქონდეს. ჩვენი საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში არაერთ ქართულ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ. საქართველოში წყლის ტემპერატურის მოსინჯვა გასულ წელს დავიწყეთ, როცა CityPay.io-ში პირველი ინვესტიცია განვახორციელეთ. წლევანდელი ინვესტიცია უფრო მასშტაბურია, რადგან გვჯერა, რომ CityPay.io-ს შეუძლია, საქართველოდან მთელ დსთ-ს რეგიონში გაფართოვდეს და ციფრული გადახდების ყველაზე მნიშვნელოვან მიმწოდებლად იქცეს ამ რეგიონის ქვეყნებში. გაფართოებას, ცხადია, კაპიტალი სჭირდება, რადგან აქტივები უნდა შეიძინო და ადამიანები დაიქირავო. გვჯერა, რომ CityPay.io-ს დამფუძნებლები ჩვენს ხედვას იზიარებენ - ისინი საქმეს აღასრულებენ, მაგრამ თან თავმდაბლები და ჭკვიანები არიან და შეუძლიათ, რომ კომპანია მდგრადად გაზარდონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ოპერაციებზე კონტროლი შეინარჩუნო.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - განათლებაა. გაოცებული დავრჩი იმ შედეგებით, რაც “ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ” ძალიან მოკლე დროში დააფიქსირა. აკადემიას 20,000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაც 50-ზე მეტი კურსი დაამთავრეს. ეს, ცხადია, სხვადასხვა დროს მოხდა, მაგრამ მიდგომა, რომელიც ამ კომპანიას აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომელიც ედუტექის ინდუსტრიაში შეიძლება აირჩიო. მე იტალიელი ვარ და ვნახე, თუ რა ტანჯვა გამოიარა იტალიამ პანდემიის დროს. იმ დროს, არც ერთი სკოლა არ იყო მზად ციფრული განათლებისთვის: არც ერთ ბავშვს არ ჰქონდა iPad-ი და არც ერთმა მასწავლებელმა არ იცოდა, Zoom-ი როგორ გამოეყენებინა. ყველაფერი ეს, ერთი დიდი კატასტროფა იყო. ბავშვებით დაწყებული, სტუდენტებით დამთავრებული, ერთი წლის განმავლობაში, განათლებას ვერავინ იღებდა. შეიძლება, საქართველოში უკეთესი სიტუაცია იყო, მაგრამ იტალიაში ასე იყო და იძულებულნი გავხდით, გამოცდილებით გვესწავლა, რომ განათლებიდან შუამავლების ამოღება და მისი გაუმჯობესება მასშტაბურად შეიძლება.

აი, ესაა, რაც გვინდა რომ ვაკეთოთ და ჩვენი საგანმანათლებლო ინიციატივები მხოლოდ ბლოკჩეინს არ მოიცავს. გვინდა, გამოვიყენოთ ედუტექ-პლატფორმები, რომელთა დახმარებით საუკეთესო ელექტრიკოსებს, სანტექნიკოსებს, მარკეტერებს, დეველოპრებს და ეკონომისტებს აღვზრდით - ონლაინ ყველაფრის გაკეთება შეიძლება. კაცობრიობას სურს, მარსზე გაემგზავროს, მაგრამ იქნება სჯობს უფრო მარტივ მიზნებზე ვკონცენტრირდეთ, მაგალითად, მსოფლიოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე?

უნდა ველოდოთ თუ არა Tether-ისგან საქართველოში დამატებით ინვესტიციებს?

გეგმაში რამდენიმე ინვესტიცია გვაქვს, მაგრამ მათ შესახებ ჯერ ვერაფერს ვამბობ. საქართველო ძალიან შემიყვარდა, ასე რომ ინვესტიციები მომავალშიც გაგრძელდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Tether-ი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა ციფრული აქტივების ინდუსტრიაში, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. Tether-ის მიერ გამოშვებული სტაბილური კრიპტოვალუტა, იგივე სტეიბლკოინი, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში რიგით მე-3 კრიპტოვალუტაა - ბიტკოინისა და ეთერის შემდეგ. დღეს, USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $111 მილიარდს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები