დღეს, 7 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს დაუჭირა მხარი. კერძოდ, მიღებული დოკუმენტის მიხედვით ევროკავშირი ამარტივებს უვიზოდ მოგზაურობის გაუქმებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ წევრი ქვეყნებისთვის, ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.
პლენარულ სხდომაზე ახალ მექანიზმს მხარი 518-მა წევრმა დაუჭირა, 96 წინააღმდეგი იყო, 24-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. მიღებული კანონი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კი ძალაში შევა.
ცვლილებები ჯამში 61 ქვეყანას შეეხება, რომელთა მოქალაქეებსაც ამჟამად შენგენის ზონაში 90 დღით დარჩენა შეუძლიათ (180-დღიან პერიოდში). ახალი მექანიზმი ევროკომისიას შესაძლებლობას აძლევს უსაფრთხოების საფრთხის არსებობის პირობებში ხელახლა დაუწესოს ქვეყანას სავიზო მოთხოვნა თავდაპირველად დროებით სანამ გამოძიება და დიალოგი მიმდინარეობს, შემდეგ კი უვადოდ თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება. შეჩერების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს შიდა უსაფრთხოების საკითხები, მაგალითად გაზრდილი კრიმინალური შემთხვევები ამ ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, ან ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ზრდა.
შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალი საფუძვლებია:
- ჰიბრიდული საფრთხეები (როგორიც არის მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია);
- ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ან „ოქროს პასპორტები“);
- ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა;
- გაეროს ქარტიის, საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები;
- საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა;
უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე იზრდება და შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 თვით (ნაცვლად დღეს მოქმედი 18 თვისა). ამ ეტაპზე 61 ქვეყნის მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მოგზაურობა.
ვიზალიბერალიზაციის ამ დრომდე მოქმედი მექანიზმის თანახმად, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა, მესამე ქვეყნებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული 90-დღიან ლიმიტის დარღვევების დიდი რაოდენობა ფიქსირდება ან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, უვიზო მიმოსვლას ბოროტად იყენებენ. ამ დრომდე ევროკავშირს ვიზალიბერალიზაცია შეჩერებული აქვს მხოლოდ ვანუატუსთვის.




























