მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას გულისხმობს მოლაპარაკებების "პირველი კლასტერი", რომელიც EU-მ უკრაინისა და მოლდოვასთვის გახსნა?

eu

ევროკავშირმა, უკრაინამ და მოლდოვამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს - 15 ივნისს ე.წ. "ფუნდამენტური საკითხების" კლასტერზე მოლაპარაკებები გახსნეს.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდის თანახმად, ეს კლასტერი იმ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს მოიცავს, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. მასში შედის ევროკავშირის კანონმდებლობა, რომელიც კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმასა და ეკონომიკურ კრიტერიუმებს ეხება.

"დღევანდელი ისტორიული ეტაპი კვიპროსის თავმჯდომარეობის გამორჩეული მოვლენაა და მკაფიო გზავნილს აგზავნის: უკრაინისა და მისი მოქალაქეების მომავალი მტკიცედ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. დღევანდელი გაწევრიანების კონფერენცია ასევე ხაზს უსვამს უკრაინის ურყევ ერთგულებას ევროინტეგრაციის მიმართ და აღიარებს უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ეს უკრაინელი ხალხის მედეგობის დასტურია.

დღევანდელი მიღწევა [ასევე] ასახავს მოლდოვის მიზანდასახულობას, ერთგულებასა და რეფორმებისკენ მიმართულ ხელშესახებ ძალისხმევას. ჩვენ გვაიმედებს მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და მოუთმენლად ველით მოლდოვის შემდგომ მხარდაჭერას, რათა მან ევროპულ გზაზე წინსვლა განაგრძოს. ეს კიდევ უფრო დააახლოებს მას ევროკავშირის წევრობის მიზანთან და იმ შესაძლებლობებთან, რომლებსაც იგი თავისი მოქალაქეებისთვის შექმნის.

გაფართოება კვიპროსის თავმჯდომარეობის მთავარი პრიორიტეტი იყო და დღეს, გაფართოებისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, ჩვენ ეს პრიორიტეტი შევასრულე", - განაცხადა მარილინა რაუნამ, კვიპროსის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

პირველი კლასტერი - "ფუნდამენტური საკითხები" - ევროკავშირის კანონმდებლობიდან შემდეგ განსახილველ თავებს მოიცავს:

  • თავი 23 – მართლმსაჯულება და ფუნდამენტური უფლებები
  • თავი 24 – მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება
  • თავი 5 – საჯარო შესყიდვები
  • თავი 18 – სტატისტიკა
  • თავი 32 – ფინანსური კონტროლი

ევროკავშირმა შუალედური კრიტერიუმები დააწესა როგორც კლასტერის ჰორიზონტალური დონისთვის, ისე კანონის უზენაესობის თავებისთვის (23 და 24). ეს ნიშნავს, რომ ამ კრიტერიუმების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა აუცილებელია მანამ, სანამ მოლაპარაკებების პროცესი დასკვნით ფაზაში გადავა, რაც თავის დროებით დახურვას გულისხმობს.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა კრიტერიუმები სხვა თავების - საჯარო შესყიდვების, სტატისტიკისა და ფინანსური კონტროლის (5, 18 და 32) - დროებით დახურვისთვის.

გაწევრიანების პროცესში "ფუნდამენტური საკითხების" კლასტერზე მოლაპარაკებები პირველი იხსნება და ბოლო იხურება. ამ კლასტერის ფარგლებში მიღწეული პროგრესი მოლაპარაკებების საერთო ტემპს განსაზღვრავს.

"გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირის კანონმდებლობასთან (EU acquis) და შესაბამის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და მათი იმპლემენტაციის პროგრესის მონიტორინგი მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში გაგრძელდება", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ცნობისთვის, 2020 წელს გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებული მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ, მოლაპარაკებების თავები 6 თემატურ კლასტერად იყოფა:

  • ფუნდამენტური საკითხები
  • შიდა ბაზარი
  • კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა
  • მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები
  • რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა
  • საგარეო ურთიერთობები

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა. საბოლოოდ, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად 2023 წლის 14 დეკემბერს მიენიჭა.

მას შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა, რის შესახებაც ცნობილი 2025 წლის გაფართოების ანგარიშიდან გახდა.

რაც შეეხება უკრაინას, მასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას დიდი ხნის განმავლობაში ბლოკავდა ვიქტორ ორბანის ყოფილი უნგრული მთავრობა, რომელმაც აპრილის არჩევნებში ძალაუფლება დაკარგა.

12 ივნისს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ელჩებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ოფიციალურად გახსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები