BMGTV-ის ტელეგადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი” თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელმა/დირექტორმა და იმავდროულად, გლობალური ჯანმრთელობის ევრაზიის რეგიონალური აკადემიური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი შაქარიშვილმა გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის, როგორც დისციპლინის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოთა შორის შეთანხმებებზე.
მისი თქმით, დღეს გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატია, როგორც საერთოდ დიპლომატია თავისი არსით წარმოადგენს პოლიტიკურ პროცესს და ისტორიულად ის ყოველთვის განიხილებოდა საერთაშორისო პოლიტიკის მეორე ეშელონში, თუმცა დღეს ეს სურათი რადიკალურად შეცვლილია და საერთაშორისო პოლიტიკურ სამიტებზე, იქნება ეს დიდი შვიდეული, დიდი ოცეული, გაეროს სპეციალური სხდომები, დავოსის თუ სხვა საერთაშორისო პლატფორმების თუ თავყრილობების დღის წესრიგში, სულ უფრო ფართოვდება გლობალური ჯანმრთელობის საკითხების ჩამონათვალი. თუმცა არის რიგი გამოწვევები, რომლის გადასაჭრელად მსოფლიოს ქვეყნები ვერ თანხმდებიან.
“დღეს მაგალითად მსოფლიოში მიმდინარეობს დაძაბული დიპლომატიური პროცესი, ეს არის ე.წ. "პანდემიური შეთანხმების" მომზადება, მაგრამ მომზადების პროცესში თავი იჩინა პრობლემებმა, რომელთა გადაჭრაც დიპლომატიური ხერხებით შეუძლებელი აღმოჩნდა და ეს მოლაპარაკებები შესაბამისად 4 წელია მიმდინარეობს.
დღეს ორი პრობლემაა ხაზგასასმელი - პირველი პრობლემა ეს არის ე.წ. თანაბრიანობის პრობლემა, როდესაც იწყება პანდემია, საჭირო ხდება სადიაგნოსტიკო ან პრევენციული საშუალებების შექმნა, იმისთვის რომ მწარმოებელმა შეძლოს პროდუქციის მომზადება, მას წვდომა უნდა ჰქონდეს პათოგენზე და ადამიანის გენეტიკურ მასალაზე, რომელიც დაინფიცირებულია ამ პათოგენით, ეს ადამიანები, როგორც წესი არიან განვითარებად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, საიდანაც ხშირად იწყება ეპიდემიური აფეთქებები, მაგრამ მწარმოებლები არიან გლობალურ ჩრდილოეთ დასავლეთში, ამიტომ აფრიკის და აზიის დაბალშემოსავლიან ქვეყნებს აქვთ პრეტენზია, თუკი თქვენ უნდა გამოიყენოთ ჩვენ მიერ მოწოდებული პათოგენი, რათა შეიქმნას პრევენციული საშუალებები, მაშინ ჩვენ წვდომა უნდა გვქონდეს ახალ პროდუქციაზე რომელსაც თქვენ ქმნით. ასეთია განვითარებადი ქვეყნების პოზიცია.
კოვიდ 19-ის დროს აღმოჩნდა, რომ როდესაც შეიქმნა ვაქცინები და რეაგენტები, პირველ რიგში წვდომა ახალ პროდუქტზე ჰქონდათ მდიდარ ქვეყნებს, რომლებმაც მაღალი ფასის გადახდა მოახერხეს, მაშინ როცა ჯანმრთელობის სტატუსის მიხედვით დაბალ შემოსავლიან ქვეყნებს უფრო სჭირდებოდათ ვაქცინა და მათ ამის გამო ლოდინი მოუწიათ. შესაბამისად ეს ქვეყნები მოითხოვენ შეთანხმებაში თანაბრიანობის პრინციპი ერთ-ერთ პუნქტად შევიდეს.
მეორე დაბრკოლება ეს უფრო სავაჭრო ეკონომიკური დაბრკოლებაა, როცა რიგი ქვეყნები ითხოვენ პანდემიური აფეთქების შემთხვევაში თავად დაიწყონ ვაქცინების და რეაგენტების წარმოება, რომლებიც პანდემიასთან საბრძოლველად არის აუცილებელი, ნაცვლად იმისა, საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ და თავის რიგს ელოდონ. როგორც ეს კოვიდის შემთხვევაში მოხდა.
ამ ორი პუნქტის გადალახვა ჯერჯერობით დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით ვერ ხერხდება და შესაბამისად მსოფლიო ვერ შეთანხმდა ასეთ აუცილებელ პირობაზე." აღნიშნა "ჯანდაცვის სტანდარტში" გიორგი შაქარიშვილმა