24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. BMGTV-ის ტელეგადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტი” სწორედ ტუბერკულოზის, როგორც ერთ-ერთი მომაკვდინებელი ინფექციური დაავადების თემას მიეძღვნა.
ტუბერკულოზი, ქრონიკული ინფექციური დაავადებაა,რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. ტუბერკულოზის გამომწვევი - ტუბერკულოზის მიკობაქტერია(იგივე კოხის ჩხირი)უხშირესად ფილტვებს აზიანებს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს და დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა.ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფილტვის ტუბერკულოზი.შედარებით იშვიათია ფილტვგარე (ცენტრალური ნერვული სისტემის, ძვლების, სახსრების, ლიმფური კვანძების და სხვა)ტუბერკულოზი.და დიახ, დღესაც - ტუბერკულოზი გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოში ტუბერკულოზით ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ავადდება და 1.5 მლნ ადამიანი კვდება.
დღეს ტუბერკულოზი კონტროლირებადი დაავადებაა და ის იკურნება, მაგრამ, დაავადებასთან დაკავშირებით კითხვები ბევრია, ამიტომ “ჯანდაცვის სტანდარტში” მოვიწვიეთ, გიორგი კუჭუხიძე ჩვენი დიასპორის წარმომადგენელი,რომელიც მოღვაწეობს “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) ევროპის რეგიონულ ბიუროში და მუშაობს ტუბერკულოზის საკითხებზე ევროპის რეგიონში.
გიორგი კუჭუხიძემ გადაცემაში ისაუბრა გლობალურ გამოწვევებზე და იმ სამიზნე მაჩვენებლებზე, რასაც 2030 წლისთვის მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა მიაღწიონ.
“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 11 მლნ-მდე ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით, აქედან 1 მლნ 250 000 არის ბავშვი 0-დან 14 წლამდე. რაც შეეხება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონს და მათ შორის საქართველოს, ამ რეგიონზე მოდის მხოლოდ 2%. თუმცა ჩვენი რეგიონის მთავარი გამოწვევაა მულტირეზისტენტული, ანუ წამალგამძლე ტუბერკულოზია, სტატისტიკურად ახალი შემთხვევების 24%-ს ჩვენს რეგიონში აქვს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი.
კორონავირუსის დაწყებიდან, რამდენიმე წელი, სიკვდილიანობით ინფექციურ დაავადებებს შორის კოვიდი იყო პირველ ადგილზე, თუმცა ბოლო ორი წელია ტუბერკულოზმა კვლავ გაუსწრო კოვიდს და დაუბრუნდა ისევ პირველ ადგილს, როგორც მომაკვდინებელი დაავადება.
"ჯანდაცვის სტანდარტის" კითხვაზე, როგორია მსოფლიოს სამიზნეები 2030 წლისთვის და ამ მიმართულებით მუშაობის დინამიკა, გიორგი კუჭუხიძე ამბობს, რომ სამიზნეებთან მსოფლიო ჯერ კიდევ შორის არის.
"სამიზნეები რაც გვაქვს, სამწუხაროდ, ამჟამინდელი პროგრესით 2030 წელს მიღწეული ვერ იქნება, შესაბამისად გაცილებით მეტია პროგრესის ასაჩქარებლად გასაკეთებელი, რომ შევძლოთ 2030 და 2035 წლის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას", - აღნიშნა გიორგი კუჭუხიძე, გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი”