მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს ურბანული სამსახურის ფასიანი სერვისები და პერსონალური ასისტენტის მომსახურება?

64649c26cd97f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.23 13:25
879
თბილისის მერია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიანი სერვისების შემოღებას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის კი პერსონალური ასისტენტის მომსახურების ამოქმედებულა იგეგმება. საკითხი დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა დააანონსა.

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან ფასიანი სერვისების ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თემაზე მუშაობა გარკვეულ დროს მოითხოვს.

„ორი კომპონენტია: ერთი - ურბანული და ტრანსპორტის მიმართულებით დაჩქარებული სერვისების შემოღება, რაც იმას ნიშნავს, რომ სტანდარტულისგან განსხვავებით, მოქალაქეები უფრო მოკლე ვადაში ფასიანი მომსახურების მიღებას შეძლებენ, როგორც ეს არქიტექტურის სამსახურს აქვს. 2017-2018 წლებში ურბანულ განცხადებებზე რეაგირება საკმაოდ ჭირდა, ბევრი მოთხოვნა შემოდიოდა და სამსახური ვერ აუდიოდა, ძალიან ბევრი ვადაგადაცილებული განცხადება იყო დაგროვებული. დროთა განმავლობაში ეს პრობლემა აღმოიფხვრა და უფრო მეტიც, მერმა მიიღო გადაწყვეტილება და დაგვავალა შემოვიღოთ დაჩქარებული, ფასიანი ურბანული სერვისები. უფასო სტანდარტულ ვადაში მომსახურება დარჩება, მაგრამ მივცემთ შესაძლებლობას ვისაც ეჩქარება საფასურის სანაცვლოდ ურბანული სამსახური უფრო სწრაფად მოემსახუროს.

მეორე მიმართულება პერსონალური ასისტენტის მომსახურებას გულისხმობს, ბიზნეს სექტორისთვის ეს მეტად საინტერესო იქნება. ხშირად ბიზნეს სექტორს დამატებითი კონსულტაციები, ახსნა-განმარტებები და დაკვალიანება სჭირდება, რის გამოც ისინი წვალობენ ქოლცენტრში და მიმღებში. ამიტომ გვინდა შემოვიღოთ პერსონალური ასისტენტის ფასიანი მომსახურება, რომელიც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საკონსულტაციო ხასიათის მომსახურებას გაუწევს, მათ მერიისგან სხვადასხვა სერვისების მიღებას გაუმარტივებს“, - განმარტა ხმალაძემ და დასძინა, რომ ამ მომსახურების ფასებზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც მოხდება ელექტრონული პროგრამული მიმართულებით მუშაობა, საკადრო რესურსის მომზადება და ნორმატიულ კანონმდებლობაში ცვლილებები შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები