4 მილიარდ 400 მილიონი ლარის საპენსიო დანაზოგებიდან 841 მილიონი ლარი ამჟამად გლობალურ ფასიან ქაღალდებში დევს. საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, გლობალურ აქციებში მთლიანი დანაზოგების 19%-ია განთავსებული. საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში დაბანდებული თანხიდან ამჟამად ყველაზე მეტი - 41.5% ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან საფონდო ინდექს S&P 500-შია ჩადებული, რომელიც სეთ კომპანიებს მოიცავს, როგორებიცაა Microsoft, Google, Amazon, NVIDIA და სხვა. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკულ ინდექსს - მასში გლობალური აქციების წილის მხოლოდ 8.3% არის ინვესტირებული, რაც 70 მილიონ ლარს შეადგენს.
"საქმის კურსის" ეთერში სტუმრობისას, საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო კომპანიებში ჩადებული ინვესტიციები გრძელვადიანია, თუმცა რისკების შემთხვევაში, სააგენტო თანხებს გადაათამაშებს.
"ჩვენ დაახლოებით 9000-მდე კომპანიის აქცია გვაქვს შეძენილი და ეს გაკეთებული გვაქვს დაახლოებით 6 სხვადასხვა საინვესტიციო ფონდით. გლობალურად, რაც კი მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიაა, ნებისმიერ რეგიონში: აშშ, ლათინური ამერიკა, განვითარებული ევროპა, განვითარებული აზია და გლობალური განვითარებადი ეკონომიკები, ყველგან შესულები ვართ. ეს საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიღებულია სტრატეგიულად გრძელვადიანი ხედვით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ დავინახეთ, არ მოგვწონს პოზიციის მოგებიანობა, იმისგან არ გამოვალთ, მაგრამ დამოკიდებულება არის გრძელვადიანი ინვესტირიება", - განაცხადა გოგა მელიქიძემ.
კითხვაზე, რას იგებს მოქალაქე მის მიერ დაგროვებული პენსიის საერთაშორისო კომპანიების აქციებში ინვესტირებით, გოგა მელიქიძემ განაცხადა:
"აქციებში მონაწილის ინვესტირება გრძელვადიან პერიოდში უფრო მეტ მოგებიანობას ნიშნავს, ვიდრე იქნება ინფლაცია. ჩვენი საინვესტიციო მიზანი არის, რომ ყოველ ერთ ლარს მსყიდველუნარიანობა შევუნარჩუნოთ და გავუზარდოთ. ამას ემხარება აქციებში ინვესტირება. კომპანიები ყველაზე კარგად ერგებიან ინფლაციურ ფონსაც და ყველაზე კარგად ერგებიან სხვადასხვა ეკონომიკურ ციკლს. შესაბამისად, კომპანიების აქციებში ინვესტირება არის ყველაზე კარგი მზღევევლი, განსაკუთრებით,ინფლაციური ფონის გრძელვადიან პერიოდში", - აღნიშნა გოგა მელიქიძემ.