მეორე სიმძლავრის აუქციონი ენერგეტიკაში - კერძო სექტორს 13 თებერვლამდე აქვს დრო, ეკონომიკის სამინისტროს განაცხადებით მიმართოს. მეორე სიმძლავრის აუქციონის პროექტების ჯამური სიმძლავრე 800 მეგავატია. მათ შორისაა მარეგულირებელი ჰიდროსადგურების პროექტებიც. კერძოდ, მეორე სიმძლავრის აუქციონზე გამოტანილია 300 მეგავატის სიმძლავრის მარეგულირებელი ჰესები, 125-125 მგვტ-ია ქარისა და მზის ელექტროსადგურები პროექტები, მათ შორის 70 მეგავატი ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) და ამდენივე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები ასევე (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით).
სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების სიმძლავრე - 10 მგვტ-ია. CFD სქემაში ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით პროექტები სიახლეა. აღნიშნულის გათვალისწინება კერძო სექტორმა ეკონომიკის სამინისტროს გასული წლის ნოემბერში სთხოვა.
Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა, „მზის ენერგიის ასოციაციის“ დირექტორმა თორნიკე დარჯანიამ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განმარტა, რატომ არის საჭირო, ენერგიის შემნახველი მოწყობილობები.
„ეს დამაგროვებელი ძირითადად საჭიროა, მაშინ როცა მაღალი დატვირთვაა და სისტემას გენერაცია უჭირს, ამ დროს დამაგროვებლიდან მოხმარების დაბალანსება მოხდება.
ასევე მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ დამაგროვებლის ტიპი ვინც აუქციონში შევა აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ელექტროსისტემასთან, რადგან მათ უნდა მოგვცენ ამაზე ნებართვა. ინიციატივა სახეზეა და ბიზნესის მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია. ამასთან, თუ აუქციონში შევდივართ 2 მეგავატი სიმძლავრის სადგურით, დამაგროვებლის სიმძლავრე უნდა იყოს ასევე მინიმუმ 2 მეგავატი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამ სიახლის გამო, ტარიფი კადრებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს ჩვეულებრივი სადგურის შემთხვევაში. დაახლოებით ერთი იმდენი ჯდება დამაგროვებელი, რაც პირობითად სადგური ჯდება, ის სადგურის ღირებულებას თითქმის აორმაგებს. თუმცა სისტემისთვის და ჩვენი ელექტრომომარაგებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.