Helios Energy Georgia-ს დამფუძნებლის მოლოდინით, ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD სქემის მეორე აუქციონში მზის ელექტროსადგურებთან მიმართებაში საშუალო მედიანური ტარიფი 5.5 ცენტის ფარგლებში დაფიქსირდება.
როგორც თორნიკე დარჯანიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, შედარებით დაბალი ტარიფი რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის იმ გარემოებით, რომ ბოლო პერიოდში მზის პანელები გაიაფდა.
რაც შეეხება CFD სქემის ახალ კომპონენტს, მზის სადგურებს ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით, დარჯანიას თქმით, აუცილებელია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამისი განაცხადები დეტალურად შეისწავლოს და მხოლოდ შემდეგ გამოავლინოს გამარჯვებულები.
“ჩემი ვარაუდით, მზის ელექტროსადგურების მედიანური ტარიფი 5.5 ცენტის ფარგლებში იქნება. ეს იმითაა განპირობებული, რომ მზის პანელები საგრძნობლად გაიაფდა და ამან ინვესტორებს შესაძლებლობა მისცა, რომ აუქციონში დაბალი ტარიფებით შესულიყვნენ. ტარიფის კლება კონკურენციითაცაა განპირობებული, რადგან მზის სადგურების მიმართულებით კონკურენცია საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება CFD სქემის ახალ კომპონენტს, მზის სადგურების დამაგროვებლებს, ეს ჩვენი ენერგოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამიტომაცაა შემოთავაზებული სქემის ფარგლებში. თუმცა აუცილებელია, რომ ენერგიის შემნახველ მოწყობილობებთან მიმართებაში ყველა წინადადება ტექნიკურად კარგად გადამოწმდეს, რამდენადაა მისი განხორციელება რეალისტური. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია საკმაოდ დაბალი ტარიფებითაა შესული და ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება არ იყოს ტექნიკურად დასაბუთებული”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.
ცნობისთვის, ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD სქემის მეორე აუქციონი 16 თებერვალს დასრულდა და მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მეგავატს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში შესული განაცხადების სიმძლავრე გამოცხადებულს 1077 მგვტ-ით აღემატება.