ევროკომისიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-12 პაკეტი ოფიციალურად წარადგინა და ახლა ის EU-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან საბოლოო დასტურის მიღების მოლოდინშია.
სანქციების ახალი პაკეტი რუსეთიდან ბრილიანტისა და ძვირფასი თვლების ექსპორტის შეზღუდვას ისახავს მიზნად. მოგეხსენებათ, რუსეთი ბრილიანტის უმსხვილესი მწარმოებელია და ძვირფასი თვლების რეალიზაციით ქვეყანა ყოველწლიურად 4 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებს.
გარდა ამისა, სანქციების ახალი პაკეტი რუსული ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებას და საფასო ლიმიტის აღსრულების მექანიზმის იმპლემენტაციას ისახავს მიზნად. მარტივად რომ ვთქვათ, ევროპელი კანონმდებლები აცნობიერებენ, რომ რუსულ ნავთობზე დაწესებული 60-დოლარიანი ლიმიტი უბრალოდ არ მუშაობს და ამ მიმართულებით რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ამჟამად ბრიუსელში მსჯელობენ, რუსეთიდან თხევადი გაზის (LPG) იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება. სავარაუდოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა მარტივი იქნება, რადგან რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტი უკვე შეზღუდულია, თხევადი გაზი კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის რესურსს არ წარმოადგენს.
ევროკომისიის განმარტებით, სანქციების მე-12 პაკეტის მთავარი მიზანი უკვე არსებულ სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და აღსრულების ახალი მექანიზმების დანერგვა იქნება, რაც აწ უკვე არსებული სანქციების ეფექტიანობის ზრდას გამოიწვევს.