ავტოინდუსტრიის გიგანტებმა, ჩინურმა Geely Holding Group-მა და ფრანგულმა Renault Group-მა სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს. საუბარია Renault-ს ბრაზილიური ფრთის, Renault do Brasil-ის 26.4%-იანი წილის Geely-სთვის გადაცემაზე. გარიგების ფარგლებში, ჩინური ავტომწარმოებელი ბრაზილიაში, პარენაში მდებარე ინდუსტრიულ კომპლექსზე წვდომას მიიღებს. შესაბამისად, ერთსა და იმავე ქარხანაში Renault-ს პარალელურად, Geely-ს ავტომობილების წარმოებაც დაიწყება.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც Renault-ი Geely-ს შეთავაზებას დათანხმდა, ჩინური ავტომწარმოებლის ტექნოლოგიაზე წვდომის მიღებაა. კონკრეტულად, საუბარია იმ არქიტექტურაზე, რომლითაც Geely ნულოვანი ან დაბალი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებს ქმნის.
შესაბამისად, Geely ბრაზილიაში წარმოების დაწყებას შეძლებს, სანაცვლოდ კი ფრანგულ კონკურენტს მოთხოვნადი ავტომობილის აგების ფორმულას გაუზიარებს. Renault do Brasil ბრაზილიაში Geely-ს ელექტრომობილების, მათ შორის Geely EX5-ის შექმნაზე იზრუნებს.
დადებული გარიგება ჩინურ და ფრანგულ კომპანიებს სამხრეთ-ამერიკულ ბაზარზე პოზიციების გამყარებაში და გაყიდვების ზრდაში დაეხმარება.




























