ხელოვნური ინტელექტის ამერიკულმა გიგანტმა, OpenAI-მ Oracle-თან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, OpenAI დატა ცენტრების მშენებელი უმსხვილესი კომპანიისგან $300 მილიარდის გამოთვლით ინფრასტრუქტურას შეიძენს. აღსანიშნავია, რომ ორ მხარეს შორის გაფორმებული მსხვილი გარიგება OpenAI-ს მასშტაბური პროექტის, Stargate-ის ფარგლებში განხორციელდება.
კონტრაქტი ძალაში 2027 წლიდან შევა და მის თანახმად, Oracle-ი 4.5 გიგავატის სიმძლავრის დატა ცენტრებს ექსკლუზიურად OpenAI-სთვის ააშენებს. შედარებისთვის, ამ მოცულობის ელექტროენერგიით 10 მილიონი სახლის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი.
ანალიტიკოსების მიიჩნევენ, რომ ორ მსხვილ კომპანიას შორის დადებულ შეთანხმებას თან სერიოზული რისკები ახლავს. მართალია, Oracle-ისთვის მსგავსი მასშტაბის გარიგება ეკონომიკურად სასარგებლო იქნებოდა, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად შეუძლია OpenAI-ს აღებული პასუხისმგებლობის შესრულება. საქმე ის არის, რომ ამჟამად ტექ-გიგანტის შემოსავლები ხარჯებს საგრძნობლად ჩამორჩება. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება საკითხი, თუ როგორ უნდა მოახერხოს OpenAI-მ დასახელებული უზარმაზარი თანხის გადახდა.




























