ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-13 პაკეტის დაწესების თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და ის ძალაში 24 თებერვალს, ომის მეორე წლისთავზე შევა.
სანქციების მე-13 პაკეტი 200 კომპანიისა და პიროვნების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესებას მოიცავს. სიაში მოხვდნენ როგორც კრემლთან დაკავშირებული პირები, ასევე ის კომპანიები და ინდივიდები, რომლებიც ხელს უწყობენ ომის გაგრძელებას და რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქციის, მათ შორის, იარაღისა და დრონების მიწოდებას.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, განსაკუთრებით საჩქარო იმ კომპანიების სანქცირებაა, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ორმაგი დანიშნულების საგნების მოპოვებაში ეხმარებიან.
ევროკავშირის ქვეყნები ასევე კრძალავენ იმ დაზგა-დანადგარების ნაწილების ექსპორტს, რომელსაც რუსეთი იარაღის და სამხედრო ტექნიკის დასამზადებლად იყენებს. ახალი პაკეტის თანახმად, კომპანიებს მოუწევთ თავიანთ კონტრაქტებში დაამატონ შეზღუდვები, რომლებიც რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტს შეზღუდავს.
ევროკომისიის განმარტებით, სანქციების მე-13 პაკეტის მთავარი მიზანი უკვე არსებულ სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და აღსრულების ახალი მექანიზმების დანერგვა იქნება, რაც აწ უკვე არსებული სანქციების ეფექტიანობის ზრდას გამოიწვევს.