ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევას, გაყიდვას და თანხის უკრაინისთვის გადაცემის ინიციატივას აქტიურად განიხილავენ.
Politico-ს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტი ნეიტრალურად განწყობილი სახელმწიფოებისათვის გამონაკლისის წესს ითვალისწინებს და მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ თავიანთ ტერიტორიაზე ჩამორთმეული აქტივებიდან მიღებული თანხა უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოუყონ და არა იარაღის შესაძენად.
როგორც ევროპელი დიპლომატები ამბობენ, ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი სახელმწიფო უკვე თანხმდება ამ ინიციატივაზე და შესაძლოა, მან ოფიციალური სახე მალე მიიღოს.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შინაარსის კანონი, ცოტა ხნის წინ, აშშ-ში მიიღეს, რომლის თანახმად, პრეზიდენტს უფლებამოსილება ეძლევა, განახორციელოს გაყინული აქტივების კონფისკაციის პროცედურა და შემდგომ თანხები სპეციალურ ფონდებში გადარიცხოს, როგორებიცაა: კომპენსაციის ფონდი და უკრაინის მხარდაჭერის ფონდი.
ამჟამინდელი მონაცემებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გაყინული რუსული აქტივების მოცულობა 300 მილიარდ დოლარს აღწევს, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეზერვებზე მოდის.