რას მოიცავს „სხვა გადასახადები“? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, როცა 2025 წლის პირველი კვარტალის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან გაირკვა, რომ „სხვა გადასახადების“ გეგმა 261%-ით შესრულდა ანუ ფინანსთა სამინისტრო ელოდა, რომ საანგარიშო პერიოდში 130 მლნ ლარი შევიდოდა სახელმწიფო ბიუჯეტში „სხვა გადასახადების“ სახით, მაგრამ თითქმის 340 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
იმ ფონზე, როდესაც პირველ კვარტალში, ჯამურად საგადასახადო შემოსავლებმა გეგმას გადააჭარბა (102%), მაგრამ რამდენიმე ძირითადი გადასახადის, კერძოდ, დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შესრულდა, "სხვა გადასახადების“ გეგმის 261%-იანი შესრულება „თვალში მოხვდა“ კომპანია "სტემსქეილის" მთავარ აღმასრულებელ ოფიცერსაც.
მიხეილ კუკავამ „წერტილთან“ ინტერვიუში“, ასევე, განმარტა რას მოიცავს „სხვა გადასახადები“.
- საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის თანახმად, „სხვა გადასახადებში“ მოიაზრება: გადასახადები მეწარმე სუბიექტებიდან, ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადები, ჯარიმები საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევის გამო, მათ შორის ჯარიმა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის, ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის, ჯარიმა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესის დარღვევისათვის, ჯარიმა საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებაზე, რეალიზაციასა და აღურიცხაობაზე, ჯარიმა დღგ-ისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაზე, სხვა არაკლასიფიცირებული ჯარიმები საგადასახადო სამართალდარღვევის გამო, საურავი და ასევე გადასახადები არამეწარმე სუბიექტებიდან ან რომელთა კლასიფიცირება შეუძლებელია; თუმცა უდიდესი ნაწილი კომპონენტების მიხედვით, არის ჯარიმები და საურავები და ნიშანდობლივია, რომ სწორედ, წელს, სამი თვის მდგომარეობით, ასეთი გადაჭარბებით შესრულდა სხვა გადასახადები. წინა წლებს თუ გადავხედავთ, ყოფილა შემთხვევები, როცა „სხვა გადასახადების“ გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, მაგრამ ასეთი მაღალი მაჩვენებლით შედარებით ნაკლებად“...
- თქვენი აზრით, შესაძლოა, „სხვა გადასახადების“ გეგმის 261%-იანი შესრულება უკავშირდებოდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და სხვადასხვა ანტიდემოკრატიული კანონიდან გამომდინარე შემოღებულ/გაზრდილ ჯარიმებს?
- არა, ანტიდემოკრატიული კანონიდან გამომდინარე შემოღებულ/გაზრდილ ჯარიმები მანდ ვერ იქნება. მთელი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს „სხვა გადასახადების“ ჩაშლა ანუ არ ვიცით, რა წილია „სხვა გადასახადების“ სახით ბიუჯეტში შესულ 340 მილიონ ლარში ზედმეტად გადახდილი გადასახადები, არამეწარმე სუბიექტების მხრიდან გადახდილი გადასახადები, ჯარიმები და ა.შ. მაგრამ სრულიად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „სხვა გადასახადების“ კომპონენტებში (არა ამ მუხლით შემოსულობაში) 90%-ზე მეტი სწორედ ჯარიმებია.
- რამდენად დამაჯერებელია ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განმარტება „სხვა გადასახადების“ გეგმის 261%-იან შესრულებაზე? - გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ კომპანიების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი თავდაპირველად ხვდება "სხვა გადასახადებში" და შემდეგ, მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში....
- საერთაშორისო საბიუჯეტო კლასიფიკაციის (GFS) მიხედვით,"სხვა გადასახადებში" არა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი არამედ სხვა ნებისმიერი გადასახადიც შეიძლება მოხვდეს. არსებითი საკითხი ისაა, რომ „სხვა გადასახადები“ (1160) განკუთვნილია იმ გადასახადებისთვის, რომელთა სწრაფად იდენტიფიცირებაც რთულია - განსხვავებულად არის სტრუქტურირებული და ნამდვილად სცდება GFS-ის მკაფიოდ განსაზღვრულ კლასიფიკაციებს ანუ საერთაშორისოდ შეთანხმებულ სტატისტიკურ სტანდარტებს. ეს არის ნარჩენი კატეგორია, რომელიც, როგორც წესი, მცირეა თანამედროვე საგადასახადო სისტემების უმეტესობაში.

BMG შეეცადა, მოეძიებინა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რამდენი იყო "სხვა გადასახადების" სახით, I კვარტალში, ბიუჯეტში მისაღები თანხის მოცულობა და როგორ სრულდებოდა გეგმა, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების 2019-2024 წლების კვარტალურ ანგარიშებში, მხოლოდ 2022 და 2024 წლებშია მითითებული რამდენი იყო გეგმა და როგორი იყო შესრულება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს „სხვა გადასახადების“ პირველი კვარტალის გეგმა იყო ₾497 მლნ, რომელიც 45.2%-ით შესრულდა და ბიუჯეტში ₾224,4 მლნ მობილიზდა; 2024 წელს კი, ₾316 მლნ-ის ნაცვლად ბიუჯეტში ₾699,2 მლნ შევიდა ანუ შარშანაც გეგმა 200%-ზე მეტად შესრულდა. 2019-2020 წლებში „სხვა გადასახადებიდან“ შემოსავალი 100 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, ხოლო გეგმა კი, საერთოდ არ იყო გაწერილი. 2023 წელი კი, ბოლო ხუთ წელიწადში ერთადერთი იყო, როცა „სხვა გადასახადების“ მუხლი უარყოფითი რიცხვი იყო მითითებული. „სხვა გადასახადების“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა -33 693.6 ათასი ლარი" - ეწერა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.
"წერტილთან“ ინტერვიუში მიხეილ კუკავამ პირველ კვარტალში რამდენიმე გადასახადის გეგმის ვერ შესრულების მიზეზებზეც ისაუბრა და წამყვანის კითხვის პასუხად თქვა, რომ „პოლიტიკური კრიზისი ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს ნამდვილად ეტყობა“.
„არაერთი გადასახადების ნაწილში გვაქვს საპროგნოზო მაჩვენებლების გეგმის ვერშესრულება. თუ წინა წლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ სამი თვის მდგომარეობით მსგავსი სიტუაცია არ გვქონდა. 2023 წელს გადაჭარბებით შესრულდა აქციზის და სხვა გადასახადების გეგმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსთა სამინისტრო კონსერვატიულად გეგმავს ბიუჯეტს და ამის ფონზე, კიდევ უფრო დასაფიქრებელია, რომ გვაქვს გეგმის ვერშესრულების ფაქტები“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.




























