მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბსურდია, რომ შემოსავლების სამსახური კომპანიებს წინასწარ სთხოვს გადასახადების გადახდას - გიორგი კაკაურიძე

კაკაურიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აბსურდს უწოდებს ინფორმაციას, რომ შემოსავლების სამსახური კომპანიებს წინასწარ სთხოვს გადასახადების გადახდას.

პირველ კვარტალში გადასახადების სახით ბიუჯეტმა 5.4 მლრდ ლარი მიიღო, რაც საპროგნოზო მოცულობას 2.3%-ით აჭარბებს. ჯამურად შესრულების მიუხედავად, გეგმასთან მიმართებით ჩამორჩენა დაფიქსირდა რიგი მიმართულებით კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ამის საპირისპიროდ კი, საკმაოდ დიდი, 161.2%-იანი გადაჭარბებით შესრულდა "სხვა გადასახადების" კატეგორია. საკითხის შეფასებისას "ანალიტიკას" ეთერში Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა განაცხადა, რომ „არის პრაქტიკაში შემთხვევები, როცა მსხვილ ბიზნესს შემოსავლების სამსახური უკავშირდება და თხოვნით მიმართავს, რომ თუ არის საშუალება წინასწარ გადაიხადოს გადასახადი, რადგან ბიუჯეტში თანხის მობილიზების პრობლემაა". მან სწორედ ეს დაასახელა "სხვა გადასახადების" გადაჭარბებით შესრულების შესაძლო მიზეზად.

როგორც გიორგი კაკაურიძე ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში განმარტავს, თავდაპირველად "სხვა გადასახადების" კატეგორიაში ხვდება საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი თანხა, რაც მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში.

"აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს შემოსავლების სამსახური კომპანიებს სთხოვს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია, მსგავსი რამ ვერ მოხდება. რაც „სხვა გადასახადების“ შესრულებაზე შეიძლება ითქვას ისაა, რომ ხელფასთან ერთად, რა თქმა უნდა, კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც თავდაპირველად ხვდება "სხვა გადასახადებში" და ეს უკვე მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში, რაც ყველა კომპანიამ კარგად იცის. ამიტომ, არ მგონია მსგავსი განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციის გარდა სხვა რაიმეს ემსახურებოდეს",- განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებით არის შესრულებული.

"ნებისმიერი მცდელობა წარმოაჩინონ თითქოს ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუებაა",- განაცხადა კაკაურიძემ.

მან ასევე განმარტა, რატომ ვერ შესრულდა პირველ კვარტალში აქციზის გადასახადის გეგმა და თქვა, რომ ვინაიდან წელს თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა ძალაში, ვერ მოხდა იმ რაოდენობის თამბაქოს იმპორტი, რაც გასული წლების პირველ კვარტალში. ამასთან, კომპანიებს ჰქონდათ გარკვეული მარაგები.

"შესაბამისად, ეს დანაკლისი აქციზში, რაც გვაქვს უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტალებში იქნება სრულად აღმოფხვრილი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები