"ქართული ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აქციზის გადასახადის გეგმასთან ჩამორჩენის მიზეზად თამბაქოსთან დაკავშირებულ რეგულაციებს ასახელებს.
პირველ კვარტალში გადასახადების სახით ბიუჯეტმა 5.4 მლრდ ლარი მიიღო, რაც საპროგნოზო მოცულობას 2.3%-ით აჭარბებს. ჯამურად შესრულების მიუხედავად, გეგმასთან მიმართებით ჩამორჩენა დაფიქსირდა რიგი მიმართულებით კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ხაზინის მონაცემებით, აქედან ყველაზე დიდი 12.4%-იანი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია. bm.ge-მ საკითზე დეტალური კითხვებით ფინანსთა სამინისტროს უკვე მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში გიორგი კაკაურიძე განმარტავს, თამბაქოს რეგულაციებმა მისი იმპორტი შეამცირა, რასაც ისიც დაემატა, რომ კომპანიებს გარკვეული მარაგები ჰქონდათ. მინისტრის მოადგილის თქმითვე, ეს დანაკლისი მომდევნო პერიოდში აღმოიფხვრება.
"ზოგადად, გადასახადებში რაზეც დანაკლისი გვაქვს ერთადერთი რეალურად ეს არის აქციზი, ამასაც თავისი ახსნა აქვს: ვინაიდან თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა წელს ძალაში, ვერ მოხდა იმ რაოდენობის თამბაქოს შემოტანა იმპორტზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა ხოლმე პირველ კვარტალში. ამასთან, მარაგები იყო გარკვეულწილად კომპანიების მიერ და შესაბამისად, ეს დანაკლისი აქციზში რაც გვაქვს, უკვე მომდევნო თვეებსა და კვარტლებში იქნება სრულად აღმოფხვრილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებითაა შესრულებული",- ამბობს კაკაურიძე.
ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით თქვა, აბსურდია განცხადება, რომ პენსიებისა და ხელფასების დარიგებას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება.
„ბოლო პერიოდში ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, ჯერ იანვარში დღგ-ის გადასახადის ნაკლები შემოსვლის გამო აიგო მითი, თითქოს ეკონომიკა „ჩამოიქცეოდა“, თუმცა ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში, დღგ შესრულდა. ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. ასევე, უკვე გამოქვეყნდა, როგორც სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზები და ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შენარჩუნებულია მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა გაცილებით უფრო ნაკლებად იზრდება წელსაც და მომდევნო წლებშიც, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული. რაც შეეხება გადასახადების შესრულებას - მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ნახა, რომ გადასახადები გადაჭარბებით არის შესრულებული და უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე დაგეგმილი იყო, გარკვეული სახეების მიხედვით არსებულ ჩამორჩენებზე, კიდევ ერთხელ, აიგო მითი, რომ ჩამოიქცეოდა ჩვენი ბიუჯეტი და ვერ მოვახერხებდით პენსიების დაფინანსებას, რაც შეიძლება ითქვას სასაცილოა. იმპორტის გადასახადში 3 მლნ დაგვაკლდა, მაშინ, როცა პენსიებში 300 მლნ-ზე მეტს, ანუ ასჯერ მეტს ვიხდით ყოველთვიურად და რა თქმა უნდა, სასაცილოა 3 მილიონის გეგმასთან შედარებით დაკლება, იძლეოდეს იმის თქმის საფუძველს, რომ პენსიები და ხელფასები ვეღარ დარიგდება, რაც აბსურდია“,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.