ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტარიფების ახალი პაკეტი დააანონსა. როგორც მან განაცხადა, სატვირთოების იმპორტზე 25%-იანი, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯზე 50%-იანი, ავეჯის გადასაკრავებზე 30%-იანი, ხოლო ბრენდირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე 100%-იანი ტარიფები დაწესდება. გადაწყვეტილება ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმპორტზე დამატებითი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ იმ ქვეყნებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტებს ამერიკაშიც აწარმოებენ. შეღავათები შეეხებათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც უკვე აშენებენ ან ემზადებიან საწარმო ობიექტების გახსნისთვის.
ტრამპის გადაწყვეტილების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ დამატებითი ტარიფების დაწესებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამარტო ინფლაციის ზრდა, არამედ ავეჯისა და წამლების ფასების ზრდაც. თავად წამლების ფასების ზრდა კი ჯანდაცვის სექტორზე უარყოფითად იმოქმედებს. ამერიკული ჰოსპიტლების ასოციაციამ და სადაზღვევო კომპანიებმა უკვე განაცხადეს, რომ ტარიფების დაწესებამ წამლების ფასების მკვეთრი ზრდა შეიძლება განაპირობოს.




























