ქართული სტარტაპის, Phubber-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი საქართველოში ინოვაციური სტარტაპების განვითარების ხელშესაწყობად დაანონსებულ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.
გიორგი ჩუგოშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკა“-ს ეთერში ის გეგმა შეაფასა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ინოვაციური სტარტაპის სტატუსი განისაზღვრება და მათ 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო და მოგების გადასახადები გაუნულდებათ. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საგადასახადო შეღავათები მეტ ადამიანს მისცემს სტარტაპ ეკოსისტემაში ჩართვის მოტივაციას, ვინაიდან სტარტაპს საწყის ეტაპზე მეტი რესურსი სჭირდება, მათ შორის, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებისთვის.
„პირველად მოხდა, რომ ინოვაციური კომპანიები საკანონმდებლო და სამთავრობო დონეზე გამოიკვეთა, როგორც სტრატეგიული მიმართულება. ეს ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიციები თუ საერთაშორისო ბაზარზე მიღწეული წარმატებები ფასდება და ჩვენს საქმიანობას ერქმევა სახელი. ძალიან კარგია, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შემოდის.
რაც შეეხება შეღავათებს, მცირე რესურსით ამბიციური ადამიანები ეჭიდებიან დიდ იდეას. სტარტაპერების ძირითადი რესურსი ადამიანური კაპიტალია: პროგრამისტები, დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ. სტარტაპერები ძირითადად უცნობ წყალში ცურავენ, რაღაც ახალს იგონებენ, უცნობ გარემოში ყველა თეთრს დიდი მნიშვნელობა, ამიტომ მგონია, რომ ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში ეს იქნება ბიძგი, რომ ახალი ადამიანები ჩაერთონ და ძალები სცადონ, რადგან ეს სტარტაპის საწყის ინვესტიციას გააიაფებს“,- ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.
Phubber-ის მიერ გადახდილ გადასახადებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, ჩუგოშვილი ამბობს, რომ მცირე თანხა არაა, თუმცა სტარტაპმა სახელმწიფოსგანაც დიდი დახმარება მიიღო.
„ჩვენ ვართ GITA-ს გრანტების გამარჯვებული, რა თქმა უნდა, ის გრანტები და ბევრად მეტიც, გადასახადების სახით უკვე დავაბრუნეთ ბიუჯეტში, მაგრამ რომ არ ყოფილიყო მხარდაჭერა, აქამდე ვერ მოვიდოდით”,- ამბობს ჩუგოშვილი.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ასევე დამატებით განისაზღვრება მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით. ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე.