გასული კვირის ბოლოს, საქართველომ აშშ-დან კიდევ ერთი გზავნილი მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატები გადახედავს საქართველოსთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს - ამის შესახებ ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. ამავე განცხადების თანახმად, აშშ-მა დააწესა სანქციების რეჟიმი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და "რუსული კანონის" მიღებასთან დაკავშირებით.
როგორც ყოფილი საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით სიხარულიძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესება იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკური პროცესები ქართველი ერის უდიდესი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს და სახელმწიფოს მხრიდან ამ ნების ძალადობით შეცვლის მცდელობას აქვს ადგილი.
მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში გატარებული პოლიტიკა განსაკუთრებით მეგობრულობით განწყობით ამერიკული ინვესტიციებისადმი არ გამოირჩეოდა და შესაბამისად, ბოლო პერიოდში რთულია საქართველოში წამოსული მსხვილი ინვესტიციების დასახელებაც.
„საქართველოს ხელისუფლების ბოლო პერიოდში გატარებული პოლიტიკა არ გამოირჩეოდა განსაკუთრებით მეგობრული განწყობით ამერიკული ინვესტიციებისადმი, ამიტომ ბოლო პერიოდში რთულია დავასახელოთ საქართველოში წამოსული მსხვილი ინვესტიციები.
გვქონდა ვითარება, როდესაც საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც სახელმწიფო ხაზით ხორციელდებოდა, რომელიც არასოდეს შეწყვეტილა და კრიტიკულ სიტუაციებში გადამწყვეტი როლი ჰქონდა, ეს დახმარება ზოგჯერ იმის საწინააღმდეგოდ იყო ხოლმე გამოყენებული, რისთვისაც რეალურად იყო გამოყოფილი. განსაკუთრებით მძიმეა ამ ვითარებაში საუბარი რუსული აგრესიული წინააღმდეგ დახმარება, რომელსაც ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები უნდა მოემზადებინა.
სანქციის დაწესება დამოკიდებულია იმაზე, აღწევს თუ არა ის პოლიტიკურ ამოცანას. მინდა გითხრათ, რომ ძირითადი საფუძველი ამ სანქციების არის ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური პროცესები ქართველი ერის უდიდესი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს და ამ ნების ძალადობით შეცვლის მცდელობას აქვს ადგილი.
ჩემი აზრით, ეს კანონი ყველაზე ძალიან მძიმედ აისახება, რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინტერესები შესწიროს. ყველაზე მძიმე იქნება იმ ბიზნესებისთვის, რომელთა ბიზნესები დასავლეთთან კავშირსა და ინოვაციებზეა დაფუძნებული“,- აცხადებს ყოფილი ელჩი.
მისი ცნობით, ქვეყნის პოლიტიკური იმიჯი და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მისი მომხიბვლელობის მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა აქვს.
„ჩვენი ეკონომიკის პერსპექტივა მტკიცედ არის დაკავშირებული დასავლურ ბაზრებთან ურთიერთობაზე. ის პარტნიორებიც კი, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის მიმართ ინტერესს იჩენენ და არ არიან დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, იმათთვისაც მიმზიდველი ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ინტეგრირებული ევროპასთან, გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა“,- აღნიშნავს სიხარულიძე.