„თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება“, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
“ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ [რუსული] კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ”, - ამბობს მილერი “ამერიკის ხმასთან” საუბარში და დასძენს, რომ აშშ-ის აშფოთებს ის, რომ საქართველოში მმართველი გუნდი იღებს "კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს".
მეთიუ მილერის განცხადებით, სერიოზულად შეშფოთებული არაა მხოლოდ შეერთებული შტატები და ევროპული საზოგადოების წევრები, არამედ უპირველესად, ქართველი ხალხი. "ამას დაინახავთ, თუ შეხედავთ საქართველოს ქუჩებში ოპოზიციის, პროტესტის ნაკადს.... ყოველ ეჭვგარეშე, თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, - უთხრა მილერმა „ამერიკის ხმას“ 23 მაისს.
შეგახსენებთ, აშშ-მა სავიზო სანქციები გამოაცხადა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელთა და მათი ოჯახების წინააღმდეგ. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შტატები გადახედავს საქართველოსთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.