საქართველოს პრეზიდენტმა და ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს. ისინი ითხოვენ, როგორც ახალი არჩევნების ჩატარებას, ისე საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
მსოფლიოს ისტორიაში არაერთი ისეთი არჩევნები ჩატარებულა, რომელმაც საზოგადოების, ოპოზიციისა და დამკვირვებლების პროტესტი გამოიწვია, თუმცა ყოფილა ისეთი მწვავე შემთხვევებიც, როდესაც არჩევნების გაყალბების საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება ჩატარებულა და დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოებს არჩევნები გაყალბებულად გამოუცხადებიათ, მთავრობა კი - არალეგიტიმურად.
ევროკავშირის, გაეროს, ამერიკისა და სხვა მხარეების მხრიდან არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას სხვადასხვა ტიპის შედეგი მოჰყვება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო გამოძიების დასკვნას სანქციები, დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტა, პროტესტი, მთავრობის საერთაშორისოდ არაღიარება, განმეორებითი არჩევნები და სამთავრობო ცვლილებები მოჰყოლია. ყველაზე დრამატულ შემთხვევაში, ასეთ დასკვნას ქვეყანაში რევოლუციაც კი გამოუწვევია.
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე ასეთ მაგალითს და მოვყვებით, თუ რა შედეგები მოჰყოლია საერთაშორისო გამოძიებას და არჩევნების არაღიარებას:
1. მწვავე პროტესტი და სანქციები – ბელარუსი, 2020 წელი
საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას, როგორც წესი, ქვეყანაში მწვავე პროტესტი, ბოიკოტი, გაფიცვები და არეულობა მოჰყვება. ამის კლასიკური მაგალითი ბელორუსია, სადაც ალექსანდრე ლუკაშენკო უკვე მრავალი წელია არჩევნებში იმ შედეგს იწერს, რაც გაუხარდება, რასაც საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების უხეშ გაყალბებად მიიჩნევს.
მაგალითად, 2020 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გამოძიება ჩაატარეს, რომლის თანახმად, არჩევნები იმდენად იყო გაყალბებული, რომ ის ქვეყანაში არსებულ რეალობას არ ასახავდა. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკამ, ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრმა სახელმწიფოებმა ლუკაშენკოს, მისი გუნდის წევრებს, მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს პერსონალური სანქციები დაუწესეს. გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობა არალეგიტიმურად იქნა აღიარებული და ლუკაშენკოს ბრალად დაედო ძალაუფლების მიტაცება, რამაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა და შიდა არეულობა გამოიწვია. საერთაშორისო საზოგადოებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ჯარის, პოლიციისა და სპეცრაზმის დახმარებით, ლუკაშენკომ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო, ოპოზიციის ლიდერებს კი ქვეყნის დატოვება ან ციხეში წასვლა მოუწიათ.
2. ანულირება და განმეორებითი არჩევნები - კენია, 2017 წელი
კენიის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არაერთი მიზეზით აღმოჩნდა, მათ შორის იმის გამო, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა მანიპულაციისა და გაყალბების უპრეცედენტო მეთოდები გამოიყენა, რასაც ქვეყანაში საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო, რომლითაც დაასკვნა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, რასაც კენიაში ეროვნული გამოძიების დაწყება მოჰყვა.
საბოლოო ჯამში, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია და ის ანულირებულად გამოაცხადა, რაც აფრიკის ისტორიაში ასეთი პირველი შემთხვევა იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში განმეორებითი არჩევნები ჩატარდა, რომელიც პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააყალბა და გამარჯვება ხელახლა მიიწერა. ამ მოვლენების შემდეგ, ოპოზიციამ სრული ბოიკოტი გამოაცხადა და მთავრობის მიერ ორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
3. არჩევნების საერთაშორისო კომისიის მიერ ჩატარება - კოსოვო, 1999 წელი
როდესაც არჩევნების სამართლიანობა და დემოკრატიულობა ეჭვქვეშ დგება, ზოგიერთი ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, ჩაატარონ არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ უშუალოდ აიღონ პასუხისმგებლობა არჩევნების პროცესის მართვაზე და შედეგების დათვლაზე. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა კოსოვოში 1999 წელს, როდესაც ქვეყანამ საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას სთხოვა არჩევნების ორგანიზება და ჩატარება.
OSCE-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, კოსოვოს არჩევნები წარმატებით ჩატარდა და ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა. აღნიშნულმა ნაბიჯმა ხელი შეუწყო კოსოვოს პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარებას და მის საერთაშორისო აღიარებას. ამ შემთხვევაში ის მოცემულობა უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ კოსოვოს არ ჰყავდა სტაბილური მთავრობა და ქვეყანა დაშლის ზღვარზე იყო, ამიტომ ეს შემთხვევა სტანდარტულ პრეცედენტად არ უნდა იქნეს განხილული.
4. რევოლუცია და სამთავრობო ცვლილება - უკრაინა, 2004 წელი
უკრაინის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაყალბებულად იქნა მიჩნეული, რასაც ქვეყანაში მწვავე პროტესტი და „ნარინჯისფერი რევოლუცია“ მოჰყვა. ამ შემთხვევაში, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების პროტესტი იმდენად მწვავე იყო, რომ ქვეყანაში პირველადი შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება გახდა აუცილებელი, რომელშიც ვიქტორ იუშჩენკომ გაიმარჯვა, ანუ ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა. უკრაინის 2004 წლის არჩევნები ის იშვიათი შემთხვევაა, როცა არჩევნების გაყალბებას და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების არაღიარებას ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა, თუმცა ასეთი შემთხვევა ნამდვილად იშვიათია, რადგან, როგორც წესი, ავტორიტარი მმართველები ლუკაშენკოს გზას ირჩევენ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად სამხედრო ძალას იყენებენ.
დასკვნა
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოძიება არჩევნების ლეგიტიმურობაზე და მთავრობის აღიარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გაყალბებასთან დაკავშირებით დასკვნამ, შესაძლოა, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს და მთავრობა საერთაშორისო სანქციების წინაშე დააყენოს. ისტორიაში თითქმის არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, მთავრობას არჩევნები გაეყალბებინოს და ამის შემდეგ ქვეყანას დემოკრატიის მიმართულებით პროგრესი განეცადოს. როგორც წესი, არჩევნების გაყალბებას ავტოკრატიული მმართველობის გაძლიერება და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება მოჰყვება, რადგან არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან დასავლური სახელმწიფოები არ თანამშრომლობენ და მას სრულ იზოლაციაში ამყოფებენ.
უფრო უკიდურეს შემთხვევებში, საერთაშორისო არაღიარებას ქვეყანაში არჩევნების ანულირება ან სამთავრობო ცვლილება მოჰყვება, რაც, უმეტესწილად, მოსახლეობის აქტიურობასა და სამოქალაქო პროტესტის სიძლიერეზეა დამოკიდებული.