2024 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით გამორჩეული საარჩევნო წელია, რადგან მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და რეგიონი ხმის მიცემის პროცესშია ჩართული. საერთო ჯამში, წელს პლანეტის მოსახლეობის ნახევარს უწევს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, რაც 2024 წელს, ამ მიმართულებით, რეკორდულ წლად აქცევს. უახლოეს მომავალში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი კამალა ჰარისი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან.
ამავე დროს, აშშ-ში იგეგმება კონგრესის და სენატის მანდატების განახლება, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, საპრეზიდენტო რბოლაში აშკარა ლიდერი ჯერაც არ გამოკვეთილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებით კონკურენტული და დაძაბული იქნება. დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამ ვიცით - ამერიკას აუცილებლად ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რადგან მოქმედმა ლიდერმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი ნებით მიიღო 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ამერიკის არჩევნებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ბედ-იღბალი; ახლო აღმოსავლეთში ვითარების შეცვლის საკითხი, ამერიკა-ჩინეთი გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების საკითხი და რაც მთავარია, NATO-ს გაფართოების სტრატეგია, რომელიც, ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შესაძლოა, ძირეულად შეიცვალოს. აქვე, ტრამპი იმასაც ამბობს, რომ ის რუსეთ-უკრაინის ომს მყისიერად დაასრულებს და პუტინს სამხედრო აგრესიას აუკრძალავს, რაც მილიარდერი პოლიტიკოსის ყველაზე ამბიციურ წინასაარჩევნო დაპირებად შეიძლება ჩაითვალოს.
ამერიკის პარალელურად, ევროპაშიც საარჩევნო ციკლი აქტიურია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში ადგილობრივი და რეგიონული არჩევნები ჩატარდა და ორივე შემთხვევაში უდიდესი სამთავრობო ცვლილებები ვიხილეთ. წელს უმნიშვნელოვანესი იყო ევროპის პარლამენტის არჩევნები, რომელიც ზაფხულში გაიმართა და მოიცავდა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას. ამ არჩევნების შედეგად, ევროპარლამენტში 720 დეპუტატი აირჩიეს, რომელთა წყალობით, გაძლიერდნენ მემარჯვენე პოპულისტური პარტიები, ხოლო ცენტრისტული და მემარცხენე პოლიტიკური ძალები შედარებით შესუსტდნენ.
2024 წელს ადგილობრივი და ეროვნული არჩევნები ასევე გაიმართა პორტუგალიაში, ხორვატიაში, ბელგიაში და ლიტვაში. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში რუმინეთში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
აზიის კონტექსტში, ინდოეთის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ასევე ძალზე მნიშვნელოვანი იყო, სადაც მონაწილეობა ასობით მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო. ეს არჩევნები ინდოეთის ეკონომიკის და გლობალური პოლიტიკის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ინდოეთი ერთ-ერთ უმთავრეს გეოპოლიტიკურ მოთამაშედ იქცა, პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ კი კიდევ ერთხელ შეინარჩუნა ძალაუფლება. გარდა ამისა, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები ინდონეზიაშიც ჩატარდა, რომელიც ასევე მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.
წელს ახალი მთავრობა ჰყავს იაპონიასაც, რომლის პრემიერ-მინისტრობა შიგერუ იშიბამ გადაიბარა.
მიმდინარე წლის განმავლობაში ამომრჩეველთა ჩართულობა, განსაკუთრებით აქტიური იყო ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა: ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ბოლივია, ეკვადორი და ნიგერია.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ახალი გენერალური მდივანი აირჩიეს NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმაც. მოგეხსენებათ, სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელობა მარკ რუტემ გადაიბარა.
საერთო ჯამში, წელს არჩევნები პლანეტაზე წარმოდგენილი ქვეყნების მესამედშია დაგეგმილი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი პოლიტიკური ძალების გადალაგებით და სამთავრობო ცვლილებებით დასრულდა, განსაკუთრებით დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა.