მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღება და რა პასუხისმგებლობას მოიცავს?

eu-geo

14 დეკემბერს ევროკავშირმა ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ანუ დასტური იმისა, რომ მომავალში, გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება.

დაპირების გარდა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება წარმოადგენს ერთგვარ დაუწერელ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანა ეტაპობრივად უნდა მოერგოს ევროპულ სტანდარტებს. თავად ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ქვეყანა წევრობისთვის მზად არ იქნება. აი, მაგალითად, კანდიდატის სტატუსი მეზობელ თურქეთს 1999 წლიდან მოყოლებული აქვს, თუმცა პოლიტიკური ელიტის მხრიდან უმოქმედობის გამო, ის ევროკავშირის წევრობასთან ახლოსაც კი არ არის.

კანდიდატობიდან წევრობამდე გზა არა წლებზე და თვეებზე, არამედ ქმედით ნაბიჯებზე გადის. თუკი ქვეყანა ყველა პირობას დროულად შეასრულებს, ის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, შესაძლოა, ერთ წელიწადში გახდეს, მაგრამ თუ ის არაფერს იზამს, მაშინ კანდიდატის სტატუსი მას უშედეგოდ ათწლეულები შეიძლება ჰქონდეს.

აქვე, შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რა არის კანდიდატის სტატუსი და რეალურად რას იძლევა იგი?

ამ სტატუსის გაცემით ევროკავშირი აღიარებს, რომ ქვეყანას ნამდვილად აქვს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია და პოტენციალი, თუმცა ის ამისათვის ჯერ მზად არ არის, მაგრამ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას ექნება იმის უფლება, რომ ის ევროკავშირს ოფიციალურად შეუერთდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურად აღიარების უმაღლესი ფორმა, რომლის შემდეგ უკვე მხოლოდ წევრობა მოდის.

გარდა პოლიტიკური აღიარებისა, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის ფინანსურ რესურსებთან წვდომასაც იძლევა. ეს სტატუსი საქართველოს გზას უხსნის გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე – IPA-ზე, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ ინსტრუმენტზეა მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, ანუ EIB-დან, IMF-დან და EBRD-დან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.

აგრეთვე, კანდიდატ სახელმწიფოებს სამეზობლო განვითარების 19-მილიარდიანი ფონდიდან დაფინანსების მიღების საშუალებაც აქვთ, რაც ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას შეიძლება მოხმარდეს.

გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა აქვთ ევროკავშირის 11 საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელთაგან საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოქმედებს, ერთ-ერთია Erasmus+.

სადაც სამომავლო პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, იქვე აწ უკვე გაწეული დახმარებაც უნდა გავიხსენოთ. 1992 წლიდან, ანუ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან მოყოლებული, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი და დონორია.

წლების განმავლობაში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების საერთო მოცულობა 6 მილიარდ ლარს აღწევს. გარდა ამისა, ევროკავშირი ქვეყანას ცალკეული პროგრამებით, გრანტებით, შეღავათიანი სესხებითა და ფინანსური ინსტრუმენტებითაც ეხმარება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყნისათვის დიდ გამარჯვებას წარმოადგენს, თუმცა ამ წარმატებამ არ უნდა მოგვატყუოს და განცხრომას არ უნდა მივეცეთ, რადგან ქართველი ხალხის მიზანი ევროკავშირის წევრობაა და არც კანდიდატობაზე სამუდამოდ გაჩერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები