მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ნიშნავს ინდონეზიის BRICS-ში გაწევრიანება მსოფლიოსთვის?

ბრაზილია / ინდონეზია

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკურ კავშირი 2025 წელს დიდი სიახლით ხვდება. ბრაზილიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ინდონეზია BRICS-ის კავშირის წევრი გახდა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი გავლენის სფერო აზიის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაფართოვდა. როგორც ოფიციალურ ჯაკარტაში ამბობენ, ინდონეზიის გაწევრიანების საკითხს მწვანე შუქი წევრმა სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ 2023 წელს აუნთეს, ხოლო თავად გაწევრიანება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ინდონეზიას სხვა განვითარებად სახელმწიფოებთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების საშუალებას მისცემს.

ინდონეზია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე უხვმოსახლიანი ქვეყანაა, რიგით მე-16 უდიდესი ეკონომიკაა მსოფლიოში. ინდონეზიის მთლიანი შიდა პროდუქტი $1.3 ტრილიონია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით $4,900-ის ტოლია, ანუ ინდონეზიის მოსახლეობა არც თუ ისე მდიდარია. ამ აზიურ ქვეყანაში 285 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ქვეყნის სამუშაო ბაზარი ასე თუ ისე სტაბილურია, რადგან უმუშევრობის დონე 5.3%-ის ტოლია, რაც განვითარებადი სახელმწიფოსთვის საკმაოდ კარგი შედეგია. ინდონეზიის ეკონომიკის დიდი ნაწილი სამ სექტორზე — სერვისებზე, ინდუსტრიულ წარმოებაზე და სოფლის მეურნეობაზე მოდის, ხოლო მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ქვანახშირს, მეტალებს, პალმის ზეთს, ნავთობს და ელექტრონიკავ ვხვდებით.

თავად BRICS-ის კავშირი, რომლის დამფუძნებლები ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა არიან, თავდაპირველად, განვითარებადი ეკონომიკების არაფორმალური ფორუმი იყო, რომელმაც მალევე შეიძინა სტრუქტურა და გავლენიან გლობალური მოთამაშედ ჩამოყალიბდა. დღეს, BRICS-ში ათი ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდონეზია. კოლექტიურად, ჯგუფი ეკონომიკურად ძალიან ძლიერია, რადგან მასზე დედამიწის მოსახლეობის 45% და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედი მოდის.

ამგვარი ეკონომიკური ძალაუფლება გაერთიანებას გლობალურ მმართველობაში უფრო აქტიური როლის დაკავებისკენ უბიძგებს. ამ ბიძგის კულმინაციის ერთ-ერთ მაგალითად BRICS-ის ქვეყნების ახალი განვითარების ბანკის შექმნა შეგვიძლია ჩავთვალოთ - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც განვითარებადი ქვეყნების დაკრედიტებას ისახავს მიზნად. ამ ბანკმა, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი მსოფლიო ბანკის, ADB-ის ან EBRD-ის მსგავსად ფუნქციონირებს, რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის სესხები უკვე გასცა, რაც გულისხმობს, როგორც თანხის მიმღები ქვეყნების განვითარებას, ასევე გარკვეულ პოლიტიკურ კონტროლს.

BRICS-ის სხვა მსგავს ერთეულებთან, მაგალითად G7-თან და G20-თან შედარება ცხადყოფს, რომ ამ კავშირს აქვს, როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებები. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ BRICS-ის კავშირი მრავალფეროვანი განვითარებადი ეკონომიკებითაა დაკომპლექტებული, სადაც განსხვავებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები მოქმედებს. ეს მრავალფეროვნება, მართალია, შეიძლება სიძლიერის წყაროდ იყოს აღქმული, მაგრამ არც განსხვავებული ინტერესები და აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერმიღებული გადაწყვეტილებები უნდა დავივიწყოთ, რომლებიც, შესაძლოა, G7-ის ფორმატში საერთოდ არ არსებობდეს.

BRICS-ის წევრებს შორის ყველაზე დიდი ეკონომიკა ჩინეთს აქვს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $17.9 ტრილიონს შეადგენს. მეორე ადგილს $3.4 ტრილიონი დოლარით ინდოეთი იკავებს, მესამიდან მეხუთე ადგილების ჩათვლით კი რუსეთს, ბრაზილიას და სამხრეთ აფრიკას ვხვდებით. თუმცა ამ შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად, ქვეყნებს შორის დიდი დისბალანსი შეიმჩნევა, რადგან თუ ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 12,600 დოლარის ტოლია, ინდოეთში ის სულ რაღაც 2,500 დოლარია.

BRICS-ის კავშირი, პირველ რიგში, ეკონომიკური გაერთიანებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური გაძლიერება არ არის ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს ორგანიზაცია ემსახურება. ეკონომიკასთან ერთად, ეს კავშირი მეტად პოლიტიკურიცაა, ხოლო ვექტორი, რომელიც მას აქვს არჩეული მკვეთრადაა გადახრილი BRICS-ის დამფუძნებელი სახელმწიფოების — რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებით. ჯგუფის ერთიანი პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, მაგალითად, დედოლარიზაციის მიმართულებით, BRICS-ის მზარდ გავლენაზე და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ გლობალური წესრიგის გადაწყობის სურვილზე მიგვანიშნებს.

BRICS-ის კავშირი მუდმივად განვითარებადი ორგანიზაციაა და იქ გაწევრიანება ბევრ სახელმწიფოს სურს, მათ შორისაა ჩვენი მეზობელი თურქეთი. თურქეთთან ერთად, ალიანსში გაწევრიანება მალაიზიას, ტაილანდს და, რაც მთავარია, აზერბაიჯანს სურთ, რომელიც საქართველოს მეზობელი და თურქეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე სახელმწიფოა. გამოდის, რომ თუ BRICS-ი მომავალში ამ მიმართულებით მართლაც გაფართოვდა, ჩვენს რეგიონში არსებული მდგომარეობა, მკვეთრად შეიცვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები