„ტურიზმის ინდუსტრიაში გაჩნდა ასეთი, მნიშვნელოვანი ცნება, ეს არის სამგზაურო ბუშტები ე.წ. Travel bubbles“,- ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა ისაუბრა.
როგორც ის განმარტავს, სამოგზაურო ბუშტები გულისხმობს მსგავსი რისკის ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნას.
„მაგალითად ასეთი ბუშტი იყო ბალტიის ქვეყნებში- ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უკვე გაუხსნეს ერთმანეთს საზღვრები, იმიტომ რომ აბსოლუტურად ერთნაირი რისკი აქვთ. მაგალითად ორი თვის წინ დიდი იმედი მქონდა მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდოდნენ მანქანებით ტურისტები, მაგრამ დღეს ეს იმედი აღარ მაქვს, იმიტომ რომ მონაცემებს ვინც ყოველდღიურად ადევნებს თვალს, ნახავს, რომ რუსეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში არის ჯერ კიდევ პიკი. თურქეთში უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ იქამდე დიდი დროა, სანამ თურქეთს საზღვრებს გავუხსნით.
ჩვენი შეფასებით, სამოგზაურო ბუშტებში შეიძლება მოხვდეს ისრაელი, ბალტიის ქვეყნები, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მაგრამ ამ ქვეყნების წილი მთლიან ვიზიტორებში არ აჭარბებს 7-8%-ს სამწუხაროდ და მოლოდინები, რომ 1 ივლისს საზღვრებს გავხსნით და უამრავი ტურისტი შემოვა... ასე ნამდვილად არ იქნება“,- აღნიშნა კახა სამყურაშვილმა.