“გუდაურს, რეალურად, საკმაოდ მწვავე პრობლემები აქვს, რომელიც გადაჭრას საჭიროებს... [18 ივლისიდან] ზაფხულის სეზონი იხსნება, როგორც მთის ტრასების სააგენტოს სოციალური ქსელიდან გავიგეთ, მაგრამ რას ნიშნავს სეზონის გახსნა - მხოლოდ საბაგიროების ჩართვას?!” - ეს კითხვა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სასტუმრო "გუდაური როშეს" მმართველმა, ჰოტელიერმა მაიკო მურაჩაშვილთან დასვა. ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა ზამთრის კურორტებზე, კერძოდ, გუდაურში არსებული გამოწვევები და მისი დაძლევის გზები იყო.
მაია მურაჩაშვილის აზრით, მხოლოდ საბაგიროების ჩართვა ფორმალობაა და ეს ვერ აქცევს გუდაურს 4-სეზონიან კურორტად.
საქმე ის არის, მთის ტრასების სააგენტოს (MTA) მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 18 ივლისიდან გუდაურში ზაფხულის სეზონი იხსნება. "გუდაურისა და კობის საბაგიროები - გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო იმუშავებს ყოველდღე, 11:00-დან 17:00 საათამდე... გაატარეთ ზაფხული მთაში - მზესთან უფრო ახლოს!" - ამ პოსტით ეპატიჟება MTA ტურისტებს და აბონემენტის ფასის შესახებ ინფორმაციასაც აწვდის - კობის გადმოსახედის ნახვა (ორი გზა) 35 ლარი დაგიჯდებათ, ბავშვისთვის ტარიფი 25 ლარია. საბაგიროთი სარგებლობა/ერთი ასვლა კი 15 ლარი ეღირება, ხოლო ბავშვებისთვის - 10 ლარი. როგორც BMG-ის მთის ტრასების სააგენტოში გაარკვია, ზაფხულის სეზონის გახსნის ღონისძიება მხოლოდ საბაგიროების ჩართვით აღინიშნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერჯერობით, მთის კურორტზე ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტების მოსაზიდად, დამატებითი ღონისძიებების კალენდარი არ არსებობს.
გამოცდილ ჰოტელიერ მაიკო მურაჩაშვილს მიაჩნია, რომ მთის კურორტზე ზაფხულის ტურისტების მოსაზიდად, აუცილებელია, ერთიანი სახელმწიფო ხედვა, საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მიზიდულობის ახალი ცენტრების (ატრაქციების) შექმნა.
ინტერვიუ მაიკო მურაჩაშვილთან
- მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივლისიდან ზაფხულის სეზონი იხსნება. თქვენ, როგორც სასტუმრო „გუდაური როშეს“ მმართველს, როგორი მოლოდინები გაქვთ და რამდენად იქცა გუდაური რეალურად 4-სეზონიან კურორტად?
- გუდაურს რეალურად საკმაოდ მწვავე პრობლემები აქვს, რომლებიც სასწრაფო გადაჭრას საჭიროებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ზაფხულის სეზონი იხსნება - ამის შესახებ ჩვენც სოციალური ქსელებიდან გავიგეთ, თუმცა რას ნიშნავს ზაფხულის სეზონის გახსნა - მხოლოდ საბაგიროს ჩართვას? პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ესეც არ ვიცოდით. წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ, რომ მსგავსი რამ იგეგმებოდა. ჩემი აზრით, როდესაც სეზონის გახსნა იგეგმება, ეს არ უნდა გულისხმობდეს მხოლოდ ერთი ატრაქციის ჩართვას. ამას მინიმუმ აღნიშვნა, პატარა სადღესასწაულო ღონისძიება მაინც სჭირდება. ყველაზე მინიმალურს ვამბობ, თორემ ზაფხულის სეზონის გახსნა ბევრად უფრო მასშტაბურად უნდა აღინიშნებოდეს.
- როგორც, მაგალითად, ბათუმში გაიხსნა სეზონი სპეციალური ღონისძიებებით…
- რა თქმა უნდა. ზამთარშიც კი, როდესაც გუდაურში სეზონი იხსნება, ყოველთვის არის გარკვეული აქტივობა, ხმაური. ზაფხულში კი მსგავსი არაფერი ხდება. ელემენტარულად, სასტუმროში მოსულ ტურისტს ის მაინც ვუთხრათ, რომ დღეს კურორტზე რაღაც ხდება. რეალურად არაფერი იგეგმება, უბრალოდ, ხვალიდან საბაგიროები ჩაირთვება.
- ანუ გამოდის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა გუდაურში უფრო ფორმალობაა?
- დიახ, ეს უბრალოდ ფორმალობაა. სიმართლე გითხრათ, ეს ვერც გუდაურს დაეხმარება ოთხსეზონიან კურორტად ქცევაში და ვერც ზაფხულის სეზონს გადაარჩენს. გუდაურში იმდენად მასშტაბური და სერიოზული გამოწვევები გვაქვს, რომ მხოლოდ საბაგიროს ჩართვა საქმეს ვერ უშველის. თუ გვინდა, რომ კურორტი მართლაც 4-სეზონიანი გახდეს და ზაფხულში მაინც გვყავდეს დამსვენებლები, მას სერიოზული მიხედვა სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს სამთო ტურიზმის ზამთრის ძირითადი სტატისტიკა სწორედ გუდაურზე გადის. თუ ზამთარში კურორტს მრავალი ასეული მილიონის აკუმულირება შეუძლია, ზაფხულში მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. დავიწყოთ გზებით: გუდაურამდე მოსასვლელი ცენტრალური გზა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო - დღესაც ნაწილობრივ გაკეთდა, ნაწილობრივ „დაიკერა“ და სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. გარდა ამისა, კურორტზე არ არსებობს არანაირი დამატებითი ატრაქცია, რომელიც ტურისტს გუდაურში ღამის გათენებას მოანდომებს. ზამთარში მარტივადაა საქმე - სასრიალო კურორტია და მოთხოვნა თავისთავად მაღალია.
- წლევანდელი ზამთრის სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო…
- დიახ, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, სეზონი მართლაც წარმატებული გამოდგა, თუმცა ზაფხულში დამსვენებელს ისეთი ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, რომ მას აქ ღამის გათევა მოუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურისტები უბრალოდ არ გაჩერდებიან.
- MTA 18 ივლისიდან მხოლოდ საბაგიროებს ჩართავს. რას ეუბნება სახელმწიფო მთის ბიზნესს - აქვთ იმედი, რომ ხალხი მხოლოდ სუფთა ჰაერისა და საბაგიროს გამო ამოვა კურორტზე თუ კერძო სექტორის იმედზე არიან, რომ თქვენ თავად დააფინანსებთ სხვადასხვა ღონისძიებას და მოიზიდავთ ტურისტებს?
- კერძო სექტორი ღონისძიებებს საკუთარი სახსრებით ვერ დააფინანსებს, თუმცა ტურისტების მოზიდვაზე, რა თქმა უნდა, მუდმივად ვზრუნავთ. წლების განმავლობაში ჩვენი ძალებით ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებსა თუ „როუდშოუებში“, სადაც ჩვენს სასტუმროებთან ერთად თავად კურორტსაც ვუწევთ პოპულარიზაციას. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან, რათა ზაფხულში გუდაური რამენაირად გადარჩეს. ამ პერიოდში დამსვენებელი ძირითადად ყაზბეგში მიდის. უფრო მეტიც, როდესაც ახალი ცენტრალური გზა გაიხსნება და ყაზბეგისკენ მიმავალი ნაკადი პირდაპირ გვერდს აუვლის კურორტს, გუდაური საერთოდ „თამაშგარე“ მდგომარეობაში დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება… ამასწინათ თვალი მოვკარი გუდაურის განვითარების ახალ პროექტს, თუმცა კერძო სექტორთან ამაზე კომუნიკაცია არ ყოფილა და ზუსტად არ ვიცით, რა ტიპის გეგმაზეა საუბარი. ელემენტარული ამბავია - საერთაშორისო დონის სამთო კურორტზე კომუნიკაციები ბოლომდე მოწესრიგებული უნდა იყოს. ზაფხულში აქ არაჩვეულებრივი ჰაერია და გუდაური შეიძლება საუკეთესო, მშვიდ დასასვენებელ ადგილად იქცეს, თუკი განვითარების ერთიანი, სწორი ხედვა იარსებებს. კურორტს უნდა დაემატოს კონკრეტული, ცნობილი და მოთხოვნადი ატრაქცია, რომელიც ტურისტს მინიმუმ ერთი ღამით მაინც გააჩერებს. მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით და მხოლოდ კერძო სექტორის „ჯახირით“ - როდესაც ერთდროულად უნდა ვებრძოლოთ უფინანსობას, მაღალ გადასახადებს, კადრების დეფიციტსა და კონკურენციას - გადარჩენა ძალიან რთულია.
- საიდან გაქვთ ამ ეტაპზე ჯავშნები “გუდაური როშეში”? ზოგადად, ზაფხულში უფრო ადგილობრივი ტურისტები ჭარბობენ თუ უცხოელებიც აქტიურობენ?
- ბოლო პერიოდში წამოვიდა ადგილობრივი, ქართველი დამსვენებელიც, რომლებიც ძირითადად 2-3 ღამით რჩებიან. მოსწონთ, როდესაც სასტუმროს კარგი აუზი აქვს და სურთ ქალაქიდან, სიცხიდან გასვლა. ასევე გვყავს ე.წ. „რემოუთ“ (დისტანციურად მომუშავე) დამსვენებლები, რომლებიც ოფისის გარეთ მუშაობას ამჯობინებენ. გარდა ამისა, გვყავს ტურისტული ჯგუფებიც, ძირითადად აზიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ღამით რჩებიან, თუმცა ამ შედეგის მიღწევაც კი ჩვენგან უდიდეს რესურსს, დროს, მოლაპარაკებების უამრავ ეტაპსა და მძაფრ კონკურენციასთან გამკლავებას მოითხოვს.




























