მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის უცხოელებისთვის სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების სერვისების შეზღუდვა?

64897e7891056
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.23 17:36
676
გერმანული რეპროდუქციული ცენტრის (GGRC) დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძის განცხადებით, სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების უცხოელებისთვის აკრძალვა დარგს და ეკონომიკას დააზარალებს. ამის შესახებ დარგის წარმომადგენელმა „საქმიან დილაში“ მთავრობის მიერ დარგში დაანონსებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

ნინო მუსერიძე აცხადებს, რომ ქვეყანას მხოლოდ სუროგაციის მიმართულებით 7 მლნ დოლარის შემოსავალი აქვს, რამეთუ პაციენტები ქვეყანაში 3 თვის განმავლობაში ჩერდებიან.

„ეს დარგის განვითარების და არსებობის პერსპექტივებია. დარგის განვითარება მხოლოდ სამედიცინო ტურიზმი არ არის, ეს მოიცავს იმ ადამიანების დიდ პროცენტს, რომელიც ქვეყანაში შემოდის და დღეს თუ საქართველო რეპროდუქციის მიმართულებით ჰაბია, იმ რეგულაციების გამოა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა უფრო მეტი რეგულაცია ჯანდაცვის სფეროში ყოფილიყო, რეესტრები ყოფილიყო და სახელმწიფოს ეკონტროლებინა - როდის და რას გააკეთებდა, ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებდა, რომელიც ევროკავშირში იყო. ამაზე ვიმუშავეთ და მადლობა მათ, რომ ამ პროცესში ჩაგვრთეს და ჩვენ - ასოციაცია აბსოლუტურად ღია ვართ, რომ ყველა საკითხი გავიაროთ და ყველაფერი დარეგულირდეს. რეგულაცია ყოველთვის უფრო რთულია ვიდრე აკრძალვა. აკრძალვა არ ნიშნავს, რომ ეს კარგია. ჩვენ არ ავკრძალეთ აბორტი, რადგან არ გვინდოდა ეს ყველაფერი მიწისქვეშეთში გადასულიყო. არ შეიძლება სერვისის მიწოდება ერთი ან მეორე ქვეყნის მოქალაქეობის გამორჩევის გამო.

დღეს არამარტო სამედიცინო ტურიზმი და კლინიკები იტვირთება, არამედ 3 თვის განმავლობაში ეს პაციენტი არის საქართველოში და ის სარგებლობს აბსოლუტურად ყველა სერვისით - სასტუმროებით, ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებსაც ჩამოყავთ პაციენტები და სერვისს აწვდიან მათ. საქართველოში სამედიცინო ტურიზმითა და სუროგაციასთან მიმართებით ჩამოსული პაციენტები წლიურად დაახლოებით 7 მლნ დოლარი იხარჯება მხოლოდ იმაზე რომ ისინი აქ შემოვიდნენ. დღეს დაზარალდება არამხოლოდ რეპროდუქციული ჯანმრთელობის განვითარება, როგორც დარგი...“, - განმარტავს ნინო მუსერიძე.

მისივე თქმით, ამ აკრძალვით ქვეყანაში რეპროდუქციული ცენტრების რაოდენობა შემცირდება, ის შემოსავალი კი რომელიც ქვეყანაში დარგს შემოჰქონდა სხვა ქვეყანაში გადაინაცვლებს.

„ჩვენ დღეს განვითარების კარგი პერსპექტივა გვაქვს და სრულად ევროპის და ამერიკის კლინიკების დონეზე ვართ. პაციენტები საქართველოში არამხოლოდ იმიტომ ჩამოდიან, რომ ფასებია დაბალი, არამედ იმიტომ რომ მაღალია მომსახურების ხარისხი და დაცულია მათი - სუროგატის თუ დონორების უფლებები. სუროგაციით 2000 მშობიარე თუ გვყავს დღეს, ხვალ ესეც არ გვეყოლება, რაც სამშობიარო სახლების პრობლემაც გახდება. სამედიცინო ტურიზმის განვითარება ჩვენი ტურიზმის განვითარების საწინდარია, თუ ჩვენ შევწყვეტთ სამედიცინო ტურიზმზე საუბარს, ჩვენ ალბათ რამდენიმე კლინიკა დავრჩებით, რადგან რეალური შემოსავალი აღარ გვექნება“, - თქვა მუსერიძემ.

საქმიანობა არასდროს შეწყდება, ის გავა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ის შემოსავლები, რასაც საქართველო იღებს ამ სერვისის მიწოდებით, სხვა ქვეყანაში გადავა და სხვა ქვეყანა აიღებს იმ ბენეფიტებს, რომელსაც დღეს საქართველო კარგად იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები