რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ახალი ვალდებულება უჩნდებათ. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრიდან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს.
მთავრობის განმარტებით, ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედებისა და ემბრიონების შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა. ცვლილებების პროექტი მიმდინარე კვირის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.
გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელმა/კლინიკურმა დირექტორმა, ნინო მუსერიძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა, რა შეიცვლება ამ გადაწყვეტილებით კლინიკების საქმიანობაში.
„ეს საუკეთესო ცვლილებაა, რადგან როდესაც რაღაც არ რეგულირდება მუშაობა რთულია. ეს რეგულაცია დიდ პოზიტივს შემოიტანს, რადგან კლინიკები საერთო რეესტრში ვიქნებით გაერთიანებული. მიკვლევადობაც მარტივი იქნება და სახელმწიფო გააკონტროლებს დონაცია/სუროგაცია როგორ მოხდება. მარტივი იქნება ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობა. პაციენტი ხშირად ამ ყველაფერს მალავს, მაგრამ კარგია, რომ ამაში ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ჩართული და სამინისტროს შეეძლება სტატისტიკა აწარმოოს, რომელი კლინიკა როგორ მუშაობს და რამდენად კარგი შედეგი აქვს.
ამასთან, კლინიკებს ყველანაირი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება გვექნება. მაგალითად, როდესაც დონორს მივიღებთ და წყვილისთვის ავიყვანთ, პორტალზე ვტვირთავთ: რამდენი კვერცხუჯრედი მივიღე, რამდენი ემბრიონი განვითარდა და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით დაცული, რომ ერთი და იგივე დონორი რამოდენიმეჯერ არ იყოს სხვადასხვა კლინიკაში გამოყენებული.
ვფიქრობ, ეს შედეგს დადებს და შესაძლებელია აკრძალვები საჭირო აღარ იყოს. შესაძლოა, ეს სფერო ერთ-ერთი პირველი იყოს რომელიც ეკონომიკის, დემოგრაფიის და მსოფლიოში ჩვენი ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისითაც კარგი იქნება, რადგან ყველა გვიცნობს, როგორც კარგი სერვისის გამწევ ქვეყანას“, - განაცხადა მან.