საქართველოს რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანაში უშვილობის პრობლემა დაახლოებით 100 000 წყვილს აქვს. ასოციაცია წლებია ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეებისთვის ხელოვნური განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტის დაფინანსებას სთხოვს. მათი განცხადებით, ამ დრომდე საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო მოქალაქეს უშვილობის პრობლემის გადაწყვეტას ხელოვნური განაყოფიერების გზით არ უფინანსებს.
"ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის" ხელმძღვანელის არსენ გვენეტაძის განცხადებით, ინ ვიტრო განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტა საკმაოდ ძვირად ღირებული სერვისია, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს იმ უშვილო წყვილებს, რომლებსაც შესაბამისი ფინანსური სახსრები არ აქვთ.
„ინ ვიტრო განაყოფიერების ბაზისური პაკეტი საშუალოდ 7-დან 8 ათას ლარამდე ღირს, თუ მას არ სჭირდება გაყინვა, შენახვა, გენეტიკური კვლევა და სხვა. ვიღაცისთვის ძალიან დიდი თანხაა 7 და 8 ათასი ლარი. აქ საუბარია ერთ ცდაზე.
[სახელმწიფო დაფინანსების] პრეცედენტი არსებობს და ის ერთი წელია აჭარაში მუშაობს, როცა წყვილების გარკვეულ რაოდენობას აფინანსებენ და ჩვენ ამ პროგრამას ვასრულებთ, ისევე როგორც სხვა კლინიკები. ცენტრალურმაც [სამინისტრომ] მოგვთხოვა მონაცემები და არის გარკვეული მოქმედებები“, - განაცხადა არსენ გვენეტაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.
ის, რომ 2025 წლიდან უშვილო წყვილებს რეპროდუქციული სერვისები, შესაძლოა, სახელმწიფომ დაუფინანსოს, ამის შესახებ bm.ge-ს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლადო კახაძემ გასული წლის ბოლოს განუცხადა, თუმცა მას შემდეგ ამ მიმართულებით სიახლეები აღარ დაანონსებულა.