მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვიცით, როდის განახლდება მუშაობა" - "რეპროდუქციის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა კვლავ შეჩერებულია

რეპორდუქცია

"რეპრდუქციის შესახებ" კანონპროექტზე, რომელზე მუშაობაც ჯანდაცვის სამინისტრომ ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს დაიწყო, განხილვები კვლავ შეჩერებულია. კანონპროექტი, რომელიც უცხოელი პაციენტებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის სერვისებით სარგებლობას კრძალავდა, დაჩქარებული წესით აღარ განიხილება და ერთადერთი სიახლე, რაც სამინისტრომ დარგს დაუწესა, ახალი რეგულაცია იყო: სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულებისთვის რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაციის ეროვნულ რეესტრში ასახვა სავალდებულო გახდა.

ემბრიოლოგი და დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელი ლიკა ჭყონია BMG-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სფეროს დარეგულირება სექტორის ინტერესებშიც იყო და "რეპროდუქციის შესახებ" კანონპროექტზე ჯგუფმა სამინისტროსთან ერთად იმუშავა.

"ჩვენი დარგობრივი ასოციაცია ყოველთვის იყო ინიციატორი, რომ ეს დარგი დარეგულირებულიყო და როგორმე შექმნილიყო კანონპროექტი, რომელიც იქნებოდა ჩვენი და პაციენტების დაცვის ხელშემწყობი დოკუმენტი. ძალიან საინტერესო იყო ამ დოკუმენტზე მუშაობა სამინისტროსთან და შეიქმნა პროექტი, რომელიც მთლიანად დარგის სწორად მუშაობის ხელშემწყობია.

[ამ დრომდე] დარგში დარეგულირებული არაფერი არ არის. როგორ უნდა მივაწოდოთ სერვისი, როგორი უნდა იყოს დაწესებულება, რამდენი ემბრიონი უნდა გადავიტანოთ, რა აპარატურა გამოვიყენოთ, რა ასაკის უნდა იყოს წყვილი, მარტოხელა ადამიანი… ჩამოთვლაც კი ძნელია, რა არის დასარეგულირებელი. ჩვენც ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ამის, დოკუმენტი უზარმაზარია და ვთვლი, რომ კარგი დოკუმენტია. რეესტრის შექმნაც ჩვენი დიდი სურვილი იყო, ესეც რეგულირების ერთ-ერთი ნაწილია", - აღნიშნავს ლიკა ჭყონია.

მიუხედავად დოკუმენტზე ერთად მუშაობისა, დარგი სამინისტროს უცხოელებისთვის რეპროდუქციული სერვისებით სარგებლობის შეზღუდვას არ ეთანხმება. ლიკა ჭყონია აღნიშნავს, რომ ქართულ კლინიკებში უცხოელთა მკურნალობა დარგის განვითარებისთვისაც აუცილებელია, ლეგალური პროცედურები კი ისედაც საკმარისი დოზითაა დარეგულირებული.

"ის, რომ უცხოეთის მოქალაქეები აქ მკურნალობენ, ძალიან კარგია დარგის განვითარებისთვის, რადგან საქართველოში იმდენ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, რომ მკურნალობა ჩაიტაროს, რამდენიც კლინიკის მუშაობისთვისაა საჭირო. ჩათვალეთ, რომ უცხოელი პაციენტების მომსახურებით ქართველი პაციენტების მკურნალობას ვაფინანსებთ: რამდენი წელია საქართველოში არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერება და მკურნალობის ფასი არ გაზრდილა, ეს ძალიან დიდი წარმატებაა.

გარდა ამისა, ყველა ქვეყანას, რომლის მოქალაქე ბავშვიც დაიბადება საქართველოში, გარკვეული წესები აქვს - არ ხდება ეს სპონტანურად ან დაუგეგმავად და დაურეგულირებლად. გაწერილია, როგორ უნდა მოხდეს ამ ბავშვების გაყვანა ქვეყნიდან, კეთდება მშობლების გენეტიკური ანალიზი, წარმოდგენილია დეტალური დოკუმენტები, ბავშვებს საელჩო აძლევთ შესაბამის დოკუმენტს, რომ მათ ქვეყანა დატოვონ - ეს ოფიციალურ დონეზეა", - აღნიშნავს ლიკა ჭყონია.

ასოციაციის ხელმძღვანელი BMG-სთან ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, როდის განახლდება, ან თუ განახლდება, მუშაობა "რეპროდუქციის შესახებ" კანონპროექტზე - არ აქვთ. მისი თქმით, სამინისტროს დარგის წარმომადგენლებთან კონტაქტი ამ დრომდე არ ჰქონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები