მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი პაციენტები რომ არა, ქართველებისთვის ინვიტრო განაყოფიერებაზე დაბალ ფასს ვერ შევინარჩუნებდით - ასოციაცია

6489acdba25f1
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.23 16:16
1136
საქართველოს ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციამ, რომელიც 19-ზე მეტ ინ ვიტრო კლინიკას აერთიანებს, დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეპროდუქციული (მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერების/დონაცია/სუროგაციის) სერვისების შეზღუდვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. გაერთიანება დაანონსებულ ცვლილებას საფრთხის შემცველად აფასებს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალვის ნაცვლად დონაცია-სუროგაციის დარეგულირება მოხდეს.

ასოციაციის თავმჯდომარე, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ დირექტორი ლიკა ჭყონია ამბობს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ არსებული პრობლემები ისეთივე დაავადებაა, როგორიც სხვა დაავადებებია და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მისი აკრძალვა არასწორია.

„ჩემ თავს და ყველა ჩემს კოლეგას ვადანაშაულებ, რომ ამ დარგთან დაკავშირებით ცნობიერება არ გავზარდეთ. ხალხი არ არის ისე კარგად გაცნობიერებული თუ რა ხდება ამ დარგში, რამდენად რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აქ არ არის მხოლოდ სუროგაციაზე საუბარი, არადა ეს არის დარგი, რომელშიც მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია - ინ ვიტრო განაყოფიერება, სუროგაციის გამოყენება და ბევრი სხვა მკურნალობა შედის. სამწუხაროდ, არამხოლოდ სუროგაციით მკურნალობა აიკრძალა, არამედ უცხოელებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობაც. კითხვას ვსვამ - მაგალითად, რომ ჩამოვიდეს უცხოელი საქართველოში და გულის ოპერაცია გავუკეთოთ, მას ეს უნდა ავუკრძალოთ? - მგონი არა. პრობლემა ის არის, რომ უნაყოფობის მკურნალობა დღეისთვის კვლავ არ არის აღქმული, როგორც დაავადება. ეს დაავადებაა, რომელსაც ვმკურნალობთ.

მე ვარ ევროპის რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის ერთ-ერთი სამეცნიერო ჯგუფის წევრი, რომელიც უნაყოფობის მკურნალობაში გლობალურ ხელმისაწვდომობაზე მუშაობს. დღეისთვის ჩვენ ამ ხელმისაწვდომობას უცხოელ პაციენტებს ვუზღუდავთ და მე ვერ გავიგე - რატომ?“, - აცხადებს ლიკა ჭყონია.

საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დარგი მანამდე ჯანდაცვის სამინისტროსთან რეპროდუქციული ცენტრების სამედიცინო რეგულირებაზე მუშაობდა და არა აკრძალვაზე, რომელიც დარგს და ადგილობრივ პაციენტებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ლიკა ჭყონია მთავრობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებებით გაკვირვებულია.

„იურიდიული თვალსაზრისით დარგი მკაცრად რეგულირდება. საქართველოდან ბავშვის გაყვანა ძალიან მკაცრად კონტროლდება, ასევე მკაცრად კონტროლდება რა დროს და რა დოკუმენტების წარმოდგენით შეგვიძლია ჩვენ ამ პაციენტების მკურნალობა, მაგრამ თუ რაიმე ისეთია, რაც ჩვენ არ ვიცით და უნდა ვიცოდეთ, ძალიან გთხოვთ გაგვაგებინეთ, გამოვიძიოთ და დავარეგულიროთ.

ჯანდაცვის სამინისტროსთან, კერძოდ თამარ გაბუნიასთან ერთად ამ პროექტზე ძალიან ბევრი თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ძალიან საინტერესო იყო მასთან ერთად მუშაობა, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მას. ბევრი რამ ერთობლივად გადავწყვიტეთ, ჩვენ უფრო სიმკაცრეები შევთავაზეთ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროდან მოდიოდა, ჩვენ უფრო კარგად ვიცით ჩვენი დარგი და რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ, რომ მკაცრად გაკონტროლდეს. ძალიან გაკვირვებული ვარ.

ჩვენი ქვეყანა პატარაა. დარგი რთული და კომპლექსურია. რა კომპონენტებიდანაც შედგება ეს სამკურნალო დაწესებულება - ემბრიოლოგიის ლაბორატორია, ეს ძალიან რთული და ძვირადღირებული აპარატურა და ყველა საჭირო მასალაა. ამ ხნის განმავლობაში, რაც ინ ვიტრო განაყოფიერება არსებობს საქართველოში, ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა ქართველი პაციენტებისთვის ის გადასახადი, რაც ჩვენი არსებობისთვისაა საჭირო, მაგრამ ეს იმდენად მცირეა იმასთან შედარებით, რამდენიც ეს მკურნალობა ღირს, რომ არა უცხოელი პაციენტების რაოდენობა, რომელიც ჩვენთან შემოდის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ფასის შენარჩუნება წარმოუდგენელი იქნებოდა“, - განაცხადა ლიკა ჭყონიამ.

დარგის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საქართველოში ბავშვის რეგისტრაციისა და მისი ქვეყნიდან გაყვანის დოკუმენტაცია ჯერ კიდევ თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრობის დროს დაარეგულირება, ჯანდაცვის სამინისტროსთან მუშაობა კი სამედიცინო რეგულირებაზე მიდიოდა.

„თეა წულუკიანმა დაარეგულირა ბავშვის საქართველოდან გაყვანისა და დარეგისტრირების პროცესი. არ აქვს მნიშვნელობა ქართველია თუ უცხოელი ყველა ადამიანის მიმართ არის ერთი და იგივე წესები თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, რომ ბავშვის დარეგისტრირება მშობლების სახელზე მოხდეს. ეს მკაცრად რეგულირებული პროცესია. ის, რასაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვაკეთებდით, სამედიცინო მხარეა, რომელიც მორჩენილი იყო, თუმცა თამამად გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მკურნალობის მხარე არ იყო დარეგულირებული, ჩვენ კლინიკები იმ საერთაშორისო ეთიკით ვმუშაობთ, რომელიც მთელ მსოფლიოშია მიღებულია“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ლიკა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები