საქართველოში ბოლო 4-5 წელიწადში რეპროდუქციული სერვისების მიმღებ უცხოელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის დამფუძნებელმა და პროფესორმა ნინო მუსერიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, წლის განმავლობაში მხოლოდ მათ კლინიკაში სუროგაციით 400-მდე ბავშვი იბადება.
როგორც მუსერიძე ამბობს, უცხოელების მხრიდან ყველაზე მეტი მიმართვიანობა მათ კლინიკას ისრაელიდან, ასევე, ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის ესპანეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან აქვს, ხოლო აზიიდან, ჩინეთი ლიდერობს. რაც შეეხება თავად სუროგატ დედებს, მუსერიძის თქმით, მათ პოვნასა და მოყვანაზე სააგენტოები ზრუნავენ.
“ხუთი წლის წინ გაცილებით უფრო ნაკლები იქნებოდა [მომართვიანობა], იმიტომ რომ მაშინ პირველ ადგილზე უკრაინა და რუსეთი იყო”, - აღნიშნა ნინო მუსერიძემ.
ცნობისთვის, უცხოელებისთვის სუროგაცია დაშვებულია საქართველოს გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ის რამდენიმე შტატში, უკრაინაში, რუსეთში, კანადაში, ავსტრალიაში. 4-5 წლის წინ ამ მხრივ საქართველოს მთავარ კონკურენტებს რუსეთი და უკრაინა წარმოადგენდნენ, თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამ ქვეყნებში რეპროდუქციული მედიცინის კუთხით მიმართვიანობა შემცირდა. უფრო მეტიც, როგორც GGRC-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, შესაბამისი კლინიკების და სააგენტოების ნაწილიც უკრაინიდან და რუსეთიდან საქართველოში გადმოვიდა.
“საქართველოში სამედიცინო სერვისებს პრაქტიკულად ძალიან კარგ დონეზე ვაძლევთ. მე ვფიქრობ, რომ ყველა ქართული კლინიკა კარგად მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ ჯამში, მგონი, 23 კლინიკაა ყველა მუშაობს. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ბრენდი გადმოვიდა რუსეთიდან და უკრაინიდან. როგორც ვიცი, საქართველოში თურქული კლინიკებიც გაიხსნა. ამგვარად, ბევრი კლინიკაა საქართველოში, ვინც ამ კუთხით ოპერირებს და იმედი მაქვს, რომ ეს ბიზნესი ამ სამედიცინო სფეროს განავითარებს”, - განაცხადა მუსერიძემ.
რაც შეეხება ფასებს, GGRC-ის დირექტორის თქმით, საქართველოში სუროგაცია დაახლოებით 45-50 000 დოლარი ჯდება, მაშინ როცა აშშ-ში შეიძლება იგივე სამედიცინო სერვისი 200 000-დან 250 000 დოლარამდე ჯდებოდეს. ამიტომაც საქართველო ამ კუთხით მიმზიდველი ქვეყანაა სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის მსურველთათვის. საქართველოს კანონმდებლობით, სუროგაციის სერვისის მიღებისთვის, აუცილებელია მშობლები მინიმუმ ერთი წელია იყვნენ დაქორწინებულები.
ნინო მუსერიძე ამბობს, რომ რეპროდუქციული მედიცინა ქვეყნისთვის დიდი შემოსავლის წყაროა.
“ეს მხოლოდ სამედიცინო სერვისებს არ ეხება. მაგალითად, უცხოელი პაციენტი რომ ჩამოდის და გვეკონტაქტება, ასევე გვეკითხება, რომელ სასტუმროში წავიდეს. პაციენტი არ ჩამოდის მარტო ორი კვირით. მაგალითად, თუ სუროგაციისთვის ჩამოვიდა, ის მერე გენეტიკურ კვლევას აკეთებს, ელოდება ბავშვი რომ დაიბადება... მინიმუმ ორი თვე საქართველოშია, ფულს ხარჯავს... ეს არ არის მარტო სამედიცინო ტურიზმის განვითარება. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები [რეპროდუქციული მედიცინის] ბიზნესი რომ არა, არ შემოვიდოდა”, - განმარტა მან.
ცნობისთვის, სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების სერვისების უცხოელი პაციენტებისთვის აკრძალვის ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წელს დააანონსა, პარლამენტში განსახილველად დაბრუნდა, თუმცა პროცესი გადადებულია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილებოდა და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მის ამოქმედებას 2024 წლის 1 იანვრიდან გვპირდებოდა, პარლამენტის ბიურომ საკითხის განხილვის ვადა კიდევ 90 დღით, 2026 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.
საუბარია 2023 წელს ინიციირებულ ცვლილებებზე სუროგაციის კანონის შეცვლის შესახებ, რომელიც პირველ ეტაპზე დაჩქარებულად განიხილებოდა და ამოქმედების ვადად იმჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი 2024 წლის 1 იანვარს ასახელებდნენ.




























