„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინ ვიტრო და სუროგაციის სერვისის აკრძალვას ითვალისწინებს, პარლამენტში პირველ საკომიტეტო განხილვებს გადის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, რომელიც მთავარი მომხსენებელია საკანონმდებლო ორგანოში, არ გამორიცხავს, ინ ვიტრო რეპროდუქციული სერვისის ნაწილში გამონაკლისი დაუშვან.
„საიმედო, ადვილად მართვადი და რისკებისგან თავისუფალი არის ინ ვიტრო მიმართულება, რაც სამედიცინო ჩარევაა; ადამიანს შეიძლება თავისივე ბიოლოგიური მასალით დაეხმარო, რომ შეეძინოს შვილი, ამ შემთხვევაში ეს უფრო სამართლიანი გადაწყვეტა იქნებოდა. ვიმსჯელებთ ამ მიმართულებით და ჩამოვყალიბდებით“, - აცხადებს თამარ გაბუნია bm.ge-ისთან.
რეპროდუქტოლოგიის დარგის დამფუძნებელი საქართველოში, პროფესორი, რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი გაუმართლებლად მიიჩნევს, რომ სერვისის მიწოდების აკრძალვა უცხოელებისთვის ინ ვიტრო მეთოდზეც გავრცელდეს. ამასთან, არჩილ ხომასურიძე მომხრეა სუროგაციის ნაწილში შეზღუდვების, თუმცა ამბობს, რომ სრული აკრძალვა გაუმართლებელია.
„როგორც ექიმი, გეტყვით, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებას და სუროგაციას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ორი სხვადასხვა მეთოდია, სრულყოფილი ოჯახის შექმნისთვის. ინ ვიტრო განაყოფიერება ეს არის ელიტარული, ხანდახან საკმაოდ ძვირად ღირებული უშვილობის მკურნალობის მეთოდი მთელ მსოფლიოში, რომელიც ხანდახან სჭირდება სუროგაციის პროცედურას. ამ ორი მეთოდის გაერთიანება და ერთი კანონით პაციენტების კონტინგენტის შეზღუდვა სრულიად აბსურდულად მეჩვენება.
კარგი, განვიხილოთ ცალკე სუროგაცია, მომხრე ვარ აქ შეზღუდვების, მაგრამ ამას არაფერი საერთო ინ ვიტრო განაყოფიერებასთან არ აქვს. რატომ არ უნდა მოვემსახუროთ უცხოელებს? რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ უცხოური ვალუტა, რატომ არ უნდა მიიღოს ექიმმა კარგი გასამრჯელო? ამაში არანაირი კორუფცია არ არის, ეს არის კეთილშობილური საქმე“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას არჩილ ხომასურიძემ.
ის ალტრუისტული სუროგაციის მომხრეა, არ ემხრობა სერვისის სრულ აკრძალვას, თუმცა თვლის, რომ სუროგაციის მიმართულება რეგულირებას საჭიროებს.
„უცხოელებისთვის სუროგაციის აკრძალვას არ ვემხრობი, თუმცა კანონის ფარგლებში უნდა იყოს შემოსავლითი ნაწილი რეგულირებული, რომ არ ჰქონდეს ადგილი აღებ-მიცემობას, რომელიც დღეს არის.
აკრძალვას და ლიკვიდაციას კარგი არაფერი გამოუწვევია საქართველოსა და მსოფლიოში. რაც აიკრძალება, ის მიდის იატაკქვეშ და ადგილი აქვს კორუფციას. უნდა იყოს შეზღუდული და არა მთლიანად აკრძალული“, - აცხადებს არჩილ ხომასურიძე.
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება კანონით იზღუდება. კანონპროექტში არსებული ჩანაწერით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ.