"მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონის" განხილვა გრძელდება. ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა კვლავ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეპროდუქციული სერვისების მიღების აკრძალვაა. ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის ლობისტმა, ზვიად კორძაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ კლინიკების ნაწილმა სომხურ ბაზარზე გადაწყობა უკვე დაიწყო, რასაც, მისი თქმით, ქვეყნიდან სუროგატი ქალების გადინებაც მოჰყვება. მისი თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში, ქვეყანა 200-300 მილიონ ლარს დაკარგავს.
“თუ ვსაუბრობთ ნორმალურ წყვილებზე, რომლებიც ჩამოდიან და სამედიცინო მომსახურებას იღებენ, რატომ კარგავს სახელმწიფო ამ შემოსავალს თუ ამის დარეგულირება შესაძლებელია? დაახლოებით 1000-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება, კლინიკების გადინება დაიწყება და უკვე დაწყებულია კიდეც სომხეთში კლინიკების გადინება. ამავდროულად, მთავარ პრობლემას, რომელსაც ამ შეზღუდვით ვებრძვით, შეიძლება ვერ მოვუაროთ, რადგან დაიწყება სუროგატი ქალების გადინებაც. ჩავლენ სომხეთში და იმავე პროცედურას იქ გააკეთებენ”, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დარგის კომერციალიზაცია მიუღებელია.
“ამ დარგის კომერციალიზაცია პრინციპულად მიუღებელია. ამდენად, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს კომერციალიზაციის აკრძალვას, ეს გადაწყვეტილება არის ყველა ვარიანტში გამართლებული, რადგან კომერციალიზაცია ქმნის ძალიან მაღალ რისკებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მას აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. ვერანაირი კომერციული ინტერესი ვერ გადაწონის იმ სარგებელს და ამ სასიცოცხლო რისკების გადაზღვევის აუცილებლობას, რაც უკავშირდება კომერციალიზაციას ამ დარგისას”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტი ჯერ მხოლოდ ორმა კომიტეტმა განიხილა. პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და შერეულ წყვილებს რეპროდუქციული სერვისი ეზღუდებათ.