2025 წლიდან უშვილო წყვილებს რეპროდუქციული სერვისები, შესაძლოა, სახელმწიფომ დაუფინანსოს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლადო კახაძემ განუცხადა. მისი თქმით, ეს იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა დემოგრაფიის ზრდის ხელშეწყობისთვის.
„პროგრამის გაკეთებაზე თანახმა არის სექტორის დიდ ნაწილთან ერთად ხელისუფლებაც. ვცდილობთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა თავისი კეთილშობილი ზრახვები დემოგრაფიის გამოსწორების გზაზე თანამონაწილეობით მაინც განსაზღვროს. 2025 წლის ბიუჯეტის ფორმირების დროს ეს საკითხი იქნება დღის წესრიგში დაყენებული.
გვაქვს პრეცედენტიც, აჭარაში გვაქვს სახელმწიფოს თანადაფინანსების ფორმა შემოღებული, ანუ თანადგომა იმ ოჯახებისა, რომელსაც ეს თანადგომა სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, როდის არის საჭირო ამ პროცედურის ჩატარება“, - აცხადებს ლადო კახაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს რეპროდუქტოლოგიის ასოციაცია წლებია მოქალაქეებისთვის ხელოვნური განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტის დაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს, თუმცა როგორც ასოციაციის პრეზიდენტი bm.ge-სთან აცხადებდა, ამ დრომდე საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო მოქალაქეს უშვილობის პრობლემის გადაწყვეტას ხელოვნური განაყოფიერების გზით არ უფინანსებს. ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ეს პრობლემა დაახლოებით 100 000 უშვილო წყვილს აქვს.
არჩილ ხომასურიძის განცხადებით, ინ ვიტრო განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტა საკმაოდ ძვირად ღირებული სერვისია, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს იმ უშვილო წყვილებს, რომლებსაც შესაბამისი ფინანსური სახსრები არ აქვთ.
"7-8 ათასია ინ ვიტრო განაყოფიერების ფასი, გარანტიის გარეშე. ძვირია ძალიან. ეფექტიანობა 40%-ს არ აღემატება“,- აცხადებს რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი.