რამდენიმე დღეა, ქართულ ონლაინსივრცეში ახალი პლატფორმა, "ჰოპლა" გამოჩნდა, რომელიც საერთო მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს ერთმანეთთან აკავშირებს და უტრანსპორტო პირს დამგზავრების საშუალებას აძლევს.
პლატფორმის შექმნის იდეასა და მიზანზე BM.GE-ს Hoppla-ს თანადამფუძნებელი, მარიამ გოგორელიანი ესაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, დამგზავრების პლატფორმის შექმნის იდეა დამფუძნებლების ყოველდღიური საჭიროების გამო გაჩნდა.
"გუნდის წევრები ამჟამად სტუდენტები ვართ. ჩვენგან უმეტესობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს და დედაქალაქიდან უნივერსიტეტამდე მისასვლელად, ხშირად, მეგობრები ერთმანეთს ვემგზავრებოდით. გარკვეული დროის შემდეგ, მივხვდით, რომ ეს იდეა შეგვეძლო უფრო მასშტაბური გაგვეხადა და დავხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ქალაქიდან ქალაქამდე ხშირად უწევთ გადაადგილება.
დამგზავრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს "ჰოპლა" წარმატებით წყვეტს: მძღოლს უმცირებს გადაადგილების ხარჯებს, ხოლო მგზავრთათვის ზრდის კომფორტს და აძლევს შესაძლებლობას, რომ დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი მიმართულებით, ბიუჯეტურად გადაადგილდნენ", - აღნიშნავს "ჰოპლას" თანადამფუძნებელი.
"ჰოპლას" მუშაობის პრინციპი მარტივია. იმისთვის, რომ კონკრეტულ მარშრუტზე მიმავალმა მძღოლმა ვინმე დაიმგზავროს, საკუთარი გეგმისა და ავტომობილის შესახებ დეტალებს "ჰოპლას" ვებგვერდზე ამატებს, უთითებს გასვლისა და დანიშნულების წერტილებს და მგზავრობის დროს, "ჰოპლა" კი მგზავრობის ღირებულებას ავტომატურად თვლის, მანძილისა და საწვავის ფასის გათვალისწინებით. თავის მხრივ, მგზავრი, რომელსაც სურვილი აქვს ვინმეს დაემგზავროს, შედის "ჰოპლას" ვებგვერდზე და სასურველ მარშრუტს ნიშნავს: "ალგორითმი მგზავრებს საშუალებას აძლევს გაფილტროს არსებული მძღოლები მათი რეიტინგის თუ ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით. პლატფორმა აღჭურვილია მულტიფუნქციური ფილტრებით, როგორიცაა მწეველი-არამწეველი, ცხოველის გადაყვანა, ბარგი, ფასის ფილტრი და ა.შ. რაც მგზავრობას კომფორტულს ხდის როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის".
როგორც მარიამ გოგორელიანი აღნიშნავს, "ჰოპლას" გამოსვლიდან ერთ კვირაში, პლატფორმას უკვე ჰყავს 10 ათასზე მეტი ვიზიტორი.
"საიტის ჩაშვებიდან დღემდე დაახლოებით 1 კვირაა გასული. ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ამ დრომდე ჩვენს ვებსაიტს 10 500-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, რაც შეეხება რეგისტრაციას, ჩვენი მომხმარებლები აქტიურად გვიკავშირდებიან და ყოველდღიურად ათობით ადამიანი რეგისტრირდება.
მომხმარებლის მხრიდან აქტიურად ვიღებთ როგორც დადებით, ისე შესაძლო გასაუმჯობესებელ დეტალებთან დაკავშირებულ რჩევებს. ძირითადად, მომხმარებლები ამაღლებულ განწყობას გამოხატავენ ვებსაიტის მიმართ ვიანიდან ისინი თვლიან, რომ ჩვენი პლატფორმა მათ ყოველდღიურობას გაამარტივებს. რაც შეეხება რჩევებს რომლებსაც მომხმარებლებისგან ვიღებთ, ძირითადად ვებსაიტის დიზაინთან არის დაკავშირებული და ჩვენი გუნდი აქტიურად ცდილობს მოთხოვნებთან თუ რჩევებთან ადაპტირებას", - ამბობს მარიამ გოგორელიანი.
"ჰოპლას" განვითარების გეგმებზე საუბრისას, სტარტაპის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დამფუძნებელთა გუნდი სხვადასხვა სტარტაპ აქსელატორის პროგრამაში მონაწილეობს და სამომავლო განვითარებისთვის ინვესტიციების მოძიებაზე მუშაობს. მარიამ გოგორელიანს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაზეც ვესაუბრეთ და დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობაზე ვკითხეთ.
"ნოემბრის ბოლოს ჩვენი გუნდი გერმანიაში მიემგზავრება რათა შევხვდეთ ინვესტორებს, წარვადგინოთ ჩვენი პროექტი და მივიღოთ საინტერესო გამოცდილებები. Hoppla-მ პლატფორმის დეველოპმენტი საკუთარი გუნდით მოახერხა და დამატებით Microsoft-ისა და Google-ისგან სერვისგრანტები მოიპოვა, რაც საწყის ეტაპზე განვითარების ხელშეწყობას წარმოადგენდა.
ქართული სტარტაპ ეკოსისტემა ნამდვილად სავსეა შესაძლებლობებით. ჩვენ შევძელით მონაწილეობა მიგვეღო მრავალი აქსელერაციის პროგრამაში, რომლებიც მენტორობითა და რესურსებით გვეხმარებოდნენ ბიზნესის გაუმჯობესებაში. ცოტა ხნის წინ, Hoppla-მ Social Impact Award მოიგო, რაც გრანტთან ერთად გერმანიაში მოგზაურობასაც მოიცავდა, სადაც ჩვენ ბიზნესის ცოდნის გაღრმავებასა და ქსელის გაფართოებას შევძლებთ.
საქართველოში, მსგავსი ორგანიზაციები, როგორიცაა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და Axel, სტარტაპებს არა მხოლოდ საინვესტიციო შესაძლებლობებს, არამედ ღირებული კონტაქტების მიღების შანსსაც სთავაზობენ. ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინოვაციების ხელშეწყობაში და Hoppla მოუთმენლად ელის თანამშრომლობის შესაძლებლობას ორივესთან, რათა გავზარდოთ ჩვენი სტარტაპი და დავამყაროთ კავშირი მრავალ მეწარმესთან", - აღნიშნავს "ჰოპლას" თანადამფუძნებელი.
მარიამ გოგორელიანი განმარტავს, რომ "ჰოპლას" სამი ძირითადი მიზანი აქვს: ეკონომიკური სარგებელი მძღოლებისა და მგზავრებისთვის, ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა და სოციალიზაციის გამარტივება.