მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას წარმოადგენს სახიფათო ნარჩენები, რომელზეც საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა

ნარჩენები

მთავრობამ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე განკარგულება გამოსცა.

დოკუმენტით ნაგავსაყრელის მოსაწყობად ღონისძიებების შემუშავება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, ხოლო აღსრულება შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას. სად განთავსდება ნაგავსაყრელი ჯერჯერობით უცნობია. როგორც BMG-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ლოკაცია შესაბამისი კვლევების საფუძველზე განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ქვეყანაში არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მოქმედი სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი.

რაც შეეხება სახიფათო ნარჩენების განმარტებას, კანონის თანახმად, ამ კატეგორიაში ერთიანდება ნარჩენები, რომლებსაც აქვს “ნარჩენების მართვის კოდექსის“ III დანართით გათვალისწინებული ერთი ან მეტი მახასიათებელი.

აღნიშნული დანართის თანახმად, სახიფათო ნარჩენების განმსაზღვრელი მახასიათებლები ვრცელია და მასში შედის ფეთქებადი, მჟანგავი, აალებადი, მავნე, ტოქსიკური, კანცეროგენული, კოროზიული, ინფექციური, რეპროდუქციისთვის ტოქსიკური, მუტაგენური, სენსიბილური, ეკოტოქსიკური ნივთიერებები, ასევე ნარჩენები, რომლებმაც განთავსების შემდეგ შესაძლოა გამოყოს სხვა ნივთიერება.

სახიფათო ნარჩენების განმსაზღვრელი მახასიათებლები:

H 1

„ფეთქებადი“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც შესაძლოა ცეცხლის ალის ზემოქმედებით აფეთქდეს, ან რომლებიც ხახუნის მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე დინიტრობენზოლი.

H 2

„მჟანგავი“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც სხვა ნივთიერებებთან, კერძოდ, აალებად ნივთიერებებთან, ურთიერთქმედებისას მაღალ ეგზოთერმულ რეაქციებს ავლენს.

H 3-A

„ადვილად აალებადი“:

  • თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა აალების ნიშნული 21°C-ზე ნაკლებია (მათ შორის, უკიდურესად აალებადი სითხეები);
  • ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ჰაერთან ურთიერთქმედებისას ყოველგვარი ენერგიის გამოყენების გარეშე შესაძლოა გაცხელდეს და ცეცხლი გაუჩნდეს;
  • მყარი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც აქვს უნარი, ცეცხლი გააჩინოს აალების წყაროსთან მცირე კონტაქტის დროსაც კი და რომლებიც აგრძელებს წვას ან შთანთქმას აალების წყაროსგან მოშორების შემდეგ;
  • აირისებრი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ჰაერში აალებადია ჩვეულებრივ წნევაზე;
  • ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც წყალთან ან ნოტიო ჰაერთან ურთიერთქმედებისას საშიში ოდენობის ადვილად აალებად აირებს გამოყოფს.

H 3-B

„აალებადი“ – თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა აალების ნიშნული მეტია ან ტოლია 21°C-ისა და ნაკლებია ან ტოლია 55°C-ისა.

H 4

„გამაღიზიანებელი“ – არაკოროზიული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც კანთან ან ლორწოვან მემბრანასთან დაუყოვნებელი, განგრძობადი ან განმეორებითი ურთიერთქმედებისას შესაძლოა ანთება გამოიწვიოს.

H 5

„მავნე“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა შესუნთქვა, ჩაყლაპვა ან კანში შეღწევა ჯანმრთელობისათვის საშიშია.

H 6

„ტოქსიკური“ – ნივთიერებები და პრეპარატები (მათ შორის, მეტად ტოქსიკური ნივთიერებები და პრეპარატები), რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული, მკვეთრი ან ქრონიკული დაზიანება ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

H 7

„კანცეროგენული“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა სიმსივნე გამოიწვიოს ან მისი გაჩენის ალბათობა გაზარდოს.

H 8

„კოროზიული“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა ცოცხალ ქსოვილთან ურთიერთქმედებისას დაშალოს იგი.

H 9

„ინფექციური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ისეთ მიკროორგანიზმებს ან მათ ტოქსინებს, რომლებსაც, როგორც ცნობილია ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის ან სხვა ცოცხალი ორგანიზმის დაავადება.

H 10

„რეპროდუქციისთვის ტოქსიკური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა არამემკვიდრეობითი თანდაყოლილი პათოლოგიები გამოიწვიოს ან მათი განვითარების ალბათობა გაზარდოს.

H 11

„მუტაგენური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა მემკვიდრეობითი გენეტიკური დეფექტები გამოიწვიოს ან მათი განვითარების ალბათობა გაზარდოს.

H 12

ნარჩენები, რომლებიც წყალთან, ჰაერთან ან მჟავასთან ურთიერთქმედებისას ტოქსიკურ ან მეტად ტოქსიკურ აირებს გამოყოფს.

H 13[1]

„სენსიბილური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა ჰიპერმგრძნობიარე რეაქცია გამოიწვიოს, კერძოდ, მათ ხანგრძლივი ზემოქმედებისას შეიძლება დამახასიათებელი უარყოფითი გავლენა მოახდინონ.

H 14

„ეკოტოქსიკური“ – ნარჩენები, რომლებიც უქმნის ან რომლებმაც შესაძლოა შეუქმნას დაუყოვნებელი ან განგრძობადი რისკი გარემოს ერთ ან რამდენიმე სექტორს.

H 15

ნარჩენები, რომლებმაც განთავსების შემდეგ შესაძლოა გამოყოს სხვა ნივთიერება, მაგ., გამონაჟონი, რომელსაც აქვს H1–H14 კოდებში ჩამოთვლილი რომელიმე მახასიათებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები