მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას წარმოადგენს სტარტაპი Marathon Fusion, რომელიც ვერცხლისწყლისგან ოქროს მასობრივ წარმოებას გეგმავს?

ოქრო

საბაზისო მეტალების ოქროდ ქცევაზე კაცობრიობამ ფიქრი რამდენიმე ასეული წლის წინ დაიწყო, რის პირველ ნიშნებსაც ანტიკური ეგვიპტელების იეროგლიფებში ვხვდებით. სილიკონის ველის სტარტაპი Marathon Fusion კი ამტკიცებს, რომ ბირთვული შერწყმის ტექნოლოგიის გამოყენებით, ეს უკვე შესაძლებელია.

კერძოდ, სტარტაპი ირწმუნება, რომ მერკურის, იგივე ვერცხლისწყლის იზოტოპებზე მაღალენერგიული ნეიტრონებით შეტევის შედეგად, ამ მეტალის ოქროდ ქცევის გზას მიაგნეს.

როდესაც წყალბადის ორი იზოტოპი ერთმანეთს ერწყმის და ჰელიუმს ქმნის, რასაც ბირთვული შერწყმის პროცესი ეწოდება, ნეიტრონები წარმოიქმნება. ეს ამტკიცებს, რომ ენერგიის გენერაციასა და ალქიმიურ პროცესებს თანაარსებობა შეუძლიათ.

"ჩვენი მიდგომა ეკონომიკურად მიმზიდველი, პრაქტიკულად განხორციელებადი და მასობრივად მასშტაბირებადია, წინა მცდელობებისგან განსხვავებით. სრულიად ახალი ოქროს ხანა იწყება", - ნათქვამია Marathon Fusion-ის განცხადებაში.

სტარტაპმა 40-გვერდიანი სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული ტრანსმუტაციური პროცესია აღწერილი. ამასთან სტარტაპი ფიუჟენ-ინდუსტრიისთვის საწვავის გადამუშავებას მეთოდებზე მუშაობს.

საქმე ისაა, რომ ალქიმია ათასობით წელია არსებობს და მისი მთავარი მიზანი მეტალების ოქროდ ქცევა და უკვდავების ელექსირის პოვნაა. ეს არის მიმართულება, რომელიც პლანეტის გამორჩეულ გამომგონებლებსა და მეცნიერებს საუკუნეების განმავლობაში იტაცებდა. ამ დრომდე მათი მიგნებები ბევრისთვის მხოლოდ ფანტაზიის სფერო იყო. Marathon-ის კონცეფცია კი უკვე კარგად ნაცნობი ბირთვული შერწყმის პროცესის კომპონენტებს ეფუძნება.

როგორც აღინიშნა, როდესაც წყალბადის იზოტოპები, ტრიტიუმი და დეუტერიუმი ერთმანეთს ერწყმიან და ჰელიუმს ქმნიან, მაღალ-ენერგიული სუბატომური ნაწილაკები, იგივე ნეიტრონები წარმოიქმნება. ამის მისაღწევად საჭიროა, რომ დეუტერიუმი და ტრიტიუმი 100 მილიონ გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გაცხელდეს და დახურულ პატარა სივრცეში მოთავსდნენ, რომ ერთმანეთს შეუერთდნენ. როდესაც ჰელიუმის ატომები საწვავის ნაწილაკებს ხვდება, მათი ენერგია გადაიცემა და ქიმიური რეაქცია გრძელდება, რის გამოც პროცესი თვითუზრუნველყოფილია.

Marathon-ის ცნობით, სტარტაპი საწვავად ვერცხლისწყალს გამოიყენებს, რომლის ატომებიც რამდენიმე დღეში ოქროდ გადაიქცევა. შესაბამისად, ოქროს წარმოება წყალბადის იზოტოპების შერწყმის პროცესის ქვეპროდუქტია. Marathon Fusion ამტკიცებს, რომ, ახალი მეთოდის გამოყენებით და სინთეზური ელექტროსადგურის მეშვეობით, წლიურად 5000 კგ ოქროს წარმოება შეიძლება.

Marathon Fusion 2023 წელს SpaceX-ის ყოფილმა ინჟინერმა ადამ რუტკოვსკიმ და სამეცნიერო პოლიტიკის ექსპერტმა კაილ სკილერმა დააფუძნეს. სტარტაპი ორიენტირებულია საწვავის ციკლის მოწინავე ტექნოლოგიებზე, რათა დააჩქაროს თერმობირთვული სინთეზის ენერგიის კომერციალიზაცია.

აღსანიშნავია, რომ Marathon Fusion-ის კვლევა ინდუსტრიის მიერ განხილული ჯერ არ არის და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი მეთოდი გაამართლებს. არსებობს რისკებიც, რომ შექმნილი მეტალი მცირედით რადიოაქტიური იქნება, რის გამოც მისი 18 წლით დასაწყობება იქნება საჭირო, გამოყენებამდე. თუმცა მეცნიერთა ნაწილის შეფასებით, ახალ ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია სინთეზური ენერგიის ეკონომიკაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები