პრემიუმ სეგმენტზე ორიენტირებული ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიის, Zeekr-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაილისტა, სადაც, თავდაპირველად, ინვესტორებმა კომპანია $7 მილიარდად შეაფასეს. საფონდო ბირჟაზე Zeekr-მა კომპანიის 21 მილიონი აქცია გაყიდა, საშუალოდ $21-ად, ანუ კომპანიამ $441 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, რომელსაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ გაფართოებისთვის გამოიყენებს. თავდაპირველად, ჩინური Zeekr-ის ავტომობილები ევროპის ექვს ქვეყანაში გამოჩნდება, ხოლო 2025 წლისთვის, წარმომადგენლობის გახსნას კომპანია რვა ქვეყანაში გეგმავს.
საფონდო ბირჟაზე განთავსებიდან ორ კვირაში, კომპანიის აქციების ფასმა მკვეთრად, კერძოდ 17.3%-ით იკლო, მაგრამ მოგვიანებით შედარებით დასტაბილურდა. ამჟამად, ჩინური კომპანიის აქციები $25.6-ად ივაჭრება, რაც IPO-სთან შედარებით 9.4%-იანი სხვაობაა.
აპირებს თუ არა ჩინური კომპანია ავტომობილების გაყიდვას ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, ამ ეტაპზე, უცნობია, რადგან ელექტრომანქანების ამერიკულ ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა. თუმცა ცნობილია, რომ Zeekr-ის ავტომობილები ამერიკულ გზაზე მაინც გამოჩნდება, ოღონდ იმ პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც ჩინურმა კომპანიამ და Google-ის მფლობელი Alphabet-ის შვილობილმა, Waymo-მ დაიწყეს. ეს კომპანია თვითმართვად ტექნოლოგიას ავითარებს, ანუ თანამშრომლობა სრულად თვითმართვადი ელექტრომობილის შექმნას მოიაზრებს, მაგრამ კონკრეტულად როგორ ვითარდება ეს პროექტი ან როდის ვიხილავთ ასეთ ავტომობილს, ჯერაც უცნობია
ჩინური Zeekr-ი შედარებით ახალი კომპანიაა, რომელიც 2021 წელს არის დაფუძნებული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საავტომობილო ჰოლდინგში, Geely-ში შედის, დამაკმაყოფილებელი შედეგები კომპანიამ ბაზარზე გამოჩენიდან მალევე დააფიქსირა. 2024 წლის პირველ კვარტალში, Zeekr-მა 49,148 ავტომობილი გაყიდა, როცა განვითარების ანალოგიურ ეტაპზე მყოფმა სხვა ჩინურმა ავტომწარმოებლებმა უარესი შედეგი დააფიქსირეს: Xpeng-მა 31,214 ავტომობილი გაყიდა, Nio-მ კი 45,673.
თუმცა მიუხედავად ამისა, Zeekr-ი ჯერაც სტარტაპია და წაგებაზე მუშაობს. 2023 წელს, Zeekr-მა $7.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც $2.7 მილიარდით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე. თუმცა შემოსავლის ზრდასთან ერთად, ერთი წლის ჭრილში იმატა კომპანიის საოპერაციო ხარჯებმა, რის გამოც გასული წელი Zeekr-მა $1.7 მილიარდის წაგებით დაასრულა. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში კომპანიას ჯერ არ გაუსაჯაროებია, მაგრამ როგორც პროგნოზებიდან ვიგებთ, წლიურ ჭრილში კომპანია შემოსავლის ზრდას პროგნოზირებს.
ამ დროისთვის, Zeekr-ის საწარმოო ხაზში ორ მოდელს ვხვდებით, ესენია სედანი Zeerk 001 და SUV, სახელწოდებით Zeekr X. ორივე ეს ავტომობილი ვიზუალურად დახვეწილი და ტექნოლოგიურად განვითარებულია, მაგრამ Geely-ში არც სიმძლავრე დავიწყებიათ.
[1] Zeerk 001-ში 400-კილოვატიან ელექტროძრავებს ვხვდებით, რომელთა დახმარებით ავტომობილი 540 ცხენის ძალას ავითარებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.8 წამში შეუძლია. ჩინური სედანის შემთხვევაში ასევე ხელმისაწვდომია აქტიური საჰაერო დაკიდების სისტემის მქონე AWD-მოდელი, რომელიც უფრო კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს. სწრაფი დამტენის პირობებში, Zeerk 001-ის ელემენტების 80%-მდე დამუხტვას ნახევარი საათი სჭირდება, ხოლო ავტომობილი 620 კილომეტრს გადის.
[2] სედანისგან განსხვავებით, Zeekr X-ის ტექნიკური მონაცემები ნაკლებად შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ეს იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ეს მოდელი საქალაქო SUV-ია, ანუ სიმძლავრე ამ ავტომობილის მიზანი არ არის. Zeekr X-ში 315-კილოვატიან ელექტროძრავებს ვხვდებით, რომელთა დახმარებით ავტომობილი 428 ცხენის ძალას ავითარებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.8 წამში შეუძლია. ჩინური SUV-ის შემთხვევაში ასევე ხელმისაწვდომია, როგორც აქტიური საჰაერო დაკიდების სისტემის მქონე AWD-მოდელი, ასევე შედარებით მცირე ელექტროძრავის მქონე მოდელი, რომელიც უფრო მეტ მანძილს გადის.