მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს ეკონომიკაზე?

მშპ

ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში საქართველოს ეკონომიკის ზრდის რისკებზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა რეზისტენტული ჩანს, თუმცა არსებობს რისკებიც, განსაკუთრებით პოლიტიკური არასტაბილურობა და საერთაშორისო ასპარეზზე გაურკვევლობა. ბოლო წლებში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ევროკომისია ძირითად რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს.

ანგარიშში წერია, რომ საქართველომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა, რომელსაც კერძო და მთავრობის მოხმარება უწყობდა ხელს. ქვეყანა ასევე სარგებელს იღებდა ტურიზმის აღდგენით, რუსეთიდან ჩამოსული მაღალკვალიფიციური მიგრანტებით და იმით, რომ უკრაინის ომის გამო, გარკვეულმა სერვისებმა და სავაჭრო მარშრუტებმა რუსეთიდან საქართველოსკენ გადაინაცვლა.

ამას გარდა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზრდის უმთავრესი ფაქტორები მაინც კერძო და მთავრობის მოხმარება იყო, რასაც ხელფასების და დასაქმების ზრდა, ასევე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო სესხები უწყობდა ხელს.

4 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკავშირი დოკუმენტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო შეჩერებულია", ხოლო 2025 წელს დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში მნიშვნელოვანი უკუსვლა ფიქსირდება. ამის საფუძველზე ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი დარჩა. 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში „გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი“, რასაც თან ახლდა რეპრესიული კანონმდებლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და „მტრული, ანტიევროპული რიტორიკა“. ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერში მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც „მნიშვნელოვნად უხვევს ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპული კურსიდან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები