Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების [FDI] შემცირება სავალო ვალდებულებების გასტუმრებას უკავშირდება. ქავთარაძე ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სააქციო კაპიტალის, ანუ ახალი ინვესტიციების ნაკლებობაა.
"ინვესტიციების შემცირების მიზეზი იყო სავალო ვალდებულებების გასტუმრება. სააქციო კაპიტალს რაც შეეხება, რაც ფაქტობრივად ახალ ინვესტიციებს ნიშნავს, ახალი ინვესტიციების შემცირებაც იყო. თუმცა გაზრდილია კვლავინდებურად რეინვესტიციები, საკმაოდ ძლიერი ზრდა იყო და 150 მლნ დოლარი შეადგინა. ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 83%-ია. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წელსაც დაბალი მაჩვენებლით დაიწყო ინვესტიციების სტატისტიკა. კვარტალი სეზონურობაც ხასიათდება, თუმცა მაინც ახალი ინვესტიციების სიმცირეა. ეს შეინიშნება მას შემდეგ, რაც ჩვენთან BP-ის დიდი პროექტი დასრულდა, ანუ 2018 წლის შემდეგ ახალი ინვესტიციების ნაკლებობაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც საშუალოდ 2019 წლიდან იყო 1.1 - 1.3 მილიარდის ფარგლებში, ძირითადი განმაპირობებელი რეინვესტიციაა. თუ ჩვენთან ახალი პროექტები იქნება, ეს ფაქტობრივად "დრაივერი" იქნება FDI-ის ზრდისთვის", - ამბობს ქავთარაძე.
წინასწარი მონაცემებით, წელს პირველ კვარტალში ჯამში ქვეყანაში 179.4 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა, წლიურად კლება თითქმის 8%-ია. I კვარტალში რეინვესტიციის მაჩვენებელმა 150 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ჯამური ინვესტიციების თითქმის 84%-ია. რაც შეეხება სააქციო კაპიტალს, მისი მოცულობა მხოლოდ 62 მლნ დოლარი იყო, ანუ ჯამური FDI-ის დაახლოებით 35%.