როგორც მოსალოდნელია, 2026 წლის დასაწყისში ყურადღების ცენტრში კვლავ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები და დონალდ ტრამპის შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიური პროცესები მოექცევა. შეძლებენ თუ არა სპეციალური ჯგუფები 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის 2026 წლის 24 თებერვლამდე ჩამთავრებას, მალევე გავიგებთ.
არანაკლებ საყურადღებო იქნება მოვლენათა განვითარება ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანში, სადაც გასული წლის მიწურულს ანტისახელისუფლებო გამოსვლების ახალმა ტალღამ იფეთქა. ცალკე გამოწვევა იქნება ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული შეთანხმების მე-2 ფაზის დაწყება. საბოლოოდ, დაყრის თუ არა იარაღს ჰამასი და გადააბარებს თუ არა ღაზას სექტორის მართვას ტრამპის ხელმძღვანელობით შექმნილ საერთაშორისო საბჭოს, ამ კითხვაზე პასუხს ნამდვილად ყურადღებით დაველოდებით.
2026 წელს, 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველი ძალის შეცვლას კიდევ ერთ რეგიონში შეეცდება. კერძოდ, ტრამპის პრიორიტეტი ვენესუელაში სასურველი ხელისუფლის მოყვანა იქნება, თუმცა მოხდება ეს ომით თუ დიპლომატიის გზით, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი იქნება. ტრამპი მცდელობას არ დააკლებს არც გრენლანდიას, რომლის შემოსაერთებლადაც დეკემბრის თვეში ოფიციალურ ნუუკს სპეციალური წარმომადგენელიც აახლა, თუმცა რამდენად გამოუვა პრეზიდენტს დღემდე დანიის სამეფოს ნაწილად მყოფი უზარმაზარი კუნძულის დაპატრონება და იქ თავისი სტრატეგიული ინტერესების გატარება, ამას დრო გვიჩვენებს.
2026 წელს ტრამპს სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის შუალედური არჩევნები, რომელში გამარჯვებაც და კონგრესის ზედა თუ ქვედა პალატაში პოზიციების შენარჩუნებაც რესპუბლიკელებს ძალიან დასჭირდებათ. სავარაუდოდ, პრეზიდენტი იმედს სწორედ გრენლანდიასა თუ ვენესუელაში წარმატებაზე, ასევე სხვა სარისკო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაზე დაამყარებს და თუ ვერაფერი გაჭრის, სულ მცირე, წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები აიღებენ. ეს კი 2027 წლიდან ტრამპის ძალაუფლებას სერიოზულად შეასუსტებს.
კრიტიკული მნიშვნელობის არჩევნები გველის უნგრეთშიც, სადაც ევროპის ყველაზე სტაჟიან პრემიერ-მინისტრს ტახტიდან გადაგდებით ყოფილი მოკავშირე, პიტერ მაგიარი ემუქრება. ამ მოვლენის კულმინაცია აპრილის თვეში გველის. ამ მხრივ ყურადღების ცენტრში მოექცევა სომხეთიც, რომლის რეფორმატორ ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს უდიდესი გამოცდა ელის. ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით საინტერესოა ის, რომ პრემიერ-მინისტრი საარჩევნო კამპანიის აგებას ომის თემატიკაზე აპირებს. რუსეთის მოკავშირე სერბეთის ლიდერ ალექსანდრ ვუჩიჩსაც მოელის არჩევნები, რომელსაც წელს მრავალათასიანი საპროტესტო აქციების გამკლავება მოუწია. საინტერესო იქნება, დარჩება თუ არა ხელისუფლებაში ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოუწევს. რთული წელი ექნება ომში მყოფ კიდევ ერთ პოლიტიკოსს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის კოალიციას. დაადგება თუ არა ბიბი 1945 წლის ჩერჩილის გზას, ამას წლის ბოლომდე გავიგებთ.
მთვარის გზაზე დადგომას და მის გარშემო მისიის განხორციელებას გეგმავს 2026 წელს NASA, რომელიც Artemis II-ის გაშვებით მთვარეზე ადამიანების დაშვებისთვის მოსამზადებელ ბოლო ეტაპს გაივლის და თუ ფრენაც წარმატებით ჩაივლის, ტრამპის პრეზიდენტობისას ადამიანების ჩვენს თანამგზავრზე დაბრუნებაც რეალური გახდება. მთვარეს უმიზნებს ჩინეთიც, რომელიც შტატებთან კონკურენციის გაწევის მიზნით, წელს ჩრდილში მყოფ, ცივ სამხრეთ პოლუსზე წყლის აღმოჩენას შეეცდება. კოსმოსურ ინდუსტრიაში საკუთარი პოზიციების გამყარებაზე იზრუნებს ილონ მასკის SpaceX-იც, რომელიც ახალი წლიდან ახალი Starship-ების გამოცდას და ადამიანების მარსზე გამგზავრებას კიდევ უფრო დააჩქარებს.
SpaceX-ი კიდევ ერთი მიზეზის გამო მოექცევა ჩვენი ყურადღების ცენტრში. მასკის მიერ, 2000-იანების დასაწყისში დაფუძნებული კერძო კომპანია საფონდო ბირჟაზე დაილისტება და თუ პროცესი წარმატებული აღმოჩნდა, 2026 წელს მსოფლიოს პირველი ტრილიონერი, ილონ მასკი ეყოლება.
თვალყურს მივადევნებთ კიდევ ერთ კომპანიას, რომელიც მართალია 2027 წლამდე არ გეგმავს ბირჟაზე გასვლას, თუმცა AI ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ძალად დარჩება. სემ ოლტმენის OpenAI შეეცდება, 2025 წლის მეორე ნახევარში, Google-ის Gemini 3-თან წაგებული ორთაბრძოლის შემობრუნებას და ახალი პროდუქტების შემოთავაზებას. სიახლეებს უნდა ველოდოთ სხვა ტექ-კომპანიებისგანაც, მათ შორის Meta-სგან, რომელიც ახლებურ სათვალეებს წარგვიდგენს და Samsung-ისგან, რომელმაც წელს მსოფლიო 3-ჯერ გადაკეცვადი ტელეფონით გააკვირვა. რაც შეეხება Apple-ს, საბოლოოდ ვიხილავთ მის ხელოვნური ინტელექტის მოდელს, ოღონდ ვერ გავექცევით ფაქტს, რომ ის Google-ის Gemini-ზე იქნება დაშენებული.
2026 წელს ასევე გაეცემა პასუხი კითხვას, ვის ხელში დარჩება საბოლოოდ ამერიკული კინოინდუსტრიის გიგანტი, Warner Brothers-ი. მოახერხებს ტედ სარანდოსი კომპანიის Netflix-ისთვის შემოერთებას თუ გადავა ის მილიარდერ ლარი ელისონის შვილის ხელში. საბოლოო პასუხს ჯერ ინვესტორები, შემდეგ კი მარეგულირებელი გაგვცემენ, თუმცა თუ Warner-ი საბოლოოდ ელისონებს დარჩათ, სავარაუდოდ, ტრამპისთვის საძულველი CNN-ის გედის სიმღერასაც ვიხილავთ.
სადაც ტრამპს მდიდარი მოკავშირეების გარევა არ მოუწევს და არასასურველ ხალხს თავიდან მარტივად ჩამოიშორებს, ეს ცენტრალური ბანკი იქნება. 2026 წლის მაისში უფლებამოსილების ვადა გაუვა FED-ის მოქმედ ხელმძღვანელ ჯერომ პაუელს. ადამიანს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის სწრაფი შემსუბუქების ტრამპისეულ ხედვებს ეწინააღმდეგებოდა და, ფაქტობრივად, ქვეყანას ნიქსონისეული დაუშვებელი რისკებისაგან აზღვევდა. შეძლებს თუ არა ტრამპი ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში საბოლოოდ შეღწევას და რეფინანსირების განაკვეთების მკვეთრი შემცირების მიღწევას, ამას მაისის თვეში გავიგებთ.
და ბოლოს, ივნის-ივლისის თვეში მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მექსიკასა და კანადაზე იქნება, რადგან ჩრდილოეთ ამერიკაში მუნდიალი ჩატარდება. 48 გუნდი, 104 მატჩი, მილიარდობით მაყურებელი და 19 ივლისის გრანდიოზული ფინალი. როცა 2026 წელი დასრულდება, ზაფხულის საფეხბურთო ციებ-ცხელებას აუცილებლად გავიხსენებთ, როგორც წლის ერთ-ერთ ყველაზე სამახსოვრო მოვლენას.




























